"პესტალოცი" - ევროპული სკოლების მასწავლებლებთან პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა - კვირის პალიტრა

"პესტალოცი" - ევროპული სკოლების მასწავლებლებთან პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა

ქართველ მასწავლებლებსა და განათლების სპეციალისტებს ევროპელ კოლეგებთან საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად დაგემვისა და განხორციელების საშუალება აქვთ. პედაგოგებს ევროპის სხვადასხვა ტიპის სკოლების მასწავლებლებთან და განათლების სპეციალისტებთან პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობას პროგრამა "პესტალოცი" აძლევს.

"პესტალოცის" ფარგლებში სხვადასხვა ტიპის აქტივობები ხორციელდება. მათ შორის არის ევროპული სამუშაო შეხვედრები, ევროპული ტრენინგ-მოდულები ტრენერებისთვის, საზაფხულო სკოლა, ეროვნული სემინარები. ევროპის საბჭოს ევროპის კულტურის კონცეფციის ფარგლებში მოქმედ პროგრამას საქართველოში კოორდინაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უწევს.

უფრო დეტალურად, რა არის "პესტალოცი", ამ ეტაპზე, რომელ აქტივობებში ჩართვა არის ხელმისაწვდომი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი აქტივობებში ჩასართავად და რა გზა უნდა გაიაროს აპლიკანტმა საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის მიღებამდე, ამ თემაზე საქართველოში პროგრამა "პესტალოცის" კოორდინატორს ნინო მაისურაძეს ვესაუბრეთ.

- რა არის პესტალოცი? თუ შეიძლება, ვისაუბროთ პროგრამის ამოცანებსა და სამიზნე აუდიტორიაზე

- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში კოორდინაციას უწევს ევროსაბჭოს პროგრამას - "პესტალოცი", რომელიც სპეციალურად განათლების სპეციალისტთა პროფესიული განვითარების მიზნითაა შექმნილი და ევროპის კულტურის კონვენციის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა განათლების სპეციალისტებს ყოველწლიურად მრავალფეროვან და საინტერესო ღონისძიებებში ჩართვას სთავაზობს. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში ბენეფიციარებს საშუალება ეძლევათ, ითანამშრომლონ და პროფესიული ურთიერთობები დაამყარონ ევროპის სხვადასხვა ტიპის სკოლების მასწავლებლებთან და განათლების სპეციალისტებთან. ყოველწლიური სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების საკითხებს, ადამიანის უფლებათა სწავლებას და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ინტერკულტურული განათლებისა და სოციო-კულტურული მრავალფეროვნების, ისტორიის, ძალადობისა და დისკრიმინაციის პრევენციის, მედიაწიგნიერებისა და სხვა მნიშვენლოვანი საკითხებს ეხება. ეს სწორედ ის თემებია, რომელთა სიღრმისეული გააზრება 21-ე საუკუნის მასწავლებლისა და მოსწავლისთვის აუცილებელია.

-რა პერიოდიდან ჩაერთო საქართველო პესტალოცში, ჩვენი ქვეყნის რამდენმა წარმომადგენელმა ისარგებლა უკვე ამ პროგრამით?

- ევროპის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველო 2009 წლიდან ჩაერთო პროგრამა "პესტალოცის" ღონისძიებებში. 2015 წლის ჩათვლით, პროგრამის ეგიდით, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ ღონისძიებებში ჩართული იყო 150-მდე განათლების სპეციალისტი საქართველოდან, ხოლო საქართველოში ჩატარებულ შეხვედრებში მონაწილეობა მიღებული აქვს 35-მდე უცხოელ განათლების სპეციალისტს.

- რა ტიპის აქტივობები ხორციელდება პესტალოცის ფარგლებში? რომელი ღონისძიებები იმართება პროგრამის ქოლგის ქვეშ?

2012 წლის ჩათვლით პროგრამა "პესტალოცი" სამ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას ახორციელებდა: ევროპული სამუშაო შეხვედრები, ევროპული სემინარები და ევროპული ტრენინგმოდულები, თუმცა 2013 წლიდან პროგრამა გაფართოვდა. ამჟამად ყოველწლიურად იმართება ევროპული სამუშაო შეხვედრები, ტრენერთა ტრენინგ-კურსები, საზაფხულო სკოლა, ეროვნული სემინარები და ელექტრონული ტრენინგ-კურსები.

- ამ ეტაპზე, რომელ აქტივობებში ჩართვა არის ხელმისაწვდომი. ვის რომელ ღონისძიებაში შეუძლია მონაწილეობის მიღება?

