გახდი შენი ქვეყნის განძის თანამფლობელი! - კვირის პალიტრა

გახდი შენი ქვეყნის განძის თანამფლობელი!

"ეს წიგნი საინტერესოა საქართველოს წარსულით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვისაც"

საქართველოს ისტორიას ქართული მონეტები მოგვითხრობენ

კაცობრიობის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა ფასეულობათა გადაფასება, მაგრამ წიგნი ყოველთვის ღირებული იყო, არის და იქნება. გამომცემლობა "პალიტრა L" წიგნის მოყვარულებს სთავაზობს უნიკალურ წიგნ-ალბომს - "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", რომლის მსგავსიც ქართულ სინამდვილეს არ ახსოვს. ის გამორჩეულია როგორც შინაარსით, ისე ვიზუალურადაც. ალბომის ტიპის ეს წიგნი ეტაპობრივად შეივსება ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში არსებული მონეტების ზუსტი ასლებით. უნიკალური წიგნი-ალბომის შეძენის შემთხვევაში კოლექციონერი-ნუმიზმატი ვხდებით, თან ვეცნობით ქართული ნუმიზმატიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპს, ეროვნულ მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალისა და ხელოვნების ნიმუშების თანდართული ფოტომასალით. ეს გამოცემა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთგვარი მატიანეა - მასში ჩვენი ქვეყნის ისტორიას ქართული მონეტები მოგვითხრობენ.

ნუგზარ მაღლაფერიძე, რომელიც 5-კაციან ჯგუფთან ერთად მუშაობდა მონეტების შექმნაზე, თითოეულ ნიმუშს შეიგრძნობს და აღიქვამს. როგორც ხელოვანი - ის მრავალი წელია, ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობს და ქართული ოქროს ფონდის ასლებს, როგორც სამეცნიერო, ისე სასაჩუქრე მოდელებს ქმნის. ამჟამად კი "პალიტრა L"-ისა და ეროვნული მუზეუმის ერთობლივ პროექტში ჩაერთო. პირველ ეტაპზე სასტარტო მოდელები შექმნა.

- თითოეული მონეტის შექმნა ხანგრძლივი პროცესია - ჩამოსხმა, გაწმენდა, მოსპილენძება, ვერცხლის ფერზე დაყენება, ყველაზე რთული კი დაძველება-დაჟანგვაა, - გვითხრა ბატონმა ნუგზარმა. მისთვის ყველაზე გამორჩეული აღმაშენებლის მონეტაა. მონეტის ერთადერთი ორიგინალი ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული.

- როცა ეროვნულ ბანკში მუზეუმის გაკეთებას ვაპირებდით, მაშინ, შეთანხმების საფუძველზე, ბრიტანეთიდან გამოგზავნეს თაბაშირის ყალიბები, რომლითაც დამზადდა ასლები. ახლა კი "პალიტრა L" მკითხველს აძლევს შანსს, შეიძინოს და გახდეს ამ იშვიათი მონეტის ასლის მფლობელი", - გვითხრა ნუგზარ მაღლაფერიძემ.

მაია პატარიძე, ქართული მონეტების ოქროს კოლექციის თანაავტორი: - ჩვენს ქვეყანას 27-საუკუნოვანი ფულის ისტორია აქვს. ეროვნულ მუზეუმში 10 000-მდე ქართული მონეტაა დაცული, მაგრამ პროექტზე მუშაობისას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მონეტები შევარჩიეთ. საქართველო სამონეტო ცივილიზაციის კერაა, რაზეც ძვ.წ. VI საუკუნეში მოჭრილი კოლხური თეთრი მეტყველებს. ამიტომაც წიგნში ფულის ისტორიის თხრობას სწორედ ამ მონეტით ვიწყებთ. შევარჩიეთ რამდენიმე უნიკუმიც - ერთადერთი მონეტა მთელ მსოფლიოში. ასეთია, მაგალითად, ლაშა-გიორგის მონეტა, რომელსაც ამ გამოცემაში შევხვდებით. ამ მხრივ საინტერესოა დავით კურაპალატის მონეტაც. მსოფლიოში აღმოჩენილია მისი ოთხი ორიგინალი - გერმანიაში, ესტონეთში, შვედეთსა და რუსეთში, და ამ ქვეყნების მუზეუმებში ინახება. ეს იმას ნიშნავს, რომ დავით კურაპალატის მონეტა, სხვა ვალუტასთან ერთად, საქართველოდან ძალიან შორსაც იყო მიმოქცევაში.

კოლხური მონეტა

მონეტებთან ერთად ავარჩიეთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატებიც, რათა ეპოქა შეძლებისდაგვარად გაგვეცოცხლებინა. დაახლოებით ნეკის ფრჩხილისხელაა იმერეთის მეფე გიორგი მეორის მონეტა, მაგრამ მასზე დატანილი გამოსახულება ზუსტად იმეორებს გელათის ტაძრის ფრესკას, რომლის ფოტომასალაც თან ერთვის წიგნს. დავით ნარინის მონეტას ფოტომასალად დმანისის ნაქალაქარი შევურჩიეთ... მნიშვნელოვანია თამარ მეფის მონეტა, რომელზეც დედოფლის ხელრთვა (ფაქსიმილეა) აღბეჭდილი და თამარის ვერცხლის სურა, რომელიც სვანეთის მუზეუმშია დაცული. ერეკლე მეფის მონეტას მეფის ხმლის ფოტო დავურთეთ. ასე რომ, ეს წიგნი ძალიან საინტერესოა... მისი გაცნობით, კოლექციონერობის სურვილთან ერთად, შესაძლოა მკითხველს სამეცნიერო ინტერესიც გაუჩნდეს. ვინ იცის, ეგებ ამ წიგნით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ხვალ ჩვენ შეგვცვალონ...

"კვირის პალიტრა" პროექტის მენეჯერ ნესტან მაღალაშვილს ესაუბრა:

- ეს წიგნი-ალბომი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეა, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. თითოეულ მონეტას ერთვის შესაბამისი ეპოქის მიმოხილვა. ალბომში შეხვდებით ეროვნულ მუზეუმში დაცულ, ეპოქების ამსახველი ექსპონატების ფოტოებსაც, რომლებიც ისტორიული სიზუსტით აღწერენ თითოეულ მონეტას.

ეს წიგნი საინტერესოა საქართველოს წარსულით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვისაც. წიგნზე მუშაობის პროცესში "პალიტრა L"-ს მხარში დაუდგა ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკის უჯრედის მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფი, დიდი მადლობა მათ და ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, ბატონ დავით ლორთქიფანიძეს... საინტერესო პროცესი აღმოჩნდა მონეტების ასლების შექმნა, რომელზეც ნუგზარ მაღლაფერიძემ იმუშავა.

ქართული მონეტების ოქროს კოლექციაზე\ მუშაობა ხანგრძლივი, საპასუხისმგებლო და, ამავდროულად, საინტერესო პროცესი იყო ყოველი ჩვენგანისთვის.

ალბომის მფლობელს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, ხელით შეეხოს ეროვნულ მუზეუმებში დაცულ უძველეს ქართულ მონეტებს (მეტალის ასლებს), შეაგროვოს და განათავსოს უნიკალურ წიგნ-ალბომში... გახდეს თავისი ქვეყნის განძის თანამფლობელი...

ეკა სალაღაია