აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი 28 მაისს გაიხსნება - კვირის პალიტრა

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი 28 მაისს გაიხსნება

28 მაისს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბულვარში ზაფხულის ტურისტულ სეზონს სპეციალური ღონისძიებით გახსნის.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, ერთდღიანი ღონისძიების ფარგლებში საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიასა და ბულვარის ახლად რეაბილიტირებულ ხეივნებში მასშტაბური კონცერტი და გასართობი პროგრამაა დაგეგმილი.

ღონისძიება 28 მაისს 11:00 საათზე, ბულვარის ცენტრალურ ფანტანებთან წყლის ფარდის შოუთი გაიხსნება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიებას „შუა ქალაქის“ მსახიობები ბაჩო ქაჯაია და ნოდარ გურგენაშვილი წაიყვანენ. დღის განმავლობაში სპეციალური დეკორაციებითა და განათებებით გაფორმებულ ბულვარში ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ბენდების Nemo, Strawberry Fields, Sound Lab, მოსიარულე დრამერების კონცერტებს დაესწრონ და ზაფხულში დასვენებასთან ასოცირებულ სხვადასხვა აქტივობებში, მასტერკლასებსა და შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ღონისძიების მრავალფეროვანი პროგრამა ყველა გემოვნებისა და ასაკის ადამიანის გართობასა და დასვენებაზეა გათვლილი.

ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ახალი ტურისტული მარშრუტების პრეზენტაციაც. ბათუმში არსებული სასწავლებლების ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ლაშქრობები მაღალმთიანი აჭარის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე: ველო ტური მირვეთში, მაჭახელას თოფის გზა, ღვინის და კულინარიული ტური ვაიოში, სათავგადასვლო ტური შუახევში და ლაშქრობა მტირალაზე. ბულვარის ტურისტულ საინფორმაციო ცეტრთან კი ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია მოეწყობა.

სპეციალურად სეზონის გახსნის ღონისძიებისთვის აჭარაში ყველაზე ვიზიტირებადი ადგილები უფასო იქნება. 28 მაისისთვის, მსურველებს საშუალება ექნებათ ბათუმის ბოტანიკური ბაღს, გონიოს ციხეს, ნობელების მუზეუმს, არქეოლოგიური მუზეუმსა და მუნიციპალიტეტებში არსებული მუზეუმებს უფასოდ ეწვიონ. სტუმრებს სპეციალურ ფასდაკლებებს შესთავაზებს ბულვარის სანაპირო ზოლთან მობილიზებული საზღვაო სასეირნო ტრანპორტი - იახტები, პარაშუტები და კატამარანი, ასევე ბულვარში არსებული სხვა გასართობი ობიექტებიც (ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ბილიარდი, ტენისი). სანაპირო ზოლზე დაგეგმილია უფასო ფიტნეს, იოგა და სპორტული ღონისძიებები. ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება და ღამის 03:00 საათამდე გაგრძელდება.