- პროგრამა "პესტალოცის" 2016 წლის პროგრამა ხელმისაწვდომია როგორც სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.tpdc.ge, ასევე ევროსაბჭოს პესტალოცის ოფიციალურ ვებგვერდზე http://www.coe.int/en/web/pestalozzi. წლის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. მონაწილეობის მსურველ პირს აქვს შესაძლებლობა წლის დასაწყისშივე შეარჩიოს მისთვის სასურველი აქტივობა და დარეგისტრირდეს ელექტრონულად http://programme-pestalozzi.ext.coe.int/ სამიზნე აუდიტორია თითოეული აქტივობის მიხედვით ინდივიდუალურად არის განსაზღვრული. რომელი სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებს შეუძლიათ ამა თუ იმ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, ღონისძიების ორგანიზატორი ქვეყანა თავად აწესებს და უთითებს კალენდარში.

- რომელ აუცილებელ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი აქტივობებში ჩასართავად?

- პროგრამა "პესტალოცის" ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს, სახელმძღვანელოების ავტორებს, დირექტორებს, განათლების სპეციალისტებს, მასწავლებელთა ტრენერებს და სხვა პირებს, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ საგანმანათლებლო სფეროში. პროგრამაში მონაწილე ყველა პირი უნდა ფლობდეს სასურველი აქტივობის სამუშაო ენას საშუალოზე მაღალ დონეზე, კერძოდ, ევროსაბჭოს მიერ დადგენილი ენის კომპეტენციის B2 ან უფრო მაღალ დონეს.

- რა ეტაპებს გადის კანდიდატი პროგრამაში ჩართვამდე და რომელი მხარის ფინანსური რესურსით ხდება ღონისძიებებში მონაწილეობა?

- მსურველი პირველ რიგში ეცნობა "პესტალოცის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ კალენდარს და სასურველ აქტივობაში ჩასართავად რეგისტრირდება ელექტრონულად. აღნიშნული განაცხადი ავტომატურად ეგზავნება განაცხადის ვალიდაციისა და შერჩევის პროცესებში ჩართულ პირებს: თავდაპირველად მის უშუალო დამსაქმებელს (მაგ., მასწავლებლის შემთხვევაში სკოლის დირექტორი), რომელმაც უნდა განაცხადოს თანხმობა, შემდეგ საქართველოში პესტალოცის კოორდინატორს. კოორდინატორი განიხილავს განაცხადებს, დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატს და გაესაუბრება პროგრამასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, საქართველოს კოორდინატორის მიერ შერჩეული კანდიდატების განაცხადები იგზავნება სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორ ქვეყანაში. საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით იღებს ღონისძიების ორგანიზატორი მხარე, რის შესახებაც აცნობებს აპლიკანტს. პროგრამა "პესტალოცის" ღონისძიებებში მონაწილეობა უფასოა მონაწილეებისთვის და ის ითვალისწინებს მგზავრობის, დაბინავებისა და კვების ხარჯების დაფარვას ორგანიზატორი მხარის მიერ. შერჩეულ მონაწილეთა მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროსაბჭოსთან გაფორმებული ადმინისტრაციული შეთანხმების ფარგლებში მიღებული გრანტიდან.

მონაწილე, თავად გეგმავს გამგზავრებასთან დაკავშირებულ საკითხებს (საკონსულო მომსაზურება, მარშრუტის განსაზღვრა, ავიაბილეთების დაჯავშნა, ადგილობრივი ტრანსპორტი და ა.შ), ათანხმებს ევროსაბჭოსთან და საქართველოში პესტალოცის კოორდინატორთან, რის შემდეგაც მას შეუძლია თავად გაიღოს ხარჯები და დაბრუნებისთანავე მიმართოს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ხარჯების ანაზღაურებისთვის, ან წინასწარ მოითხოვოს ეკონომიური ავიაბილეთის შეძენა.

- შესაძლებელია თუ არა, პესტალოცის რომელიმე აქტივობაში მონაწილეობის შემდეგ, კანდიდატმა კვლავ წარადგინოს აპლიკაცია განსახილველად?

- ევროსაბჭოს პროგრამა "პესტალოცის" წესების თანახმად კანდიდატებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს "პესტალოცის" აქტივობებში, უფლება აქვთ სხვა აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაცია განსახილველად წარადგინონ 2 წლის ვადის ამოწურვის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რიცხვი მაღალია და პროგრამის მიზანია, რაც შეიძლება მეტ პირს მიეცეს საშუალება, დაესწროს ევროპულ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს, პროგრამის ადმინისტრაცია უპირატესობას მიანიჭებს იმ მონაწილეებს, რომელთაც პროგრამაში მონაწილეობა არ მიუღიათ.