"ჩემმა მტერმა დაინახა, რაც მე იქ ვნახე" - როგორ მოხვდა გეიქორწილში ჯემალ ჭკუასელი? - კვირის პალიტრა

"ჩემმა მტერმა დაინახა, რაც მე იქ ვნახე" - როგორ მოხვდა გეიქორწილში ჯემალ ჭკუასელი?

ამერიკელი პატარძლით გაოგნებული ქართველი სტუმრები

"ნამდვილად მოსწონს ჩვენი ანსამბლი ბატონ ბიძინას! გენიოსი კაცია, სასწაული პიროვნება"!

ჯემალ ჭკუასელი სუფრაზე თავს გადახდენილ ამბებს იხსენებს:

- ხშირად მითამადია პარიზში... მახსოვს, ფრანგები თბილისში მყავდა, სტუმრად და თამადად თემიკო ჩირგაძე დავნიშნე. თემიკომ სუფრაზე ვითომ ფრანგულად დაიწყო ლაპარაკი (სიტყვაც არ იცოდა ფრანგული). სტუმარი მომიბრუნდა და მკითხა: რომელ დიალექტზე საუბრობს, ვერ გავარჩიეო. ეს მეც თარჯიმანმა მითარგმნა, თორემ არც ფრანგული ვიცი, არც ინგლისური და არც ქართული, ნორმალურად. სტუმარს ვუთხარი, - ვერც მე გავიგე, რა ენაზე საუბრობს-მეთქი... აი, როგორც ფრანგები ჟღურტულებდნენ, ისე ჟღურტულებდა თემიკოც! უნიჭიერესი კაცი იყო!

- იუმორი რამდენად საჭიროა სუფრისთვის?

- ქუთაისში კაცი თამადობდა და თურმე, ასეთი სადღეგრძელო წარმოთქვა: გავიხსენოთ თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, ჩვენი დიდი წინაპრებიო... ამ დროს ვიღაცას დააცემინა და როგორც იციან, სუფრის ერთ-ერთმა წევრმა ბეჭებზე დაჰკრა ხელი, - მათ მოსვლამდე არაფერი გეტკინოსო... თამადას ენამოსწრებულად უთქვამს, ისინი მოვიდნენ და მაგის კუბო არ დავდგიო?.. იუმორი აუცილებელია! ღმერთმა დამიფაროს, წინასწარ ვიცოდე, რა სადღეგრძელოს ვიტყვი. შეცდომას თუ დავუშვებ, მერე რა მოხდა?! მე ვინ ვარ, რომ არაფერი შემეშალოს? მთავარია, როგორც გურიაში იტყვიან: ნაღდი იყოს და "ბერდენკას" ტყვიაო... ჩემთვის ყველაზე საყვარელი დედის სადღეგრძელოა!

ცოტა ხნის წინ კონსერვატორიაში, ქართული საგალობლები მოვისმინე და აწი თამადად სადაც ვიქნები, ფონდის "ქართული გალობა" სადღეგრძელოს ვიტყვი! ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ! არც ვიცი, ქართველ კაცს, ხალხურ სიმღერასა და ცეკვაზე უკეთესი რამ თუ შეუქმნია! სიმღერა არ არის ტაშ-ფანდური! ძალიან ჩამაფიქრებელი რამეა! დღეს სამსახურში ვიყავი, სადაც სტუმრად მაღალი დონის ამერიკელი ჟურნალისტები გვყავდნენ. ზრდილობიანად ითხოვეს, - რეპეტიციას ათი წუთით დავესწრებითო... ვეღარ მოშორდნენ იქაურობას და საათ-ნახევრის შემდეგ, ხუმრობით ვიკითხე: რამდენი ათი წუთი გავიდა-მეთქი? დაილოცოს ის ქართველი, ვინც მიწას ბარი დაჰკრა და "ხასანბეგურა", "ჩაკრულო" წაიღიღინა...

- გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სუფრა...

- ამერიკაში, ქორწილში მიგვიწვიეს. არაჩვეულებრივად მიგვიღეს! ვთხოვეთ, პატარძალი გაეცნოთ ჩვენთვის და გასაცნობად გავემზადეთ, თმა გავისწორეთ, ულვაში ავიწკიპეთ... ჩემმა მტერმა დაინახა, რაც მე იქ ვნახე. თეთრ კაბაში გამოწყობილ ულამაზეს პატარძალს ველოდით და გამოვიდა ჯმუხი კაცი... დღემდე არ ვიცი, რომელი სიძე იყო, რომელი პატარძალი და ნურც მაცოდინოს ღმერთმა! ლამის გადავირიეთ...

- ცნობილია, რომ ანსამბლი "ერისიონი" ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულად მოსწონს. მასთან მეგობრობთ. ხშირად ყოფილხართ ერთად სუფრაზე?

- დიახ, ნამდვილად მოსწონს ჩვენი ანსამბლი ბატონ ბიძინას! გენიოსი კაცია, სასწაული პიროვნება! თავისი ქვეყნისთვის გადადებული და მოყვარული! მახსოვს, მითხრა: პარიზში თქვენი 24 კონცერტიდან 22-ს დავესწარიო... ძალიან უყვარს და კარგად ერკვევა ქართულ ფოლკლორში. ჩვენი ერთ-ერთი ურთულესი დადგმა ისე გაარჩია, ვუთხარი: ბატონო ბიძინა, ასე მგონია, თქვენი დადგმულია, იმდენად კარგად გაიგეთ-მეთქი... სუფრასთანაც შევხვდით ერთმანეთს. ის ძალიან კომუნიკაბელურია. თითით საჩვენებელი, უმშვენიერესი ოჯახი აქვს. გვიმრავლოს ღმერთმა საქართველოში ასეთი ხალხი!

იხილეთ სრულად