"ასე გავხდი"ბეთხოვენა" - როგორ მოხვდა "ღიმილის ბიჭებში" ფილმის რეჟისორის ვაჟი? - კვირის პალიტრა

"ასე გავხდი"ბეთხოვენა" - როგორ მოხვდა "ღიმილის ბიჭებში" ფილმის რეჟისორის ვაჟი?

"ზურა ყიფშიძეც ჩემსავით უცნაურობებით გამოირჩეოდა, ჯგუფში ჩვეულებრივად არ შემოვიდოდა, აუცილებლად მერხებზე უნდა გადაევლო და ისე დამჯდარიყო"

ბიძინა ჩხეიძესთან შეხვედრის პირველ წუთებში ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს "ბეთხოვენას" ვესაუბრებოდი, ფილმიდან "ღიმილის ბიჭები". ვუთხარი კიდეც ეს და მიპასუხა: ასეთი გრძნობა, ალბათ, იმიტომ დაგეუფლათ, რომ მე დიდი გარდასახვის მსახიობი არ ვარ, ყოველთვის შინაგან ბუნებას ვუგდებ ყურსო. დღეს ბიძინა ჩხეიძე 64 წლისაა, ბეთხოვენა კი 16 წლის ასაკში განასახიერა.

- მარჯანიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდით. კარი სულ ღია გვქონდა, მეზობლები შევდი-გავდიოდით ერთმანეთთან. უფროსები ლოტოს სათამაშოდ რომ მიუსხდებოდნენ მაგიდას, მე სამთვლიანი ველოსიპედით ვუვლიდი გარშემო. ძალიან ცელქი ვიყავი, ერთხელ ნავთქურაზე ადუღებული ჩაიდანი იდგა, ვიფიქრე, დედას მივუტან-მეთქი, გადავიკიდე ველოსიპედზე, გადატრიალდა და ფეხები დამეფუფქა. წინდები რომ გამხადეს, კანიც აჰყვა. ხატვა 3-4 წლიდან დავიწყე, ახლაც ვხატავ. საკვირველი ის იყო, ადამიანებს ყოველთვის ბოლს ვახატავდი თავზე. მეგონა, როცა ფიქრობენ, გონებაში სცხელათ და ბოლიც ამიტომ ამოსდით-მეთქი. ამით იმის თქმა მინდა, რომ თავიდანვე ცოტა განსხვავებული ვიყავი.

პირველ ყოჩად ვითვლებოდი კლასში. იყო საგნები, რომელთაც კარგად ვსწავლობდი, და საგნები, რომელთაც პრინციპულად არ ვსწავლობდი, მაგალითად, ზუსტ მეცნიერებებს. ვიცოდი, რომ გავიზრდებოდი, რეჟისორი, მსახიობი ან მხატვარი გამოვიდოდი.

თავდაპირველად, თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, ლილი იოსელიანის ჯგუფში. მას უყვარდა მასალის ნელი და საფუძვლიანი გამეორება. მე ყოველთვის მეჩქარებოდა, თან მეჩვენებოდა, რომ რასაც გვასწავლიდა, მე უკვე გავლილი მქონდა... გადავწყვიტე, მოსკოვში, კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გამეგრძელებინა სწავლა კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. მამაჩემის ფილმში - "ღიმილის ბიჭები", უკვე შესრულებული მქონდა ბეთხოვენა.

მოსკოვშივე დავიწყე პირველ ფილმზე მუშაობა. გადაღებისთვის 2 პატარა გველი, რუსი ბიჭი, ქალი და ბურთი მჭირდებოდა. გამიჭირდა გველის შოვნა. როგორც იქნა, ანკარები მოვიყვანე, თავს ვევლებოდი. ბოლოს ისე მივიჩვიე, სულ თან დამყავდა ჯიბით. გადაღება რომ დასრულდა, ქუჩაში გავუშვი. იმ ფილმს "კარუსელი" ერქვა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაინახეს ჩემი რეჟისორული მონაცემები...

ერთი კადრი, რომელიც ძალიან მომწონდა, ჩემმა უცხოელმა ოპერატორმა თვითნებურად ამოჭრა. ამით აღშფოთებულმა თავში მუშტი ვუთავაზე.

ამის გამო ინსტიტუტში კომკავშირული სასამართლოები მომიწყვეს, მაგრამ საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ის გამქრალი კადრი აუცილებელი იყო ფილმისთვის და აღმიდგინეს. ამ ამბავმა ინსტიტუტში პოპულარული გამხადა. ასეთი ორნი ვიყავით ვგიკში - მე და ზურა ყიფშიძე. ზურაც ჩემსავით უცნაურობებით გამოირჩეოდა, მაგალითად, ჯგუფში ჩვეულებრივად არ შემოვიდოდა, აუცილებლად მერხებზე უნდა გადაევლო და ისე დამჯდარიყო. თუ რამეს გამოგვიგზავნიდნენ, ყველა უნდა დაეპატიჟა და ერთ დღეში გაენადგურებინა თანხიან-ნუგბარიანად.

- მამა რას ამბობდა, როდესაც თქვენს ნამუშევრებს ეცნობოდა?

- სადადგმო პროექტის დაცვაზე მოწინააღმდეგე აკრიტიკებდა შენს ნამუშევარს, შენ კი უნდა დაგეცვა. ამ დროს მამაჩემი ყოველთვის გადიოდა (მაშინ კინოსტუდიის დირექტორი იყო). რომ ჩარეულიყო, ალბათ, ბევრ სისულელეს ავიცილებდი თავიდან. 10 ფილმი მაქვს გადაღებული. მგონია, რომ ყველას თავიდან უკეთესად გადავიღებდი... მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, სულ ვცდილობდი, ფილმი გადამეღო, მაგრამ სცენარი არავინ დამიფინანსა. ბოლოს მეგობრების დახმარებით გადავიღე. "თეთრი წერტილი" მალე კინოეკრანებზე გამოვა...

3 შვილი მყავს. მათაც თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრეს და იგივე გასაჭირი აქვთ, რაც მე. რაც შეეხება მეუღლეებს, იყო განშორებები, ბევრი ტკივილი... ახლა 7-8 წელია ახალი ცოლი მყავს. ვდარდობ, რომ შვილები სხვაგან ცხოვრობენ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს.

როგორ მოვხვდი "ღიმილის ბიჭებში"

მამა (რეზო ჩხეიძე) "ღიმილის ბიჭებისთვის" მთელ საქართველოში დადიოდა და ეძებდა პერსონაჟებს. ერთხელ მახსოვს, რაღაცას ვაკეთებდი, მან კი მთხოვა, ნათურა გამოცვალეო. სხვა საქმეში გართულმა, მექანიკურად გამოვიტანე კიბე და ნათურა გამოვცვალე. მამას მოეწონა. აბა, გაიმეორე იგივეო, გავიმეორე. მაშინ თქვა, რომ ადვილად შემეძლო, მეთამაშა. ჩვენთან ხშირად დადიოდა მამას მეგობარი, მწერალი, სცენარისტი სულიკო ჟღენტი. მან მიმამსგავსა ერთ-ერთ პერსონაჟს, გამოცხადებული ბეთხოვენააო. ასე გავხდი ბეთხოვენა.

ეკა სალაღაია