"შავი კატის სინდრომით" შეპყრობილი "მაგთი", ანუ "პირჯვარი გადაიწერე, არა მოგელანდოს რა" - კვირის პალიტრა

"შავი კატის სინდრომით" შეპყრობილი "მაგთი", ანუ "პირჯვარი გადაიწერე, არა მოგელანდოს რა"

რისი ეშინია "მაგთის"?!

ერთ ჩემს ახლობელს პანიკურად ეშინოდა შავი კატების. ერთხელაც, მანქანით მიდიოდა სამსახურში და წინ კატამ გადაურბინა. სხვა გზით გადაწყვიტა სამსახურში წასვლა, გაღიზიანებულმა მანქანა მკვეთრად დაძრა უკუსვლით და... უკან მომდგარი სხვა მანქანაც სერიოზულად დაამტვრია, თავისიც და სერიოზულ ხარჯებშიც გაეხვა. ეს ამბავი მის საახლობლოში ანეკდოტად დადის და ნებისმიერი თავყრილობა ისე არ ჩაივლის, ერთი სამჯერ მაინც არ შეახსენონ ხოლმე. თუმცა თვითონ ქირქილს ყურადღებას არ აქცევს - დარწმუნებულია, ორი მანქანა იმიტომ დაამტვრია, რომ წინ შავმა კატამ გადაურბინა.

ალბათ, დაახლოებით, ასეთ დღეშია "მაგთიკომის" ხელმძღვანელობა. თუ კომპანიაზე რომელიმე მედიასაშუალებაში კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა, "მაგთის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია - ამის უკან დგას "პალიტრამედია" და არ აღელვებთ, რომ მათი ასეთი პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულად და სასაცილოდ გამოიყურება.

ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. კერძოდ, გაზეთმა "ბანკები და ფინანსები" გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "მაგთი 90-იან წლებში გვაბრუნებს". სტატიის მიხედვით, 27 აპრილიდან კომპანია "მაგთიკომის" აბონენტები წუთში 24 თეთრად ისაუბრებენ, როგორც შიდა ქსელში - "ბანის", "მაგთის" და "ბალის" აბონენტებთან, ასევე საქართველოს ნებისმიერ მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სტატია წყაროზე დაყრდნობით, გადაბეჭდა როგორც "პალიტრამედიის" რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ, ისე სხვა მედიასაშუალებებმა (მაგალითად, "გურიანიუსმა", ეს თემა გაიხსნა ფორუმზეც, დიდი გამოხმაურება იყო "ფეისბუკზეც"), რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ "პალიტრასთან".

"მაგთი" წერილს გამოეხმაურა განცხადებით, რომლის პირველი აბზაცი უკვე მრავლისმეტყველია, ზემოხსენებული "შავი კატის სინდრომის" არ იყოს: "გვსურს, გამოვეხმაუროთ გაზეთ "ბანკები და ფინანსების" მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ, შეცდომაში შემყვან სტატიას, რომელიც აიტაცა და ფართოდ გაავრცელა "პალიტრა მედიამ".

თუმცა "მაგთის" გულშემატკივრებისთვის უფრო შემაშფოთებელი განცხადების ბოლო აბზაცი უნდა იყოს, რომელშიც განცხადების შემდგენლები ცდილობენ, ერთმანეთს დაუპირისპირონ... დედამიწიდან ხელოვნურ თანამგზავრამდე მანძილი და "პალიტრა მედიის" სარეკლამო ტარიფები. თვალსაჩინოებისთვის განცხადების ამ ეპიზოდს გთავაზობთ სრულად: "მას მერე, რაც "მაგთიკომმა" უარი განუცხადა "პალიტრა ტვ"-ის მისი სიგნალის თანამგზავრამდე უფასოდ ატვირთვაზე, "პალიტრამ" "მაგთიკომის" დისკრედიტაცია მთავარ მიზნად დაისახა. გეოსტაციონარულ ორბიტაზე მყოფი "მაგთიკომის" თანამგზავრი დედამიწას 36 ათასი (დიახ, 36 000) კილომეტრითაა დაშორებული. მისი განთავსება, შენახვა და მომსახურება სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გაუგებარია, რატომ უნდა თქვას უარი "მაგთიკომმა" სიგნალის ატვირთვის საფასურის მიღებაზე, როდესაც თითქმის იმავე თანხას მოითხოვს "პალიტრა მედია" თავის ინტერნეტ გვერდებზე სარეკლამო ბანერის განთავსებაში, ხოლო გაზეთში განთავსებულ რეკლამის ფასს კვადრატული სანტიმეტრობით ითვლის".

ასეთი უცნაური აკვიატება "მაგთის" მხრიდან პირველი არ არის. წინა წელს, კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომლის შინაარსი იყო: "მაგთი" არ ჩასვამს "პალიტრა ტვ"-ს "მაგთისატის" სამაუწყებლო ბადეში, რა სტატიებიც არ უნდა გამოაქვეყნოს "პალიტრა მედიამო". მაშინ ჩვენ ეს განცხადება იმ უცნაურ ფობიას შევადარეთ, როდესაც ადამიანს ეჩვენება, რომ იხვი უთვალთვალებს.

როცა ერთი შემთხვევა რამდენჯერმე მეორდება, ეს უკვე კლინიკაა. ამიტომაც, დროებით შევითავსებთ ფსიქოანალიტიკოსობას და შევეცდებით, ჩავწვდეთ "მაგთის" ხელმძღვანელობის ფარულ თუ აშკარა შიშებს.

