"შეიძლება გადავარდნისას ცოცხალი იყო და თვითონ იბრძოდა" - რას ჰყვება მაშველი, რომელმაც სასულიერო პირის ცხედარი იპოვა? - კვირის პალიტრა

"შეიძლება გადავარდნისას ცოცხალი იყო და თვითონ იბრძოდა" - რას ჰყვება მაშველი, რომელმაც სასულიერო პირის ცხედარი იპოვა?

ვარაზი წოწონავა - სიმამაცისა და თავგანწირვის მაგალითი

საბედისწერო შემთხვევა 17 მაისს, გამთენიისას, თბილისში მოხდა. "ოპელის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მღვდელ-მონაზონი ბასილ კორტავა მართავდა, ჯებირს შეეჯახა და მანქანა მტკვარში გადავარდა. ამ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს, რომლებმაც მაშინვე აცნობეს სამართალდამცავებს. მას მერე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები დაკარგულს ეძებდნენ. მდგომარეობას მტკვრის ძლიერი დინება ართულებდა, მაშველებს წყალში სამძებრო სამუშაოების ჩატარება ძალიან უჭირდათ. მიუხედავად ამისა, უკან არ დაუხევიათ.

ენით აღუწერელი შრომა გასწიეს 5 დღე-ღამის განმავლობაში მაშველებმა. მაშველი ვარაზ წოწონავა 16 წელია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მსახურობს და ამ წლების მანძილზე უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. იმ დღესაც დიდი რისკის ფასად მიაგნო მოძღვარს. სწორედ მასთან აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს ჟურნალი "გზა", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ვარაზ წოწონავა:

- დამირეკა უფროსმა და მითხრა, - კიდევ ერთხელ უნდა გავიდეთ მტკვარში, დაკარგულის მოსაძებნადო. წინა დღეებშიც ვეძებდით მოძღვარს. სადაც გადავარდა მანქანა, ის ტერიტორიები შესწავლილი მქონდა, რამდენჯერმე ჩავედი წყალში, მაგრამ ვერ ვიპოვე.

....

- იმ დღესაც დიდხანს ეძებდით?

- მაგნიტით ჩავედი. ყველგან არ ვმუშაობთ მაგნიტით, მაგრამ რადგან ვიცოდით, მანქანა იყო გადავარდნილი, შეიძლებოდა, მანქანა ეპოვა მაგნიტს.

...

იმ დღეს გაგვიმართლა, მალე ვიპოვეთ მანქანა. წყალში ბუნებრივია, ვერ ხედავ, მაგრამ ხელების ფათურით ვიგრძენი, რომ მანქანას მივაგენი. ამოვედი ზევით და დავიყვირე, - ბიჭებო, მანქანა ვიპოვე-მეთქი. ყველას გაუხარდა. მართალია, დიდი ტრაგედია მოხდა, მაგრამ ამ შემთხვევვაში მთავარი იყო, ცხედარი გვეპოვა. ისევ ჩავედი წყალში, მძღოლის მხარეს ფანჯარა ჩამსხვრეული იყო. ეტყობა, გადავარდნის დროს დაიმსხვრა. ხელი შევყავი ფანჯარაში და ცხედარს ხელით შევეხე. ამის მერე დაიწყო მანქანის ჩაბმის ოპერაცია, რაც ძალე რთული იყო. ბიჭები მეხმარებოდნენ, მაგრამ წყლის სიღრმეში მე ჩავდიოდი. მანქანას თოკი ჩავაბი. ეს ურთულესი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში. ვერ ვმოძრაობდი თავისუფლად, წყალის დინებას შეიძლებოდა, გავეტაცე, ცალი ხელით ვმუშაობდი რამდენიმე საათის განმავლობაში. იმისიც მეშინოდა, მიცვალებული წყალს არ გაეტაცა. ძალიან ძლიერი დინება იყო. მიცვალებული დავაფიქსიროთ, არ გაიტაცოს წყალმაო. როცა პირველად შევეხე მის ცხედარს, ვთქვი, ღმერთმა აცხონოს მისი სული-მეთქი. როცა მანქანა ამოიყვანეს ჩემმა კოლეგებმა, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე.

...

საჭესთან არ იყო, ეტყობა, წყალმა გადაიტანა ცხედარი ან შეიძლება გადავარდნისას ცოცხალი იყო და თვითონ იბრძოდა. ამ სამუშაობის დროს ფაქტობრივად, სამი ჟანგბადის ბალონი დავცალე. ზემოდან მესმოდა ჩემი უფროსის ხმა, - ძალიან გადაიღალე, ამოდი ზევით და სხვას ჩავუშვებ, შეგცვლიანო, მაგრამ მაშინ დაღლაზე არ ვფიქრობდი.

მოძღვრის ძებნის სხვა აქამდე უცნობი დეტალები, ასევე სხვა სამაშველო ოპერაციების, მათ შორის 13 ივნისის ტრაგედიის, ამბები სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 26 მაისის ნომერში.