3 713 804 ვყოფილვართ - საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგი ცნობილია - კვირის პალიტრა

3 713 804 ვყოფილვართ - საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგი ცნობილია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 28 აპრილს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების პრეზენტაცია გამართა. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82% - 57 ათასი კვ/კმ. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში. მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში.

მიღებული მონაცემებით, მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით, 15%-ით ნაკლებია.

ქალაქის მოსახლეობა 2 122 623-ია, სოფლის მოსახლეობის რაოდენობა კი - 1 591 181.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 47,7%-ს მამაკაცები შეადგენენ, ხოლო 52,3 %-ს ქალები.

სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის თანახმად, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის 46,2%-ს მამაკაცები, ხოლო 53,8%-ს ქალები შეადგენენ. რაც შეეხება სასოფლო დასახლებებს, აქ მამაკაცთა რაოდენობამ მთლიან მოსახლეობაში 49,8%, ხოლო ქალების - 50,2% შეადგინა.

შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 86,8%-ს ქართველები შეადგენენ, 6,3%-ს - აზერბაიჯანელები, ხოლო 4,5%-ი სომეხი ეროვნების მოსახლეობაა. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის განაწილება 10 ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნების მიხედვით ასეთია: ქართველი - 3 224 600 ადამიანი; აზერბაიჯანელი- 233 000; სომეხი- 168 100; რუსი- 26 500; ოსი- 14 400; იეზიდი - 12 200; უკრაინელი -6000; ქისტი- 5700; ბერძენი- 5500; ასირიელი- 2400; სხვა- 14 300. უარი პასუხზე განაცხადა 600-მა ადამიანმა. ეროვნული მითითებული არ არის 500 შემთხვევაში.

2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, მოსახლოების 26,7% უმაღლესი განათლების მქონეა, პროფესიული განათლება 17,4%-ს აქვს, სრული ზოგადი განათლება (საშუალო განათლება) კი,- 36,7%-ს. აღწერის შედეგად შეგროვდა ინფორმაცია 10 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლოებაში განათლების მიღწეული დონის შესახებ. ზოგადი განათლების საბაზო საფეხური მიუთითა 8,4%-მა, ხოლო დაწყებითი საფეხური 5,7%-მა.

საქსტატის განმარტებით, განათლების დონის შესახებ მონაცემები განსხვავდება დასახლებების ტიპების მიხედვით. მაგალითად, უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის 78,0% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო 22,0% - სასოფლოში. სრული ზოგადი განათლების მქონეთა 47,2% საქალაქო დასახლებებშია, ხოლო 52,8 %- სასოფლოში.

მონაცემების თანახმად, მოსახლეობის 28,5% წარმოადგენს შიდა მიგრანტებს - პირებს, რომლებმაც შეიცვალეს მუდმივი სახოვრებელი ადგილი საქართველოს ფარგლებში. შიდა მიგრანტთა 33,6 %-ს მამაკაცები წარმოადგენენ, ხოლო 66,4%- ქალია. შიდა მიგრანტთა უმეტესობა ცხოვრობს თბილისში (33,1%), იმერეთის რეგიონში (15,1%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (9,6%).

მოსახლოების 5,0%-ს შეადგენენ იმიგრანტები - პირები, რომელთაც ოდესმე უცხოვრიათ საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს. მათ შორის, 51,9% მამაკაცია, ხოლო 48,1% - ქალი. იმიგრანტთა 51,6 პროცენტისათვის წინა საცხოვრებელ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 8,3 პროცენტისთვის საბერძნეთი, ხოლო 8,1 პროცენტი უკრაინაში ცხოვრობდა.