"არ არსებობს მსოფლიოში წარმატებული უნივერსიტეტი, ჩემი სტუდენტი რომ არ მუშაობდეს" - "ინტელექტის გადინება" გრძელდება - კვირის პალიტრა

"არ არსებობს მსოფლიოში წარმატებული უნივერსიტეტი, ჩემი სტუდენტი რომ არ მუშაობდეს" - "ინტელექტის გადინება" გრძელდება

ქვეყნიდან გონიერი და განათლებული ადამიანების გასვლას "ტვინის გადინება" ეწოდება და მაღალკვალიფიციური კადრების ემიგრაციას ნიშნავს. ეს პრობლემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი, საქართველოში მწვავედ დგას.

ალბათ ბევრს სმენია უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქართველების შესახებ. ინტელექტის გადინების პროცესი ჩვენში, 90-იან წლებში დაიწყო და ახლაც გრძელდება...

ახალგაზრდები სამშობლოში მიღებულ განათლებასაც არადამაკმაყოფილებლად აფასებენ. ამის მიზეზი კი, გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, შემდეგი პრობლემებია: ქართულენოვანი სასწავლო ლიტერატურის ნაკლებობა, სწავლის საფასურის სიძვირე, სასწავლო დაწესებულებებში არსებული ჯერ კიდევ არასრულყოფილი ინფრასტუქტურა, სასწავლო პერსონალის დაბალი კომპეტენტურობა... ეს ყველაფერი სტუდენტების ევროპული სასწავლებლებისკენ სწრაფვის წინა პირობაა. სწავლის დასრულების შემდეგ კი, რა თქმა უნდა, მათ იქ ბევრად მაღალანაზღაურებადი სამსახური ელით და სამშობლოში დაბრუნებაზე აღარც ფიქრობენ.

ჯემალ მებონია, ფიზიკოსი, პროფესორი:

- არ არსებობს მსოფლიოში წარმატებული უნივერსიტეტი, ჩემი სტუდენტი რომ არ მუშაობდეს. მაგალითად, გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტში 20 ქართველი წარმატებული ფიზიკოსი მუშაობს. ისინი ჩაბმული არიან საერთაშორისო პროექტებში. მუდმივად მხვდება მათი გვარები. თან მიხარია, თან გული მტკივა. მე ყველა მათგანში შრომა ჩავდე, რომ საქართველოს გამოსდგომოდნენ... თან მეამაყება, რომ მათი სახელები მესმის გერმანიიდან, ავსტრალიიდან, ამერიკიდან... შეიძლება, ყველა არ დაბრუნდეს, ეს არც არის აუცილებელი, რაღაც ნაწილი იქ რომ დარჩეს, ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დამყარებას შეუწყობს ხელს, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც ხომ უნდა ბრუნდებოდეს უკან? ვერც ვამტყუნებ, აქ დასაბრუნებლად პირობები სჭირდებათ. როდესაც ვამბობთ, რომ სახელმწიფომ განათლება პრიორიტეტად უნდა აქციოს, ყველა გვეთანხმება, მაგრამ მუშაობის შედეგს ვერ ვხედავთ. II მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონია გაპარტახებული იყო, მაგრამ ქვეყნის ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ განვითარებისთვის განათლება აუცილებელი იყო და ამ პრობლემაზე დროულად იზრუნა. შედეგად, სულ რაღაც 20 წელიწადში იაპონიას საოცარი წინსვლა ჰქონდა და ბევრ რამეში ამერიკასაც გაასწრო.

ავთანდილ არაბული, აკადემიკოსი, ენათმეცნიერი:

- კარგია, რომ ამ პრობლემით პრესა დაინტერესდა: თქვენ შუამავლები ხართ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის. ქართველოლოგების, ფილოლოგებისა და საერთოდ, ჰუმანიტარებისთვის, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შესაფერისი სამეცნიერო საქმიანობა არ არსებობს. რამდენიმე წელია, უნივერსიტეტებსა და აკადემიის ინსტიტუტებს შორის არსებული კავშირი მოიშალა, რის შედეგადაც, უნივერსიტეტი და აკადემია კურსდამთავრებულებს ვერ ასაქმებენ. მაგალითად, ენათმეცნიერების ინსტიტუტში, მაგისტრატურის კურსდამთავრებულს სტაჟიორად ვიღებთ, მაგრამ იმის გამო, რომ ვაკანსია არ არის, ვერ ვასაქმებთ. შესაბამისად, პერსპექტიული ახალგაზრდები იძულებულნი არიან, უკან გაბრუნდნენ, - ვისაც შეუძლია, ცდილობს, უცხოეთში წავიდეს. ჩემი ძალიან ბევრი კოლეგაა წასული. საქმდებიან გერმანიაში, სადაც საკმაოდ წარმატებულები არიან და აქეთ ჩამოსვლაზე არც ფიქრობენ... ეს ინტელექტუალური რესურსია, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 26 მაისის ნომერში