"ანგელოზი შვილი მომიკლეს " - ოჯახი, სადაც ერთი წლის ბავშვი გარდაიცვალა, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს - კვირის პალიტრა

"ანგელოზი შვილი მომიკლეს " - ოჯახი, სადაც ერთი წლის ბავშვი გარდაიცვალა, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

"უფროსი გოგონა 11 წლის არის, ისე გაიზარდა, ნორმალური სათამაშო არ ღირსებია..."

აღდგომა მოდის, ადამიანის გული ამ დროს სიხარულით ივსება, მაგრამ ყვარლელი ნაცვლიშვილების ოჯახი დღესასწაულს დიდი ტკივილით ხვდება, - მათი ნაბოლარა ერთი წლის ნიკოლოზის გარდაცვალებიდან ჯერ 40 დღეც არ გასულა. პატარა ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდარში მშობლები ყვარელის საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ და როგორც გვითხრეს, უკვე პროკურატურასაც მიმართეს. ყვარლის საავადმყოფოში ხუთდღიანი ყოფნის შემდეგ, ბავშვის მდგომარეობა ისე გართულდა, რომ თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო, მაგრამ დაგვიანებული აღმოჩნდა. პატარას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ნაცვლიშვილებს კდევ 4 შვილი ჰყვათ. ოჯახი სიღატაკეში ცხოვრებს, პატარებს ცხოვრების ელემენტარული პირობები არ აქვთ.

გიორგი ნაცვლიშვილი, გარდაცვლილი ნიკოლოზის მამა:

- ჩემი გაჭირვებაზე ლაპარაკი საიდან დავიწყო, აღარ ვიცი, ცხოვრებამ დიდად არ გამიმართლა, სულ გაჭირვებაში და უბედურებაში ვარ ჩემი შვილებიანად. სამადლოდ მოცემულ ფიცრულებში ვცხოვრობ, საკუთარი ჭერი არასოდეს მღირსებია. სახლი მამა რომ მომიკვდა, ბიძამ წამართვა; მაგრამ შვილის სიკვდილმა საბოლოოდ გამტეხა, - ერთი წლის ანგელოზი შვილი მომიკვდა, დანარჩენი ოთხი შვილი გაჭირვებაში მყავს. მათ რომ შევყურებ, გული უფრო მიკვდება, - უფროსი გოგონა 11 წლის არის, ისე გაიზარდა, ნორმალური სათამაშო არ ღირსებია...

- ბავშვი რა მიზეზით გარდაგეცვალათ, როგორც ცნობილია, ექიმებს დაუპირისპირდით და პროკურატურასაც მიმართეთ...

- დავუპირისპირდებოდი, აბა რა იქნებოდა, ანგელოზი შვილი მომიკლეს. ბავშვი სიცხიანი მივიყვანე ყვარლის საავადმყოფოში და ამ ხუთი დღის განმავლობაში სისხლის ანალიზიც კი არ აუღიათ. გაიძახოდნენ, გრიპი აქვსო და სიცხის დამწევ ნემსებს უკეთებდნენ. სიცხის დამწევი სიცხეს დაუწევდა, აბა, რას იზამდა, მაგრამ ისე დაასუსტა, ბავშვი ძილად იყო გადაქცეული. ჩემი ცოლი ექიმს ეუბნებოდა, - ბავშვი ასე არ ყოფილა, სულ რატომ სძინავსო, - ის კი პასუხობდა,  - ამ ასაკის ბავშვის ძილი რატომ გიკვირსო... სახლში რომ მოვიყვანეთ, ბავშვს ფეხები დაუსივდა და უკანვე მივაბრუნეთ სავადმყოფოში. მოვითხოვე, რომ თბილისიდან სასწრაფოს მანქანა გამოეძახებინათ და ბავშვი თბილისში წაეყვანათ. არ იძახებდნენ, - არაფერი სჭირსო. ბოლოს როგორღაც წავიყვანეთ, თბილისში ექიმებმა ბავშვს რომ დახედეს, - ატირდნენ, პატარას, სავარაუდოდ, ლეიშმანიოზი სჭირდა, მაგრამ უკვე ძალიან მძიმედ არის, სისხლსაც ვეღარ ავუღებთო... ასე მომიმიკვდა შვილი.

ყვარლის საავადმყოფოში ჩემი შვილისთვის სისხლის ანალიზი რომ მაინც გაეკეთებინათ, რაღაცას ხომ მაინც იეჭვებდნენ.. ახლა დანარჩენი შვილების დარდიც მაქვს, - სოციალური დახმარებით ვცხოვრობთ და ამ ფულის ნახევარი წინასწარ მაქვს გამოტანილი, - ვალები მქონდა. ამ დახმარების მხოლოდ ნახევარს ვიღებთ...

- და ეს როგორ ჰყოფნის ოთხშვილიან ოჯახს?

- ვერ ჰყოფნის.. ვერ გამოვდექი ისეთი მამა, რომ შვილები გაჭირვებაში არ მყოლოდა, - არაფერ სამუშაოს არ ვუკადრისობ, მაგრამ ვიდრე ერთი დღიური სამუშაოს შემდეგ, მეორე დღიურ სამუშაოს ვიშოვნიდე, სახლში პურის ნამცეციც აღარ გვრჩება.

მითხრა გიორგი ნაცვლიშვილმა და ჩვენი მძიმე ცხოვრება კიდევ ერთხელ დამანახვა რეალურად, - ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალურ დახმარების იმედზე დატოვება არ შეიძლება; ახლა ნაცვლიშვილების ერთადერთი იმედი, ის დახმარებაა, რასაც მათ გულმოწყალე ადამიანები შესწირავენ... წინ აღდგომაა, ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერით შეგვიძლია შეჭირვებულ ოჯახს ოდნავ მაინც გავულამაზოთ დიდი საუფლო დღესასწაული

ვისაც ნაცვლიშვილების დახმარების სურვილი გაუჩნდება, ვაქვეყნებთ გიორგი ნაცვლიშვილის პირად ნომერს: 45001031134 და საკონტაქტო ნომერს: 568670280

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისტვის)