"ყველანაირად ვეცდები, პირველი ადგილი დავიკავო" - ქეთა თოფურიას პროტეჟე "ახალ ტალღაზე" იმღერებს - კვირის პალიტრა

"ყველანაირად ვეცდები, პირველი ადგილი დავიკავო" - ქეთა თოფურიას პროტეჟე "ახალ ტალღაზე" იმღერებს

"ჩემს კარიერაში წარმატებული აღმოჩნდა პროექტი "ვოისი" და ის, რომ ქეთა თოფურიას ჯგუფში აღმოვჩნდი"

ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი, პროექტ Voice-ში გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე წელს "ახალ ტალღაში" (წარსულში იურმალად ცნობილი მუსიკალური კონკურსი) წარადგენს საქართველოს. "კვირის პალიტრა" გიორგის ესაუბრა.

- "ახალი ტალღა" ყოველთვის მომწონდა. მასში მონაწილეობის იდეა მე და ქეთა თოფურიას გვეკუთვნის. შესარჩევ ტურზე კონკურენტუნარიანი გარემო დამხვდა. ნახევარფინალი 2 ეტაპისგან შედგებოდა. საბოლოოდ 16 წარმომადგენელი შეარჩიეს. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მუსიკალური პროდიუსერებიც, თუმცა, ჩემი აზრით, პროექტის ავანჩავანი მაინც კრუტოი და რევზინი არიან.

ამჟამად რეპერტუარს ვუთანხმებთ ჟიIურის, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ რომელი სიმღერებით წარვდგები კონკურსზე. საინტერესო პროცესები გავიარე, თუმცა, ალბათ, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც წინ მელოდება, სოჭში, - რეპეტიციები, მასტერკლასები, იმიჯის სრული გარდაქმნა...

- ქართველებისთვის ეს კონკურსი ფეხბედნიერია. თქვენ რას ელით?

- ჩემ გარდა, წელს კიდევ ერთი მოსკოვში მცხოვრები ქართველი ალისა დანელია მონაწილეობს. ალისა საქართველოს სახელით გამოდის. მიხარია, რომ საქართველოდან 2 კონკურსანტი ვიქნებით, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, პირველი ადგილი მე დავიკავო. ჩემს კარიერაში წარმატებული აღმოჩნდა პროექტი "ვოისი" და ის, რომ ქეთა თოფურიას ჯგუფში აღმოვჩნდი.

- დიდი ხანია მღერით?

- 24 წლის ვარ. გიტარა, ფორტეპიანო, სალამური... ხან რომელი ინსტრუმენტის ათვისება მინდოდა, ხანაც - რომლის. სტუდენტი რომ გავხდი, მას შემდეგ დავიწყე სიმღერის პროფესიულ სკოლაზე ფიქრი, მანამდე ვოკალისტთანაც არ მივლია. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დავამთავრე, ჰუმანიტარული ფაკულტეტი ეთნოლოგიის სპეციალობით. მერე იყო "საქართველოს ვარსკვლავი", სადაც მეორე ადგილი დავიმსახურე, შემდეგ სამწლიანი პაუზა მქონდა, თუმცა სიმღერა არ მიმიტოვებია. "ვოისში""მეგობრების დაჟIინებული თხოვნით გავედი და მოვიგე. ბევრს ვშრომობ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ გავიმარჯვო. წარმატება მისურვეთ!

ეკა სალაღაია