"არ ვამართლებ ბიჭების საქციელს, თუმცა მათ არ გაუსვრიათ"! - ტრაგიკული და თავისუფლებას მოწყურებული გეგა კობახიძის თავგადასავალი - კვირის პალიტრა

"არ ვამართლებ ბიჭების საქციელს, თუმცა მათ არ გაუსვრიათ"! - ტრაგიკული და თავისუფლებას მოწყურებული გეგა კობახიძის თავგადასავალი

"კვირის პალიტრის" არქივი

"სამწუხაროდ, "წასვლის" წინ გეგამ ეს სცენარები, თავისი მოთხრობები, ლექსები, ჩანაწერები სრულიად გაანადგურა, მხოლოდ ნახატები დამრჩა"

ამბობენ, თენგიზ აბულაძის "მონანიების" გადაღებისას მუდამ მხიარული, ხუმარა გეგა კობახიძე ძალიან გამოიცვალა და გულჩათხრობილი გახდაო. მაშინ ის 20-21 წლის იყო, "მონანიება" კი მისთვის უკანასკნელი და დაუსრულებელი ფილმი აღმოჩნდა. 1983 წლის 18 ნოემბრისთვის, ანუ ე. წ. თვითმფრინავის ბიჭების "გაფრენის" დღემდე, ფილმის დიდი ნაწილი გადაღებული იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ფირები გაუნადგურებიათ. კინოარქივის ერთ-ერთ თანამშრომელს მხოლოდ ერთი ეპიზოდის ამსახველი ფირი გადაუმალავს და მოგვიანებით მის ქალიშვილს გეგას დედისთვის გადაუცია. ამიტომ ვერასოდეს შევაფასებთ გეგასეულ თორნიკე არავიძეს, მაგრამ გეგა თვითონ გაგვეცნო თორნიკესავით - ტრაგიკული და თავისუფლებას მოწყურებული.

კინორეჟისორ მიხეილ კობახიძისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ვაჟს კინოში მოხვედრა არ გაუჭირდებოდა, თუმცა ძალიან ცოტას თუ შეუძლია, ბავშვობაში შესრულებული 9 როლით შემოქმედის სახელი დატოვოს. ასე მგონია, გეგა ამას მხოლოდ ლაზარეს როლითაც შეძლებდა... 33-ე წელი გადის "თვითმფრინავის ბიჭების" ამბიდან. ცხოვრება კი გრძელდება გეგას გარეშე და... გეგასთან ერთად. უკვე მერამდენედ ვსტუმრობ ქალბატონ ნათელა მაჭავარიანს, გეგას დედას და ყელში ბურთივით გაჩხერილი ცრემლებით მერამდენედ "ვფურცლავ" ყველასგან გამორჩეული ლამაზი, მეოცნებე თბილისელი ბიჭის თავგადასავალს.

ნათელა მაჭავარიანი:

გეგა მშობლებთან ერთად - 5-6 წლის იქნებოდა, როდესაც შინ თეატრის მაგვარი რამ მოაწყო და რატომღაც სერგო ზაქარიაძის სახელობის თეატრი უწოდა. საკუთარ "თეატრში" დრამატურგიც თვითონ იყო და რეჟისორიც, მსახიობად კი მეზობლად მცხოვრები პატარა გოგონა - ანუკა "მოიწვია". დაახლოებით, 7 წლის ასაკში მამამისმა გეგა კინოსტუდიაში წაიყვანა. იქ ნახა ქალბატონმა ნანა მჭედლიძემ, რომელიც იმხანად ნოველებისგან შემდგარ ფილმს - "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდებას" იღებდა და მოეწონა. ეს გახლდათ გეგას პირველი ფილმი და ვფიქრობ, დებიუტი ნამდვილად გამოუვიდა.

პატარა გეგა

პირველი ფილმის შემდეგ დრო გავიდა, გეგაც წამოიზარდა. დაახლოებით 10 წლის იყო, ტელევიზიასთან რეჟისორი ქართლოს ხოტივარი რომ შეგვხვდა და გაოცდა: როგორ გაზრდილა გეგა. ახლა "ლაზარეს" გადაღებას ვიწყებ, სწორედ მისი ასაკის ბიჭი მჭირდება, ბევრი მოვსინჯე, ერთი დავამტკიცე კიდეც, მაგრამ მაინც მინდა, გეგა მოვსინჯო და ეგებ მომიყვანოო. მივუყვანე, მოსინჯა უსიტყვოდ დაამტკიცა როლზე.

კადრი ფილმიდან" "ლაზარე"

ახლაც მიკვირს, ეს პატარა ბიჭი რა პროფესიონალივით იქცეოდა გადაღებაზე. მართლაც ღირსეულ პარტნიორობას უწევდა პროფესიონალ მსახიობებს. ჯემალ ღაღანიძე იხსენებს ხოლმე: ცემის ეპიზოდში ვერ ვიმეტებდი დასარტყმელად და თვითონ მამშვიდებდა: არა უშავს, ბიძია ჯემალ, მაგრად დამარტყით, ჯობია, ერთხელ მცემოთ, თორემ მაინც თავიდან გადაგვაღებინებენო.

ფილმის ოპერატორი ირაკლი ონოფრიშვილი ჰყვებოდა: სოფლის ეკლესიაში ლაზარესა და ბრმის ეპიზოდს ვიღებდით, ლაზარე მოპარულ ყურძენს რომ ჭამს. ბრმა ეკითხება: ყურძენი საიდან გაქვს, მოიპარე, არაო? თან თავში წამოარტყამს. გადაღებისას გეგა წაბორძიკდა, მუხლი ქვას დაარტყა და ისე ეტკინა, ატირდა. ქართლოსმა გადაღება შეაწყვეტინა, მაგრამ გეგა ისე ბუნებრივად ტიროდა... ისე ტიროდა, როგორც ამ ეპიზოდს სჭირდებოდა, ამიტომ არ გავჩერებულვარ და გადავიღე. და საერთოდაც, ფილმში ყველა ეპიზოდი რომ ასეთი ბუნებრივია, გეგას დიდი დამსახურებაცააო...

ფილმის ნაწილი გადაღებული იყო, ქართლოსი რომ დაიღუპა. გეგამ ძალიან განიცადა მისი სიკვდილი. მერე ფილმი მისმა ძმამ - რეჟისორმა ბუბა ხოტივარმა დაასრულა. იცით, რას ამბობდა ბუბა? - გეგა კეთილი და ჭკვიანი იყო, სულში რაღაც ფარული საიდუმლოს მქონე და ლაზარესაც ამ თვისებებით ავსებდაო. თვითონ სთავაზობდა ხოლმე რეჟისორს: ბუბა ბიძია, ასე ხომ არ გავაკეთოო? 13-14 წლის გეგა უკვე სცენარებს წერდა და მიზანსცენებსაც კი აკეთებდა. მამამისიც გაოცებული იყო, - ბევრმა ინსტიტუტდამთავრებულმა არ იცის მონტაჟი და კიდევ ბევრი რამ და ამას როგორ გამოსდის ყველაფერიო?! სამწუხაროდ, "წასვლის" წინ გეგამ ეს სცენარები, თავისი მოთხრობები, ლექსები, ჩანაწერები სრულიად გაანადგურა, მხოლოდ ნახატები დამრჩა. ხატვამ მოგვიანებით გაიტაცა, პირველი ნახატი კი ახალციხეში დახატა... გეგა ნიჭიერი გახლდათ და ახლა ცოცხალი რომ იყოს, ამას ალბათ არც ვიტყოდი, მაგრამ... არასდროს მომწონდა, მშობლები შვილებს რომ აქებდნენ, ამიტომ არც გეგას ქება მიყვარდა და ხშირად მსაყვედურობდა ამის გამო. არადა, მართლაც რა არის ცუდი, თუკი ნიჭიერ ადამიანს - შვილიც რომ იყოს, შეაქებ? საოცრად პლასტიკური და მუსიკალური იყო, მოჭარბებულად ჰქონდა იუმორის გრძნობა...

გეგა მეუღლესთან, თინიკო ფეტვიაშვილთან

- ლანა ღოღობერიძის "აურზაური სალხინეთში" გამახსენდა. ამ ფილმში განსაკუთრებით ჩანს გეგას პლასტიკურობა და მუსიკალურობა.

- იცით, რომ ცეკვაზე არასდროს უვლია? ამ ბიჭს ყველანაირი მონაცემი ჰქონდა, დიდ მსახიობად რომ ჩამოყალიბებულიყო. მე ასე მგონია, ყოველ შემთხვევაში. სკოლა რომ დაამთავრა, თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე გადაწყვიტა ჩაბარება. ამბობდა, მსახიობობა არ მინდაო. გავიდა გამოცდებზე და... არ მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრები მამამისის ახლობლები იყვნენ. ძალიან დამწყდა გული, გავოცდი კიდეც, რადგან ინსტიტუტში ისეთი ხალხი მოხვდა, იანვარშივე რომ გარიცხეს - ვეღარ ისწავლეს... მახსოვს, სიაში თავისი გვარი რომ ვერ წაიკითხა, თვალები საშინელი გაუხდა. ახლა ვფიქრობ, რომ მისი პროტესტი სწორედ მაშინ დაიწყო... ცოტა ხნით ჩემთან, თეატრში წავიყვანე. ერთად ვთამაშობდით "კარლსონში". შესანიშნავი პარტნიორი იყო. თეატრში სცენის მუშადაც კი იმუშავა. საერთოდაც, კარგი ადამიანი იყო, უყვარდათ მეგობრებს, ახლობლებს. ასე გავიდა ერთი წელიწადი. ზაფხულში კი სამსახიობო ფაკულტეტზე დაბრკოლებების გარეშე ჩააბარა. ამას მოჰყვა "მონანიება". თენგიზ აბულაძე ამბობდა: ძალიან მომწონდა სხვა ფილმებში, მაგრამ ამდენად ნიჭიერი თუ იყო, არ მეგონაო. ვერ წარმოიდგენთ, ჩემთან ერთად როგორ ამუშავებდა სცენარს... მაგრამ ფილმი ბოლომდე ვერ მიიყვანა. მაშინ მოხდა ის ტრაგედია...

საოცრად ფანტაზიორი იყო. რაღაც ამბებს თხზავდა და ისე შთამბეჭდავად ჰყვებოდა, ძალაუნებურად იჯერებდი. მაინც ვფიქრობ, ბევრ რამეში არ გაუმართლა. თუნდაც, ჩემი და მამამისის დაშორებამ ძალიან იმოქმედა მასზე, მაგრამ არასდროს უგრძნობინებია რაიმე. საოცრად უყვარდა თავისი დები, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ... იმასაც ვფიქრობ, რომ გამართლებოდათ მაშინ და ამერიკაში გადასულიყვნენ, გეგა იქ ძალიან კარგი მსახიობი იქნებოდა. აქაც ბევრის გაკეთება შეეძლო.

- ის "გაფრენაც" მისი ფანტაზიის ნაწილი ხომ არ იყო, რეალობას მოწყვეტილი, თითქოს ყველანი ფილმის გმირები იყვნენ?

- როცა უგეგმოდ ასეთ რამეზე მიდიხარ, რა თქმა უნდა, რეალურად ვერ აღიქვამ, შენს ნაბიჯს რა შეიძლება მოჰყვეს. ვფიქრობ, ეს სპონტანურად მოხდა და ერთმანეთის აყოლიებით. როდესაც გეგას მეუღლე - თინიკო ფეტვიაშვილი გამოვიდა ციხიდან, მითხრა: ბოლო ხანს აღარ უნდოდა ამაზე წასვლა, მაგრამ ყველანი ერთად იყვნენ და უკან ვერ დაიხევდაო. დარწმუნებული ვარ, მათი ხელით არავინ დაღუპულა, თუმცა მათი მიზეზით იქ ადამიანები დაიღუპნენ. მახსოვს, წლების წინ გოგი გვახარიას გადაცემა "წითელ ზონაში" ამ ამბავს იხსენებდნენ და თვითმფრინავის ერთ-ერთი პილოტის - ჭედიას ქალიშვილი გამოეხმაურათ: იმ ადამიანებს გმირებს რომ უწოდებენ, მათ დანაშაულზე რატომ არ ლაპარაკობენო? სხვათა შორის, გეგამ ბოდიშიც მოიხადა სასამართლოზე. იმ გოგონამაც მინდა იცოდეს, რომ მე არ ვამართლებ ბიჭების საქციელს, თუმცა გავიმეორებ, რომ მათ არც გაუსვრიათ და ისიც ვიცი, რომ არც ერთი მათგანი მკვლელი არ იყო. ნამდვილად არ ვამართლებ, მაგრამ დახვრეტა მეტისმეტი იყო. შევარდნაძემ ეს სადამსჯელო "პროგრამა" საკუთარი კარიერისთვის განახორციელა... ჩემი შვილის ამბავი კი ასე დამთავრდა.

- ეს ტრაგედია რომ არ მომხდარიყო, ეს პროტესტი რომ არ ყოფილიყო, ვინ იქნებოდა გეგა კობახიძე?

- ვფიქრობ, რეჟისორი იქნებოდა. აბა, ამ ცხოვრებაში ბიზნესმენი ვერ გახდებოდა - სხვა ინტელექტი და ჭკუა ჰქონდა. არც დეპუტატი იქნებოდა და არც მთავრობას უმღერებდა ან უცეკვებდა - ამაში ეჭვი არ მეპარება. სხვა ტიპის კაცი იყო...

პ.ს. "ლაზარეს" გადაღებისას, როდესაც მთაზე ლოცვის ეპიზოდს იღებდნენ, ქართლოს ხოტივარს გეგასთვის ჩუმად უთქვამს: წარმოიდგინე, ლაზარეს მზის მაგივრად იესო ქრისტე რომ დაენახა, როგორი სახე ექნებოდაო. გეგა გაოცებულა: ქრისტე როგორ უნდა დავინახოო? ქართლოსს განუმარტავს: გეგა, ღმერთი კაცს ხშირად ეცხადება, ოღონდ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. შენ ახლა დაინახავ ღმერთს, მაგრამ არავის გააგებინო, ეს მხოლოდ შენი და ჩემი საიდუმლო უნდა იყოს. ნუ დაიძაბები, იყავი გულწრფელი, დაუკვირდი უსინათლოს ლოცვას, მთლიანად შეუშვი გულში ლოცვის ყოველი სიტყვა და ღმერთს დაინახავ. ხომ გაიგე, გეგაო? გეგა ჩაფიქრებულა... დაძაბულად უყურებდა, თურმე, ჯერ მიწას, მერე სივრცეს, საიდანაც მზე უნდა ამოსულიყო. გარშემო ვეღარავის ხედავდა. მას თანდათანობით სახე ალეწვია... უცებ ჩურჩულით უთქვამს ქართლოსისთვის: ქართლოს ბიძია, გავიგეო! და როცა მზემ ამოსვლა დაიწყო და უსინათლო ლოცვას შეუდგა, ლაზარემ მართლა დაინახა ღმერთი! (ამონარიდი ნინო ერემაძის წიგნიდან "გეგა კობახიძე")

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)