მერაბ კოსტავა - "უშიში, ვითარცა უხორცო…" - კვირის პალიტრა

მერაბ კოსტავა - "უშიში, ვითარცა უხორცო…"

"უღმერთოების მესვეურებს, დიდი ილია რომ არ დაინდეს, არც საქართველოს ხელყოფაზე აუკანკალდებათ ხელი"

რა სიმბოლურია, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ზუსტად, 77 წლის წინ, 1939 წლის 26 მაისს დაიბადა და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა.

პირველად ჩვიდმეტი წლისა დააპატიმრეს - მეგობრებთან ერთად ანტისაბჭოთა პროკლამაციები გაავრცელა. მაშინ ყმაწვილებს პირობითი სასჯელი და საჯარო ლანძღვა-გინება აკმარეს. იმ ყმაწვილებიდან პოლიტიკური, ანდა როგორც მაშინ ეძახდნენ, დისიდენტური მოღვაწეობა, მხოლოდ ორმა - მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ განაგრძეს, რისთვისაც ორივე 1977 წელს მეორედ დააპატიმრეს. მერაბ კოსტავამ 10-წლიანი სასჯელი მოიხადა. ამ დროის განმავლობაში მისი ციმბირული "თავგადასავლები" ლეგენდებივით აღწევდა სამშობლოში.

მერაბი 3 წელი პერმში იჯდა, 2 წელი გასახლება მიუსაჯეს; გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც "ხულიგანს" და ციმბირში (ტაიშეტის ოლქი, სოფელი კვიტოკი) გაამწესეს. იმ პერიოდში მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა; მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებში და მის სამეგობროში ჰქონდათ. ციმბრში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ვაჟი - 25 წლის ირაკლი კოსტავა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მერაბ კოსტავა პატიმრობიდან 1987 წელს გაათავისუფლეს, რასაც საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთება მოჰყვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა შეუქცევადი გახდა. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მერაბ კოსტავამ, თავისი ქალიშვილი თამარი (თამთა) პირველად 10 წლისა ნახა.

ცხოვრებაში სიხარულზე მეტი ტანჯვა შეხვდა. თუმცა, ეს მისი არჩევანი იყო, რომელიც ყოველგვარ პირადულს გამორიცხავდა.

1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, დედაენასთან დაკავშირებით ახალგაზრდობა, რომ გამოვიდა, პირველად მაშინ დავინახე პლაკატი - “თავისუფლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას”. ხალხი კითხულობდა - “ვინ არის მერაბ კოსტავა, რატომ თავისუფლება, დაპატიმრებულია?” მოგვიანებით გავიგე, რომ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ხეზე ავიდნენ და ეს პლაკატი ისე აღმართეს. 10-წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში მერაბი ძალიან თავისუფალი, ლაღი დაბრუნდა. ეტყობოდა, რომ ძალიან ბევრი ჰქონდა ნაფიქრი, ყველაფერ იმაზე, რაზეც მანამდეც წერდა, ფიქრობდა. გარშემომყოფებს თავს არასდროს ახვევდა ვაჟიშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს", -  იხსენებს მერაბ კოსტავას ნათესავი ციცინო მაღლაფერიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ბოლო 26 მაისი მერაბ კოსტავამ 1989 წელს აღნიშნა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. მანამდე, გამთენიისას ნარიყალაზე სამფეროვანი დროშა აიტანა და მიტინგზე წასვლის წინ იქ ხელმეორედ ავიდა - დროშა ხომ არავინ ჩამოხსნაო.

სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული, ერის სინდისად გამოცხადებული მერაბ კოსტავა ბრძანებდა: "მაშ ისევ ქრისტიანული სარწმუნოებისკენ მოვუწოდოთ ერთიან საქართველოს, თორემ უღმერთოების მესვეურებს, დიდი ილია რომ არ დაინდეს არც საქართველოს ხელყოფაზე აუკანკალდებათ ხელი…"

1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია – ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული მამულიშვილი. მისი დაკრძალვა იქცა მდუმარე, მასობრივი პროტესტის დღედ.

საქართველოს ეროვნულმა გმირმა, მერაბ კოსტავამ, მოღვაწეობის განმავლობაში, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით არაერთ სფეროში სცადა თავისი ძალები. იგი იყო იშვიათი მონაცემების მქონე პიანისტი, მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი, პედაგოგი და პოეტი. განსაკუთრებით უყვარდა ქართული სიმღერები და საგალობლები, დიდ პატივს სცემდა წინაპართა მუსიკალურ მემკვიდრეობას, თავადაც ეძიებდა მათ და ეწეოდა ქართული მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციას.

იხილეთ ფოტოგალერეა: მერაბ კოსტავა - თავისუფლებისთვის ბრძოლის მედროშე