მაგალითად, 2015 წელს "მაგთიმ" საჯარო უწყებების თანამშრომლებს ანგარიშები რომ "გაუნულა", ეს უნდა დაემალა რომელიმე მედიასაშუალებას?! რა შუაშია აქ "პალიტრა ტვ"? სწორედ იმიტომ, რომ აჟიოტაჟი ატყდა, "მაგთიმ" დაზარალებულ აბონენტებს ფული უკან დაუბრუნა.

ჟურნალისტებს ყური უნდა მოეყრუებინათ, რომ "მაგთის" ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის წინ სარეკლამო რგოლებით შეცდომაში შეჰყავდა მოსახლეობა?! "პალიტრა ტვ"-ს გამოისობით მოხდა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ "მაგთის" სარეკლამო რგოლები ტელეეთერებიდან ჩამოახსნევინა?

რაც შეეხება უშუალოდ "პალიტრა ტვ"-ს ("პალიტრანიუსი") - "მაგთი" აცხადებდა უარს, რომ შეესრულებინა "მასთ ქერის" საკანონმდებლო მოთხოვნა და განეთავსებინა "მაგთისატის" ბადეში ზემოხსენებული ტელეარხი. დღეს, "პალიტრანიუსს" არ აღელვებს, განათავსებს თუ არა "მაგთისატი" მას საკუთარ ბადეში, ამაზე თავად "მაგთი" ღელავს, ვინაიდან, სხვა მიზეზებთან ერთად, "მაგთისატის" აბონენტების კლების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მაყურებელი, ვისაც სურს "პალიტრანიუსის" ყურება, "მაგთისატს" ტოვებს და მის კონკურენტებს ანიჭებს უპირატესობას.

თუმცა ჩვენი აზრით, მთავარი სხვა რამ არის, რაც "მაგთის" ხელმძღვანელობას აწუხებს და მას აქვს კონკრეტული სახელი: "ვეღარ "ვაწერთ" აბონენტებს წელიწადში მილიონ ლარს".

2015 წლის თებერვალში, პერსონალურად "კვირის პალიტრის" დირექტორს "მაგთისგან" 1800-ლარიანი ინტერნეტდავალიანება მოუვიდა (მას შემდეგ, რაც "პალიტრამედიამ" "მაგთის" კორპორატიულ მომსახურებაზე უარი თქვა და სხვა ქსელზე დაპორტირდა), "პალიტრამედიამ" ეს კომუნიკაციების კომისიაში გაასაჩივრა.

კომისიის სხდომებზე გაიშიფრა ის ფინანსური ხაფანგი, რასაც "მაგთი" აბონენტებს უგებდა. კერძოდ, როდესაც მომხმარებლებს ამოეწურებოდათ შეძენილი ინტერნეტპაკეტები, "მაგთის" ავტომატურად გადაჰყავდა განსხვავებულ ტარიფზე - ფასებს შორის სხვაობა 70-მაგი იყო. რაც მთავარია - "მაგთი" მომხმარებლებს არ აფრთხილებდა გასხვავებულ ტარიფზე გადასვლის შესახებ. აბონენტები ამის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებდნენ, როდესაც ათასობით ლარის დავალიანება მოსდიოდათ - მაგალითად, ერთ-ერთ აბონენტს ასე "დააწერეს" 7 ათას ლარზე მეტი, მეორეს 5 ათას ლარზე მეტი და ა.შ.

კომისიის ცნობით, ამ გზით 2015 წლის 5 თვის განმავლობაში "მაგთიმ" საკუთარ აბონენტებს 438.000 ლარი ზედმეტად დაარიცხა და კომისიისვე გაანგარიშებით, წელიწადში ეს თანხა მილიონზე მეტია! შესაბამისად, კომისიამ "მაგთი" დაავალდებულა, რომ 2016 წლის 1-ლი იანვრიდან გაეფრთხილებინა აბონენტები განსხვავებულ ტარიფზე გადასვლის შესახებ და შემდეგ თავად აბონენტი გადაწყვეტდა - უღირდა თუ არა 70-ჯერ მეტის გადახდა 1 მეგაბაიტში.

ჩვენ "მაგთის" ჯიბეში არ ვიყურებით, მაგრამ გვეეჭვება, ბევრი მოძებნილიყო ისეთი მოქალაქე, რომელიც 70-ჯერ გაძვირებული ტარიფით ისარგებლებდა. შესაბამისად, სავარაუდოდ, "მაგთი" ფინანსური ხაფანგით მილიონ ლარზე მეტს ვეღარ "აწერს" აბონენტებს და ეს ვერ მოუნელებია. და კიდევ ის, რომ ამ მახის გაუქმების საფუძველი "პალიტრამედიის" საჩივარი იყო.

დასასრულს ვიტყვით - "პალიტრამედიის" მედიასაშუალებები ყოველთვის გააშუქებენ ისეთ თემებს, როგორიცაა მომხმარებლების უფლებების დარღვევა, ტარიფების გაზრდა, მომსახურების მიწოდების ხარისხი თუ სავარაუდო მონოპოლიები, რომელ კომპანიებს ან სახელმწიფო უწყებებსაც არ უნდა ეხებოდეთ ეს.

თუ ვინმეს, არ მოსწონს, შეუძლია, წყალს მოუყვეს თავისი შიშების შესახებ, ან როგორც ცნობილ ქართულ ფილმშია, "პირჯვარი გადაიწეროს, არა მოელანდოს რა".

გიორგი კვიტაშვილი