"ჭადრაკს დაწყებითი კლასებიდან სწავლობენ, მე კი მწვრთნელი პირველად 13 წლის ასაკში ვნახე..." - კვირის პალიტრა

"ჭადრაკს დაწყებითი კლასებიდან სწავლობენ, მე კი მწვრთნელი პირველად 13 წლის ასაკში ვნახე..."

ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, ნონა გაფრინდაშვილს დღეს ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით და ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი:

"დღეს არის ძალიან დიდი დღე. გაიხსნა ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი. ნონა გაფრინდაშვილი ყველა ქართველისთვის და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ორი რამის სიმბოლო, ეს არის ინტელექტის გამარჯვება და ეს არის მებრძოლი სულის გამარჯვება. ჩემთვის არის ეს ადამიანი უაღრესად საყვარელი. მინდა მივულოცო დღევანდელი დღე და მინდა ქალბატონ ნონას ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ჩვენი ხვალინდელი დღის საიმედოდ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ ქართული ხალხისთვის გააკეთეთ ქალბატონო ნონა."

"კვირის პალიტრის" არქივი ქართველ მოჭადრაკესთან ძალზედ საინტერესო ინტერვიუს ინახავს. გთავაზობთ ამონარიდს:

- "გენდერული თანასწორობის" თემა წლების წინ წამოსწიეთ, როცა მამაკაცებთან ტოლ-სწორად თამაშით ცდილობდით დაგემტკიცებინათ, რომ "ლეკვი ლომისა სწორია"...

- მამაკაცი დიდოსტატების წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და მომიგია კიდეც. ყველაზე სასიამოვნოდ მახსენდება 1977 წლის ლონ-პაინის მამაკაცთა ტურნირი - ერთადერთი ქალი ვიყავი ტურნირზე, სადაც მხოლოდ სპეციალურად მიწვეული მოჭადრაკეები თამაშობენ! თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერი ვიყავი, საბოლოოდ კი I-IV ადგილები გავინაწილე.

- მანდილოსნებს უფრო უჭირთ...

- ჭადრაკის პარტია დიდხანს გრძელდება და რთულია ნერვების სრულად აღდგენა. ნიჭსა და შრომისმოყვარეობასთან ერთად, მტკიცე ხასიათი, ფსიქიკა და ნერვებიც უნდა გქონდეს. ყველა ამ კომპონენტით უნდა აჯობო მოწინააღმდეგეს, სხვაგვარად ჭადრაკის მწვერვალებს ვერ დაიპყრობ! ფიზიკური უპირატესობის გარდა, მამაკაცებს ნერვული სისტემაც უფრო მყარი აქვთ, ბრძოლისუნარიანობაც მოსდევთ და ამ მხრივ, ქალთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაში არიან. თანამედროვე ქალი მოჭადრაკეები ადვილად ხდებიან დიდოსტატები და ეს წოდება, ცოტა არ იყოს, გაუფასურდა. წინათ კი ისეთი მკაცრი იყო ნორმატივები, მამაკაცებსაც უჭირდათ. ახლა ყველაფერი გაახალგაზრდავებულია, ჭადრაკსაც დაწყებითი კლასებიდან სწავლობენ, მე კი ოჯახში მწვრთნელი პირველად 13 წლის ასაკში ვნახე...

- ჭადრაკი კი "გაახალგაზრდავდა", მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად თუ შეიცვალა.

- უფრო მასობრივი გახდა, მაგრამ არ შეცვლილა. კომპიუტერი ცოტათი აფუჭებს, სიღრმეს უკარგავს მოჭადრაკეებს. კომპიუტერში ნათამაშები პარტიებისგან დგება თეორია. ეს კარგია ინფორმაციისთვის, ტექნიკისთვის, მაგრამ არ შეიძლება, მთლიანად კომპიუტერს მიენდო, დაფაზე ხელი არ ამოძრაო და არ იაზროვნო. სწორედ თეორიის მიღმა ფიქრს მოაქვს ის სიღრმე, რაც თავისებურ ხელწერას უყალიბებს მოჭადრაკეს. ამით განსხვავდებოდნენ ძველი მოჭადრაკეები... გგონიათ, ვემზადები ტურნირების წინ? ალბათ, ერთადერთი ვარ ვეტერანთა ტურნირებზე, ვინც, უმეტესწილად, დარბაზში იგებს მოწინააღმდეგის ვინაობას. სხვები თუ კომპიუტერით ემზადებიან, მე საკუთარ ვარიანტებს ვთამაშობ.

(იხილეთ ინტერვიუ სრულად)