რატომ ტყუის ზაქარია ქუცნაშვილი?! - კვირის პალიტრა

რატომ ტყუის ზაქარია ქუცნაშვილი?!

გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიას გამოხმაუება მოჰყვა:

"კვირის პალიტრის" N17 (1134)-ში ჟურნალისტ რუსუდან შელიას ავტორობით გამოქვეყნდა სტატია, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა. (იხილეთ სტატია: არჩილ ფრანგიშვილი: "ქუცნაშვილს მოშიმშილეებთან აქტიური კონსულტაციები აქვს") მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტს ობიექტურად გაშუქებული ინფორმაციისთვის.

აქვე მინდა ვისარგებლო ჩვენთვის კანონით მონიჭებული უფლებით, პასუხი გავცე დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარის მხოლოდ ერთ ნაწილს, რადგან მის მიერ გამოთქმულ სხვა მოსაზრებებს უნივერსიტეტმა მრავალგზის გასცა კანონზე დაყრდნობით პასუხი. მიუხედავად ამისა, დეპუტატი რატომღაც მაინც თავისას გაიძახის. ამონარიდი ქუცნაშვილის კომენტარიდან: "ბევრი კითხვაა უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქონების გასხვისების თაობაზედაც. მაქვს ინფორმაცია, ვის და რა ფორმით გადასცა მან უნივერსიტეტის ქონება სარგებლობაში, რასაც საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს".

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების განიავება იწყება 2005 წელს, ამ დროს უნივერსიტეტის რექტორი იყო რამაზ ხუროძე. 1. 2005 წლის 8 მაისს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის წერილობითი მიმართვის (74-01-2010/01-25) თანახმად, გამოსცა N950 ბრძანება, რომლის საფუძველზედაც, ქ. თბილისში ქეთევან წამებულის ქუჩაზე განთავსებული ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, მიმდებარე მიწის ფართებითა და სასწავლო ინვენტარით, გასცა 30-წლიანი იჯარის ხელშეკრულებით, რაც შემდგომში კერძო საკუთრების უფლებით გამოსყიდული იქნა მოიჯარის მიერ. 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 2 ივნისის N98 და იმავე წლის 14 აპრილის N313 ბრძანებებით, უნივერსიტეტს სახელმწიფოსგან პირველად გადმოეცა უძრავი ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, სადაც არ ფიქსირდება რიგი ქონება, რაც მანამდე იმყოფებოდა უნივერსიტეტის ბალანსზე, ხოლო რიგი ქონება გადმოცემულია პირველი სართულების გარეშე ( ანუ ქონება მოიპარეს). 3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 18 ოქტომბრის N1172 ბრძანებით, ფაქტობრივად, გადმოცემიდან ოთხ თვეში, უზუფრუქტით გადმოცემული ქონების ნუსხიდან, უნივერსიტეტის რექტორის წერილი N74-01-733/01-25-ის საფუძველზე, ამოღებული იქნა: მე-5 სასწავლო კორპუსი, სადაც დღეს განთავსებულია საქართველოს უნივერსიტეტი, მიმდებარე მიწის ფართობებით, კერძოდ, სპორტული ღია მოედანი, ასევე, უნიკალური შახტა-ლაბორატორია და 2 საერთო საცხოვრებელი. ხაზგასმით მინდა გითხრათ: გაასხვისეს უნიკალური შახტა-ლაბორატორია, რომელიც არის ერთადერთი სამთო-გეოლოგიური სასწავლო ადგილი!

4. 2006 წლის 3 ივნისს სახელმწიფომ ისევ უნივერსიტეტის რექტორის წერილი N74-01-156/01-25-ის საფუძველზე, ქ.თბილისის მერიას გადასცა 15-წლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულებით უნივერსიტეტის საცურაო აუზი. რაც შეეხება იმ ქონებებს, რომელიც ასევე უნივერსიტეტის იმდროინდელი ხელმძღვანელობის შუამდგომლობებით გადაცემული ჰქონდა სახელმწიფოსთვის, იჯარით იქნა გაცემული, რისი საიჯარო ქირაც არ ირიცხებოდა უნივერსიტეტის ბიუჯეტში! მთელი აღნიშნული ქონება (7 ერთეული), საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 27 მარტის N515 ბრძანებით, უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელობის (რექტორი არჩილ მოწონელიძე) პირობებში, გადმოეცა ტექნიკურ უნივერსიტეტს, რის შემდგომაც საიჯარო ქირა ირიცხება უნივერსიტეტის ბიუჯეტში. გარდა ამისა, დაბრუნებული ქონების ნაწილში, სადაც ფუნქციონირებდა "სახინკლე", უნივერსიტეტის მიერ ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი იჯარის ხელშეკრულება, აღნიშნულ ფართს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და დღეს ამ ფართზე ფუნქციონირებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრი.

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 18 აპრილი N622 ბრძანებით, უნივერსიტეტმა დაიბრუნა შახტა-ლაბორატორია, სადაც დღეს მიმდინარეობს სასწავლო და საწარმოო პროცესი! რაც შეეხება მე-9 სასწავლო კორპუსის მშენებარე ნაწილს, ის უნივერსიტეტისთვის გადმოცემული რაიმე იურიდიული აქტის საფუძველზე არასდროს ყოფილა, რადგან არ იყო დასრულებული მშენებლობა, არ არსებობდა მიღება-ჩაბარების აქტი და, შესაბამისად, არ იყო შესული ექსპლუატაციაში.

დიახ, ყველა ბრძანება შეგიძლიათ გამოითხოვოთ და შეამოწმოთ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქონებებისა, ხუროძის დროს გასხვისდა: კიკეთის მიწები, მიწები დიღომში, სასწავლო-სახელოსნოები დიღომში, საერთო საცხოვრებლები. და ეს მილიონებად შეფასებული ქონება გაიყიდა არჩილ ფრანგიშვილის რექტორად არჩევამდე დიდი ხნით ადრე.

დაბოლოს, ზაქარია ქუცნაშვილი არის დეპუტატი, რომელიც მხოლოდ ერთი მხარის ინტერესს არ უნდა იცავდეს, კარგი იქნებოდა "ხალხის რჩეულს" გამოეთქვა ასობით პროფესორ-მასწავლებელთან შეხვედრის სურვილი და თუნდაც ეს შეხვედრა ყოფილიყო მისი მხრიდან "შეხვედრა შეხვედრისთვის"! ასევე ძალიან კარგი იქნებოდა, ქუცნაშვილს თავი შეეკავებინა ყოველგვარი კომენტარისაგან. მან, როგორც იურისტმა, უნდა იცოდეს, რომ როცა წინ სასამართლო პროცესია, საჯარო პირის მხრიდან ერთი მხარის (ისიც ტყუილებით) მხარდაჭერა მიკერძოებაა და სასამართლოზე ზეწოლა!

დარეჯან მეფარიშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი