"შორს მიმავალი გეგმები გვაქვს" - ტყუპი ძმის გამოგონება ბუნებრივი აირით მოწამვლისგან დაგიცავთ - კვირის პალიტრა

"შორს მიმავალი გეგმები გვაქვს" - ტყუპი ძმის გამოგონება ბუნებრივი აირით მოწამვლისგან დაგიცავთ

14 წლის ტყუპმა ძმამ, გიორგი და დემეტრე კაჭკაჭიშვილებმა, თავი თავიანთი გამოგონებით გაითქვეს.

ACS (Air Cleaning System) - ასე ჰქვია მათ გამოგონებას, ჰაერის გამწმენდ სისტემას, რომელიც ოთახებსა თუ დაწესებულებებში გაზის, მტვრის, ორთქლისა და ტემპერატურის დონეს აფიქსირებს. თუ მდგომარეობა გასცდება ნორმის ფარგლებს, ავტომატურად ჩაირთვება ხმოვანი სიგნალიზაცია, გამწოვი და გამწმენდი სისტემები, მფლობელს კი ტელეფონზე SMS-შეტყობინება მისდის. ბიჭები პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები არიან.

გიორგი: - სკოლის პარალელურად, რობოტექნიკისა და ელექტრონიკის აკადემია UG-LIMES-შიც ვსწავლობთ. იქ შევიტყვეთ, რომ შეგვეძლო სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა ეკოლოგიის, ასტრონომიის თუ სხვა სახის გამოგონებებით. ჩვენ ეკოლოგია ავირჩიეთ.

დემეტრე: - ადრეც გვიმუშავია სხვადასხვა გამოგონებაზე, მაგრამ ხშირად სასურველ შედეგს ვერ ვიღებდით. ამჯერად ჩაღლარის ინოვაციურ კონკურსში, რომელშიც 60-მდე პროექტი იყო წარდგენილი, პირველი ადგილი დავიმსახურეთ და თბილისის მერიის რჩეულები გავხდით. შემდეგ ეტაპში 42 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას 110 პროექტით. გვინდა კვლავ კარგი შედეგი ვაჩვენოთ, ამიტომ ჩვენს გამოგონებას გაზის გადამკეტს დავუმატებთ, რომელიც გაზის წყაროსთან იქნება დამონტაჟებული და სიგნალიზაციის ჩართვისთანავე, ხელსაწყო იგრძნობს თუ არა, რომ გაზის გაჟონვა დაფიქსირდა, გაზის წყაროს გადაკეტავს.

- კიდევ რა გაინტერესებთ?

გიორგი: - კალათბურთი, ცურვა, კარატე, ცხენოსნობა, ახლა ბეისბოლმა გამიტაცა.

დემეტრე: - მე მშვილდოსნობა მომწონს. ხატვაც და შემეცნებითი ლიტერატურის კითხვა.

- რომელ პროფესიას ირჩევთ?

- ის, რაც ელექტროსისტემებთან იქნება კავშირში. გიორგის გენური ინჟინერია აინტერესებს.

გიორგი: - 7-8 წლისა ძაღლის ახალი ჯიშის გამოყვანაზე ვოცნებობდი. მოგვიანებით ცხენებმა გამიტაცა და გადავწყვიტეთ, მექანიკური ცხენი გაგვეკეთებინა. UG-LIMES აკადემიაში ვსწავლობთ ელექტრონიკას, რობოტიკას, ინფორმატიკას, ჩვენი ხელით ვაწყობთ ხელსაწყოებს. თამაშ-თამაშში დავისახეთ მიზანი და გაგვიმართლა. დღეს შორს მიმავალი გეგმები გვაქვს. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

ეკა სალაღაია