"ეროვნული სამოსის დღე" - ახალი დღესასწაული - კვირის პალიტრა

"ეროვნული სამოსის დღე" - ახალი დღესასწაული

"ეს დღე უნდა გახდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის სავიზიტო ბარათი"

"წელს გვინდა, მეცხრამეტე საუკუნე გავაცოცხლოთ. სწორედ ამ საუკუნეში დაიწყო ევროპასთან ინტეგრაცია საქართველომ და ეს ეპოქაა დასტური იმისა, რომ ეროვნულობა ხელს არ უშლის ევროპულობას და პირიქით"

18 მაისს საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. ჩატარდება ფესტივალი, როგორც რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩოხოსნები და ტალავარიანები, ჩიხტიკოპებიანი და ხაბარდიანები პირველად გამოეფინენ თბილისის ქუჩებში...

ღონისძიების ორგანიზატორებს სურთ, ეროვნული სამოსის დღე ტრადიციულ დღესასწაულად იქცეს და ყოველი წლის 18 მაისს ოფიციალურად აღინიშნოს. პარლამენტში საკითხის განსახილველად ხელმოწერები გროვდება. ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ეროვნული სამოსის დღე არა მარტო საქართველოს ყველა ქალაქში, არამედ მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანაში აღინიშნება, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ.

ირაკლი ქოქოსაძე, "შავფაროსანი", პროექტის ერთ-ერთი ავტორი: - 2013 წელს გაჩნდა იდეა, ჩაგვეტარებინა ქართული სამოსის და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი. ჩავატარეთ კიდეც. ამის შემდეგ გავიცანით ძალიან საინტერესო ადამიანი დავით გოგლიჩიძე, რომელმაც გამოთქვა სურვილი, ეროვნული სამოსის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. შეიკრიბა საინიციატივო ჯგუფი და იდეის განხორციელებას ერთად ვცდილობთ.

- 18 მაისს რას აპირებთ, ჩვეულებრივ კოსტიუმირებულ მსვლელობას მოაწყობთ?

- ამ საკითხს ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად გადავწყვეტთ. ძალიან გვინდა, 18 მაისს რესპუბლიკის მოედანზე გავაცოცხლოთ მეცხრამეტე საუკუნის თბილისი, თავისი ბაზრით, ქუჩით, სამჭედლოებით, ყარაჩოხელებით, კინტოებით და ა.შ. ეს იქნება თეატრალიზებული სანახაობა, რომელშიც ტურისტებიც ჩაერთვებიან და დროშიც იმოგზაურებენ. თუ საჭირო თანხა ვერ შევაგროვეთ, გვაქვს ალტერნატიული გეგმა - "შავფაროსნები", "ჩვენებურები" და სხვა ენთუზიასტები ჩვენივე ხარჯით გავმართავთ წარმოდგენას და ხმამაღლა ვიტყვით, რატომ გვინდა, ეს დღე სახელმწიფომ აღნიშნოს.

- 18 მაისი რატომ შეარჩიეთ?

- 18-დან 26 მაისამდე, დამოუკიდებლობის დღემდე, ერთი კვირაა და რაც მთავარია, ეს მუზეუმების მსოფლიო დღეა.

დავით გოგლიჩიძე, პროექტის იდეის ავტორი: - ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას ხშირად ვხვდებოდი ეროვნული სამოსის დღესასწაულებზე. ეს არის ულამაზესი სანახაობა. ჩვენთან ბევრს აქვს ეროვნული სამოსი, ზოგს - წინაპრების ნაქონი, ზოგს - ახალნაყიდი, იარაღიც აქვთ, მაგრამ ეროვნული სიმდიდრის გამოფენის დღე რომ არ გვაქვს, არავის გამოაქვს თავისი მემკვიდრეობა სხვებისთვის საჩვენებლად. გვინდა, სამოსმაც და უძველესმა ნივთებმაც მუზეუმის ექსპონატების ფუნქცია მოიშოროს და გაცოცხლდეს.

გამოფენები გაიმართება სხვადასხვა რეგიონშიც, წარმოაჩენენ კუთხის წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს, სამზარეულოს, ფოლკლორს. პროექტის უმთავრესი მიზანია, მეტი ვიცოდეთ ოკუპირებული ტერიტორიების კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

დათა გვასალია, სტუდენტი, პროექტის კოორდინატორი: - ეს მხოლოდ ქართული სამოსის დღე არ იქნება. ზეიმში მონაწილეობას მიიღებს ის ეთნიკური საზოგადოებაც, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და ქმნის ქართულ ისტორიას. ეს დღე უნდა გახდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის სავიზიტო ბარათი. მსოფლიოს თავი ჩვენი უმდიდრესი კულტურით უნდა გავაცნოთ. თანამედროვეობასა და წარსულს შორის ახალი ჯაჭვი გავაბათ, რომ უძველესი კულტურა სამუზეუმო ექსპონატებად არ დაგვრჩეს. წელს გვინდა, მეცხრამეტე საუკუნე გავაცოცხლოთ. ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ საუკუნეში დაიწყო ევროპასთან ინტეგრაცია საქართველომ და ეს ეპოქაა დასტური იმისა, რომ ეროვნულობა ხელს არ უშლის ევროპულობას და პირიქით.

18 მაისს, მუზეუმების დღეს, მსოფლიოში მხოლოდ ჩვენთან გაიხსნება ცოცხალი მუზეუმი, ხალხს შეეძლება, კულტურის ნიმუშები ვიტრინის მიღმა კი არ ათვალიეროს, არამედ მათ შორის იტრიალოს და თვითონაც გახდეს ისტორიის გაცოცხლების თანამონაწილე.

"კულტურა ყველაზე ძლიერი იარაღია"

"ეროვნული სამოსის დღის ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადების მოსურნენი ამბობენ, რომ დღეისათვის ქართული სამოსის აღდგენას სხვადასხვა ორგანიზაცია ცდილობს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ "სამოსელ პირველსა" და "ეროვნული სამოსის სახლს". ქართულ სამოსს კერძო სახელოსნოებიც კერავენ...

ლუარსაბ ტოგონიძე, "სამოსელი პირველის" დამფუძნებელი: - რატომ უნდა დადგინდეს ეროვნული სამოსის დღე? იმიტომ, რომ სამოსმა ბევრს უნდა შეახსენოს თავისი ვინაობა. სამოსი არ არის მხოლოდ სიშიშვლის დასაფარი საშუალება, მას დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს. ეროვნული სამოსის შექმნისა და განვითარებისთვის აუცილებელია მეცნიერებთან ერთად მუშაობა, რათა ზუსტად განსაზღვრო ქართული და კავკასიური შტრიხები. ამის გარეშე შეცდომებს და უგემოვნობას ვერ ავცდებით. მიმაჩნია, რომ "ეროვნული სამოსის დღის" შემოღება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა კავკასიელისთვის მნიშვნელოვანია. საქართველო მუდამ იყო კავკასიის კულტურული ცენტრი. ეს ფუნქცია რუსეთის იმპერიამ წაგვართვა და ყველაფერი გააკეთა ჩვენი თვითმყოფადობის გასაქრობად. მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ კავკასიელთა კულტურა და რაღა თქმა უნდა, უპირველესად - აფხაზების. ჩვენ ვმღერით აფხაზურ სიმღერებს, მათ კი აიძულებენ, ენა დაივიწყონ. კულტურა ყველაზე ძლიერი იარაღია, ამიტომ ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ ერების, ეთნიკური ჯგუფების დასაკავშირებლად და ჩვენ გარშემო გასაერთიანებლად.