ამბები.GE პირველია! - კვირის პალიტრა

ამბები.GE პირველია!

ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ AMBEBI.GE-მ Facebook-ს მთელი 5%-ით გაუსწრო. ხშირად ვხუმრობთ, მარკ ცუკერბერგს ვაჯობეთო

IRI-მ 2016 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად AMBEBI.GE-ს სტუმრობენ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 20% ინფორმაციას ინტერნეტში AMBEBI.GE-ს საშუალებით იღებს. მეორე ადგილს ქართველ გამოკითხულ რესპონდენტებში Facebook-ი იკავებს.

"კვირის პალიტრა" ულოცავს AMBEBI.GE-ს ამ წარმატებას და გთავაზობთ ინტერვიუს მის მთავარ რედაქტორ ეთო ფურცხვანიძესთან.

- ორი წელია IRI-ს რეიტინგში AMBEBI.GE პირველ პოზიციაზეა. წელს სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა და მათმა 20%-მა თქვა, რომ AMBEBI.GE მისი მთავარი ინფორმაციის წყაროა. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმით, რომ 20% ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ამ რეიტინგში, არამედ იმითაც, რომ Facebook-ს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინფორმაციის წყაროა მთელ მსოფლიოში, საქართველოში AMBEBI.GE-მ გაუსწრო და თანაც მთელი 5%-ით. მარკ ცუკერბერგს ვაჯობეთო, ვხუმრობთ ხშირად. საქართველოში Facebook-ს AMBEBI.GE-მ აჯობა. მთელი გუნდი დიდ სიხარულსა და ემოციას განვიცდით, ეს სიხარული მთელმა "პალიტრამედიამ" გაიზიარა. ამავე დროს ვაცნობიერებთ, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს, რადგან ადამიანებს, რომლებიც დილაობით ხსნიან AMBEBI.GE-ს, ოპერატიულად უნდა მივაწოდოთ ობიექტური, საინტერესო და ექსკლუზიური ინფორმაცია.

დაახლოებით 120 ათასამდე კაცი კითხულობს ყოველდღიურად AMBEBI.GE-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც ინტერნეტში შემოდის, ეცნობა ინფორმაციას ჩვენს საიტზე. IRI-ს გამოკითხვის რეიტინგში ყველა კონკურენტ საინფორმაციო პორტალს გავუსწარით დიდი პროცენტით. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი მომხმარებლისთვის მართლაც მთავარი ინფორმაციის წყარო ვართ AMBEBI.GE.

წინა წელსაც ანალოგიური პროცენტული მაჩვენებლით ვლიდერობდით IRI-ს გამოკითხვის შედეგებში. წელს წინა წლის რეკორდი გავიმეორეთ.

ნდობა, რომელსაც ყოველთვიურად და ყოველწლიურად გვიცხადებს ჩვენი მკითხველი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თვიდან თვემდე სულ უფრო მეტი ადამიანი კითხულობს AMBEBI.GE-ს. წლიდან-წლამდე იზრდება AMBEBI.GE-ს, როგორც ბრენდის ცნობადობა, რაც ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი ინტერესდება ჩვენი მასალებით საზოგადოების, პოლიტიკის, კულტურის, შოუბიზნესის სფეროდან, ბევრს აინტერესებს ახალი ამბები, რომლებიც ჩვენთან იწერება, ისტორიული ფაქტები, რომელთაც ვიხსენებთ, ადამიანები, რომლებთანაც ინტერვიუებს ვწერთ.

ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, რომ გუნდი, რომელიც ქმნის AMBEBI.GE- ს, გააკეთებს თავის საქმეს კიდევ უფრო კარგად, რათა შეინარჩუნოს ლიდერობა და ის ნდობა, რომელიც გამოგვიცხადა ქართველმა ინტერნეტმომხმარებელმა.

ეკა სალაღაია