"ძალიან ლამაზი ხარ"- ამბავი სიყვარულისა, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია - კვირის პალიტრა

"ძალიან ლამაზი ხარ"- ამბავი სიყვარულისა, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია

პარაოლიმპიელი მოფარიკავის, ირმა ხეცურიანის ცხოვრება სულის სიმტკიცის საოცარი მაგალითია. მძიმე ბავშვობა ჰქონდა. 7 წლის იყო, როცა აფხაზეთიდან დევნილის სტატუსი მიიღო.

უზრუნველი, შეძლებული ცხოვრება ერთი პურის და ელემენტარული საარსებო საშუალების მოპოვებისთვის საზრუნავმა ჩაანაცვლა. როცა 18 წლის გახდა და მის ცხოვრებაში ახალი, ბედნიერი ეტაპი იწყებოდა, მოულოდნელად ინვალიდის ეტლში აღმოჩნდა. იყო ნერვიულობა, ცრემლიც, მაგრამ არა - სასოწარკვეთა. მას საკუთარი თავის განვითარებაზე ფიქრი არ შეუწყვეტია. ისწავლა უცხო ენები, ითამაშა 2 სპექტაკლში, გახდა მოფარიკავე და ის ახლა მსოფლიოს საუკეთესო პარამოფარიკავეთა შორის, საპატიო მე-13 ადგილზეა. მის ცხოვრებაში არის სასიამოვნო სიახლე: შეყვარებულია და მალე გათხოვებას აპირებს.

წარმატებისკენ მიმავალ რთულ გზაზე მხარში უდგას გიორგი - ადამიანი, რომელმაც საკუთარი კარიერა დროებით გვერდზე გადადო და მთლიანად საყვარელი ადამიანის მომავალზე ზრუნვითაა დაკავებული. მათი სიყვარულის ამბავი ინტერნეტით დაიწყო, მაგრამ ვირტუალური ურთიერთობა მეორე დღესვე შეხვედრით, შემდეგ - მეგობრობით გაგრძელდა და დიდი სიყვარულით დაგვირგვინდა. იმ პირველი შეხვედრიდან უკვე 8 თვე გავიდა.

ირმასთან და გიორგისთან ინტერვიუს ჟურნალი "გზა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ირმა:

- გიორგი დანელია ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრა. თქვენს ჟურნალში ჩემი ინტერვიუ რომ დაიბეჭდა, შემდეგ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში სტუმრად ვიყავი მიწვეული. გიორგის ეს ინტერვიუ წაუკითხავს, გადაცემა უნახავს და სოციალურ ქსელში წერილი გამომიგზავნა. იმ დროს საქართველოში არ ვიმყოფებოდი, ინტერნეტითაც დიდად არ ვსარგებლობდი, შეჯიბრებაზე ვიყავი გადართული. პარიზიდან ოქროს მედლით დავბრუნდი და ქვეყანა ჩემი მეგონა... მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გიორგის მონაწერი 10 დღის შემდეგ ვნახე.

- რას გწერდა?

- მხოლოდ 3 სიტყვას: "ძალიან ლამაზი ხარ".

გიორგი:

- 10 დღის შემდეგ მომივიდა პასუხი: "დიდი მადლობა". მერე მეც მივწერე.

ირმა:

- მერე წერილების ცვენა წამოვიდა. ვირტუალური ურთიერთობა არ მიზიდავს და ერთმანეთს მეორე დღესვე შევხვდით. საღამო იყო, გავისეირნეთ, ვისაუბრეთ. ადამიანებთან გაშინაურება, ურთიერთობა არ მიჭირს. იმ პერიოდში, ჩემს ცხოვრებაში აქტიური ადამიანის გამოჩენის საჭიროება იყო. გიორგი პრინციპულია, ყოველთვის თავისი გააქვს. თავიდან ვჩხუბობდით, ახლა კი, როგორც ჩვენ გვინდა, ყველაფერი ისეა.

- პირველი შეხვედრა, პირველი ემოცია როგორი იყო?

გიორგი:

- მომეწონა. ირმა მართლა ძალიან ლამაზია. ვიცოდი, ეტლით მოსარგებლე რომ იყო. მისი შინაგანი სამყარო მომეწონა. იმდენ რამეს აკეთებს, ისეთი მებრძოლია, ნებისმიერ ფეხით მოსიარულეს შეშურდება. ირმა ძალიან ძლიერია

...

- ის, რომ ეტლით მოსარგებლე იყო, შენთვის ბარიერი არ აღმოჩნდა?

- არანაირად. თავიდანვე ხომ ვიცოდი, რომ ეტლით მოსარგებლეა! დამოუკიდებლად ცხოვრობს, ყველაფერს თავად აგვარებს. ირმამ ეტლით მოსარგებლე არაერთი ადამიანი გამაცნო, რომლებიც მართლაც სამაგალითოები, მიზანდასახულები არიან.

ირმას ეტლი ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც არ ყოფილა პრობლემა. ყველა დედას თავისი შვილისთვის საუკეთესო უნდა, მაგრამ სახლში რომ ვთქვი, - ეს გოგო მომწონს-მეთქი, - დედამ ჩემს არჩევანს პატივი სცა. ის გრძნობს, რომ ბედნიერი ვარ.

იხილეთ ინტერვიუ სრულად ჟურნალ "გზის" 5 მაისის ნომერში

თამუნა კვინიკაძე