ემუქრება თუ არა ზიკას ვირუსი საქართველოს და რა საფრთხეს უქმნის ორსულებს ვირუსით გამოწვეული დაავადება? - კვირის პალიტრა

ემუქრება თუ არა ზიკას ვირუსი საქართველოს და რა საფრთხეს უქმნის ორსულებს ვირუსით გამოწვეული დაავადება?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, ამ ზაფხულს ზიკა ვირუსმა შესაძლოა ევროპას შეუტიოს. მისი გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი კი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, კერძოდ, რუსეთსა და საქართველოში და კუნძულ მადეირაზეა, ანუ იმ ადგილებში, სადაც ზიკა ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობაა გავრცელებული.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც სპეციალისტები ვირუსის გავრცელების საშიშროების დონეს ზომიერად აფასებენ, არის საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, აღმოფხვრან კოღოს გავრცელების შესაძლებლობა, ასევე დარწმუნდნენ, რომ ხალხს, განსაკუთრებით ორსულებს, აქვთ ინფორმაცია ზიკა ვირუსის შედეგების შესახებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა. როგორც ცნობილია, ვირუსი კოღოების მიერ ვრცელდება. რამდენად რეალურია საქართველოში ვირუსის გავრცელება ამაზე კომენტარი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს პაატა იმნაძეს ვთხოვეთ:

- ჯანმრთელობის საერთაშორის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უფრო სარეკომენდაციო ხასიათისაა.  აქ საუბარია არა ვირუსის გავრცელებაზე, არამედ იმაზე, რომ რომ ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ის მწერი, რომელსაც გადააქვს ეს ვირუსი, თუმცა აქვე წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი დადის დასასვენებლად ლათინურ ამერიკაში (იქ, სადაც ზიკას ვირუსის უმთავრესი კერაა) საფრანგეთიდან და იტალიიდან, დარწმუნებული ვარ, გაცილებით დიდია საფრთხე, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებმა ეს ვირუსი საკუთარ ქვეყანაში ჩაიტანონ. ჩვენთან კი ვირუსის გავცელების რისკი მინიმალურია.

- რადგან ზიკას გადამტანი კოღო აღმოჩენილია ჩვენს ტერიტორიაზე, თუ მიმართავთ რაიმე პრევენციულ ზომებს?

- მთელ დასავლეთ საქართველოში ტარდება მწერის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რომელიც შარშანაც ჩატარდა. ახლა კიდევ ვიწყებთ მასშტაბურ ღონისძიებებს (რადგან მაისია გააქტიურების სეზონი) და მოვიცავთ მთელ დასავლეთ საქართველოს. ამაში ჩართულია: ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვ.

- ჩვენს მეზობელ ქვეყნებში თუ ფიქსირდება ზიკას ვირუსი ან ვირუსის გადამტანი კოღო?

- დაავადების შემთხვევა არა, თუმცა გადამტანი დაფიქსირებულია რუსეთში, სხვათა შორის რუსების მიერ კოღოს დაფიქსირება მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზეც.

- წელს, აგვისტოში ბრაზილია მასპინძლობს ზაფხულის ოლიმპიადას. რა რეკომენდაციას მისცემდით მათ ვინც წასვლას აპირებს?

- ფეხმძიმე ქალებმა თავი შეიკავონ იქ წასვლისაგან. რაც შეეხებათ სპორტსმენებს, როცა გარეთ ყოფნა მოუწევთ ტანზე უნდა წაისვან რეპელენტები, ანუ მწერის დამაფრთხობელი და ატარონ ღია ფერის გრძელსახელოიანი ტანსაცმელი.

- ბატონო პაატა, ცნობილია რომ რისკჯგუფს განეკუთვნებიან ფეხმძიმე ქალები...

- ვირუსი ორსული ქალისთვის არაა საშიში, ეს მწერი საფრთხეს უქმნის მხოლოდ ნაყოფს თანაც გაითვალისწინეთ რომ კბენის შემთხვევაშიც ყველა არ ვირუსდება.

- უკვე დავირუსებული ადამიანის განკურნება თუა შესაძლებელი?

- სამწუხაროდ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია.

პ.ს. ზიკას ვირუსი ტრანსმისიული გზით კოღოების მეშვეობით გადაიცემა (ინკუბაციური პერიოდი კოღოს კბენიდან 3 -12 დღე), ვირუსის გადაცემა ასევე შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტით. ზიკას ვირუსი იწვევს საშუალო სიმძიმის ცხელებით მიმდინარე დაავადებას, რომელიც ცნობილია ზიკას დაავადების სახელწოდებით. ზიკა ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევები აღწერილია 1947 წლიდან აფრიკასა და აზიაში, ხოლო 2000 წლიდან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. სიმპტომები: ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, ზურგის ტკივილი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, კონიუქტივიტი. დაავადების სიკვდილით დასრულების შემთხვევები ძალიან მცირეა. პრევენციისათვის ვაქცინა ან სპეციფიური მედიკამენტი არ არსებობს. მკურნალობა - სიმპტომების მიხედვით. კლინიკური სურათიდან გამომდინარე, დიაგნოზის დასმისათვის მნიშვნელოვანია ლაბორატორიულ დიაგნოსტიკა.

ბრაზილიაში 2015 წლის მაისში ზიკას დაავადების პირველი შემთხვევა დარეგისტრირდა, შემდეგ დაავადება გავრცელდა ბრაზილიის 18 შტატში, ასევე მეზობელ ქვეყნებში: კოლუმბია, სალვადორი, გვატემალა, მექსიკა, პანამა, პარაგვაი, სურინამი, გონდურასი და ვენესუელა. 2015 წელს აფრიკის კაბო-ვერდეში აღირიცხა ზიკას დაავადების 1000 სავარაუდო შემთხვევა, 64 სისხლის ნიმუშიდან 17 აღმოჩნდა დადებითი ზიკა ვირუსზე. ევროპაში 2015 წელს აღრიცხულია სულ 2 შემთხვევა ჰოლონდიასა და გერმანიაში, ორივე შემთხვევა ამ ქყვეყნებში შეტანილი იყო.

2015 წელსვე ბრაზილიაში მიკროცეფალიით დაავადებული ახალშობილის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ორსულობის პერიოდში დედის ამ ვირუსით ინფიცირება ზრდის ნაყოფში მიკროცეფალიის განვითარების რისკს, რადგან ვირუსს აქვს უნარი ტრანსპლაცენტარულად შეაღწიოს ნაყოფში. ბრაზილიის 20 შტატში 2015 წელს 2401 მიკროცეფალიის შემთხვევა (მათ შორის 29 ლეტალური შედეგით) აღირიცხა, 2014 წელს - 147, 2013 წელს -167 შ. მიკროცეფალიის 134 შემთხვევაში დადგენილია ახალშობილის ზიკა ვირუსთან კავშირი (ბავშვის დედას გადატანილი აქვს დაავადება ორსულობის პერიოდში). დანარჩენი შემთხვევების კვლევა გრძელდება.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)