"მთავარია, საკუთარ თავთან გაიმარჯვო" - ცხოვრება ქვედა კიდურების გარეშე - კვირის პალიტრა

"მთავარია, საკუთარ თავთან გაიმარჯვო" - ცხოვრება ქვედა კიდურების გარეშე

"არ უნდა ვიყოთ შურიანები, ბოღმიანები - ეს დიდი ნაკლია, ვეძებოთ ადამიანებში სიკეთე და არ გავამახვილოთ ყურადღება მათ ნაკლოვანებებზე... ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ დაისახონ მიზანი და ცხოვრების ყოველი წუთი მიზნის მიღწევისთვის ზრუნვაში გაატარონ, დააფასონ ის, რაც აქვთ", - ამ სიტყვების ავტორი 24 წლის ძალიან ძლიერი და ბევრისთვის სამაგალითო ადამიანი თემო დადიანი გახლავთ.

ვინც ჯერ კიდევ არ იცნობთ მას, გეტყვით, რომ თემო ის ახალგაზრდა გახლავთ, რომელმაც 19 წლის ასაკში სამხედრო სამსახური თავისი სურვილით დაიწყო, წავიდა ავღანეთში, ხელნაკეთ ბომბზე აფეთქდა, დაკარგა ორივე კიდური, მაგრამ დღეს ახერხებს, იყოს გამორჩეულად წარმატებული, აქტიური და ყოველთვის ამტკიცებს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. გასულ ორშაბათს, თემომ კიდევ ახალი გამოწვევა მიიღო და არ შეუშინდა: "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იცეკვა. მისმა ამ ნაბიჯმა გულგრილი ვერავინ დატოვა. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, თქვენთვის კიდევ უფრო ახლოს გაგვეცნო ქართველი გმირი.

- თემო, სამხედრო ცხოვრებით როდის დაინტერესდით?

- რაც აზროვნება დავიწყე, მას შემდეგ სამხედრო ცხოვრებით ვარ დაინტერესებული, 2010 წელს სკოლის დამთვრების შემდეგ, მშობლების თხოვნით ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და მოვხვდი თბილისის ღია უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე. დავიწყე სწავლა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე, სხვა ინტერესები და სხვა მოთხოვნილებები მქონდა, მოკლედ რომ ვთქვა, იქ არ იყო ჩემი ადგილი. ამიტომ გამოვიტანე საბუთები უნივერსიტეტიდან და წავედი საკონტრაქტო სამსახურში მესამე ქვეით ბრიგადაში. მას შემდეგ დღემდე ვარ შეიარაღებულ ძალებში. ჩემი ამ გადაწყვეტილების შესახებ მშობლებმა არ იცოდნენ, ყველაფერი რომ მოვაგვარე, მერე ჩავაყენე საქმის კურსში. ეს ფაქტი მათთვის არასასიამოვნო იყო, მაგრამ გაგებით მოეკიდნენ ჩემს ამ ნაბიჯს.

მსჰობლები

- ავღანეთში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- იმიტომ, რომ მინდოდა ცოდნა გამეღრმავებინა, შემეძინა გამოცდილება და ის, რაც ზედაპირულად ვიცოდი, რეალურად გამომეცადა. ამასთან, ვაცნობიერებდი იმას, რომ ესაა უდიდესი ნაბიჯი ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე და მინდოდა, ამ მისიაში ჩემი წვლილი შემეტანა. ჩემმა ოჯახმა გამგზავრების შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც კონტრაქტს მოვაწერე ხელი. არ ვუთხარი, რომ ცხელ ხაზზე მივდიოდი, იცოდნენ, რომ შედარებით უსაფრთო, უკანა ხაზზე მომიწევდა ბრძოლა. ჩასვლიდან მეოთხე თვეს, 3 აგვისტოს, დილის საათებში გავედით ოპერაციაზე. ერთ-ერთი სახლის შემოწმების დროს ხელნაკეთ ნაღმზე ავფეთქდი. იქიდან გადამიყვანეს გერმანიაში, სადაც ჩამიტარდა ოპერაციები, მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ ჩამოვედი საქართველოში, დაახლოებით 6 თვე სოფელში ვიყავი, აბაშიდან გახლავართ. იმ პერიოდშიც კი ვცდილობდი, არ მოვდუნებულიყავი, ვაკეთებდი აზიდვებს, ვვარჯიშობდი, ფიზიკურად ვემზადებოდი იმისთვის, რომ შემდეგ პროთეზებს ადვილად შევგუებოდი. 6 თვის შემდეგ თავდაცვის სამინისტორმ გამაგზავნა ამერიკაში, კალიფორნიაში, სადაც ახალი ცხოვრება დავიწყე.

გაგრძელება