"ვფიქრობთ, ბავშვი ვიღაცამ მოიტაცა" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობთ, ბავშვი ვიღაცამ მოიტაცა"

ატენის ხეობის სოფელ ბობნევში უკვე მეხუთე დღეა 4 წლის რამაზს ეძებენ. ბებიასთან დატოვებული ბავშვი შუადღისას სახლიდან ეზოში ყველას შეუმჩნევლად გამოვიდა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ბავშვი მოხუცმა ბებიამ მოიკითხა, მაგრამ ვერსად იპოვა

შეძრწუნებულმა მოხუცმა ეს ამბავი ამცნო მთელ სოფელს, სადაც იმ დღეს სოფლის დღესასწაულს - ახალჯვრობას ზეიმობდნენ. მოსახელობამ და სტუმრებმაც ბავშვის ძებნა მაშინვე დაწყეს, თუმცა პატარას კვალს ვერსად მიაგნეს. მალე საქმეში სამართალდამცავებიც ჩაერთვენ, ძებნა გრძელდება თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.

ბავშვის მამას ესაუბრა პორტალ AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი, რომელმაც განაცხადა:

"უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, სადაც კი შეიძლებოდა, აბსოლუტურად ყველგან ვეძებეთ, მაგრამ არანაირი კვალი არ ჩანს. პატარა ბავშვია, სახლიდან მარტო არსად გადიოდა, გაუჩინარების დღესაც, ძმასთან და მეზობლის ბავშვებთან ერთად იყო სახლთან ახლოს. ვერც ტყეში წავიდოდა, ვერც მდინარეზე, ერთადერთი მოსაზრება გვაქვს, რასაც ჩემი უფროსი შვილის, თაზოს მონაყოლი გვიმყარებს, ბავშვი ამბობს, რომ წითელმა მანქანამ გაიარა, გააჩერა, რამაზს წელზე მოხვია ხელები, მანქანაში ჩასვა და ბოშურის ხეობის მიმართულებით წავიდა მანქანა, ვფიქრობთ, რომ ბავშვი ვიღაცამ მოიტაცა".

სამართალდამცავები გამოძიების ვერსიებზე არაფერს ამბობენ, დაკარგული ბიჭუნას მამამ კი, AMBEBI.GE-სთან საუბრისას ისიც გაამხილა, რომ გამომძიებელმა დაკითხვისას ეჭვი შეიტანა, მშობლებმა ხომ არ გაასხვისეს ბავშვი: "ესეც მკითხეს პოლიციაში, ბავშვი თქვენ ხომ არ გაყიდეთო, რა საშინელებაა, მშობელმა შვილი როგორ უნდა გაყიდოს, ეს როგორ უნდა იფიქროს ვინმემ. პირველი მეუღლეც მყავდა, შვილი არ გაგვიჩნდა, ახლა კი, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ სამი შვილი მომცა, მართალია ძალიან გვიჭირს, მაგრამ მუდმივად ვწვალობ, რომ ჩემს პატარებს საჭმელი მაინც ჰქონდეთ". (იხილეთ სრულად)

kvirispaitra.ge ესაუბრა იმ სოფლის მკვიდრთაც.

რომან ლ: - დაკარგული ბავშვის გარდა, ამ ოჯახს კიდევ ორი შვილი - 5 წლისა და წლინახვრის ქალ-ვაჟი ჰყავს. ამ ამბის შემდეგ ბავშვები სოცმუშაკებმა სახლიდან წაიყვანეს, ამბობენ, დროებითო... ბავშვების ბებია და მშობლები პატარების შინ დაბრუნებას ითხოვენ. საწყლები საშინელ დღეში არიან. დაკარგული პატარა ერთხელ უკვე ისეთ მძიმე განსაცდელს გამოსტაცეს ხელიდან...

2 წლის არ იყო, რომ დაეწვათ, მძიმე დღეში იყო... ყოფილმა გამგებელმა თავად წაიყვანა საავადმყოფოში და თავად უპატრონა. ბავშვის მშობლებიც ამ კაცს დაჰყავდა შვილის სანახავად; საწყლებს თავად იმის სახსარიც არ ჰქონდათ, რომ დამწვარი შვილის სანახავად თბილისში ჩასულიყვნენ. ეს ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახია, მატერიალურად ძალიან უჭირთ...

- რა ვერსიებია სოფელში, სად უნდა წასულიყო პატარა. პირველად გაჩნდა ვერსია, რომ ეზო ისე საიმედოდ იყო დაკეტილი, გამორიცხულია ბავშვი სადმე გასულიყო.

- ტყუილია, რომ ბავშვს ეზოდან გასვლა არშეეძლო. სამწუხაროდ, ეზო ისე საიმედოდ დაცული ეზო არ არის, რომ ბავშვი ვერ გავიდეს. ამ დროს სახლი სოფლის განაპირას კლდეებთან და ტყესთან ახლოს დგას. ვინ იცის, ბავშვი იქით წავიდა და იქ მოხდა რამე უბედურება... არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება პატარა სოფელში ჩამოსულმა ნადირმა ან გარეულმა ფრინველმა იმსხვერპლა (ამ ადგილებში ხშირად გვინახავს არწივიც და ორბიც), მაგრამ სადმე რაიმე კვალი ხომ უნდა გვენახა...

მოამზადა ეთერ ერაძემ