"ადამიანი აქ თუ არ ცხოვრობს, ძნელად თუ წარმოიდგენს რას ნიშნავს ცხოვრება მავთულხლართებთან" - კვირის პალიტრა

"ადამიანი აქ თუ არ ცხოვრობს, ძნელად თუ წარმოიდგენს რას ნიშნავს ცხოვრება მავთულხლართებთან"

გადმოწეული საზღვარი, ახლადაღმართული ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, მავთულხლართები... ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული ადამიანები... - ამგვარი ინფორმაციები მედიის საშუალებით თითქმის ყოველდღიურად გვესმის, თუმცა როგორია ცხოვრება საოკუპაციო ზოლთან, ამაზე ცოტას თუ გვაქვს წარმოდგენა. მავთულხლართებისა და ოკუპაციის გარდა, აქ მრავლადაა სოციალური პრობლემები, მაგალითისთვის, რამდენიმე დღის წინ,  ე.წ საზღვრისპირა სოფლების ნაწილში სეტყვამ ადგილობრივებს ბაღ-ბოსტანი გაუნადგურა...

პრობლემები უამრავია, თუმცა საზოგადოებაც და ხელისუფლებაც ნაკლებად აცნობიერებს, რას ნიშნავს, ცხოვრობდე კონფლიქტის ზონაში.

რამდენიმე დღის წინ, მედიატურის ფარგლებში, ადმინისტრაციულ საზღვართან ახლო მდებარე სოფლებს იქ არსებული სოციალური საწარმოების მოსანახულებლად ვეწვიეთ. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე თქვენთვის იქაური ამბები მომეყოლა...

ავტობანიდან ხურვალეთის მიმართულებით გადავუხვიეთ. სოფელი პირობითად ორ ნაწილადაა გაყოფილი - ძველი და ახალი ხურვალეთი. ეს უკანასკნელი 2008 წლის შემდეგ, სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობისთვის აშენდა - სახელმწიფომ აგვისტოს ომის  შემდეგ 200-მდე დევნილი ოჯახი ჩაასახლა.

ხურვალეთის შესასვლელში ქართული პოლიცია დგას. სოფელში შესვლამდე მოქალაქემ პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოს. ჩვენც იგივე პროცედურის გავლა მოგვიხდა, როგორც აგვიხსნეს, ეს პროცედურა ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. მცირე მონაკვეთის შემდეგ, "თავისუფლები ვართ..." შეგვიძლია სოფელში შევიდეთ.

სოფელში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. სოფელი, ფაქტობრივად, დაცლილი და დემოგრაფიულად დაბერებული გვხვდება. ახალგაზრდები თანდათან ტოვებენ სოფელს და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად საცხოვრებლად ქალაქში გადადიან. სოფლის დაცლის მიზეზად აქაურები უმუშევრობას ასახელებენ და ამბობენ, რომ ოჯახების უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა.

სოფელში, სადაც ძირითადად მოხუცები დარჩნენ, ცხოვრებაც სხვანაირი რიტმით მიედინება. ესენი ის ადამიანებია, რომლებსაც წასასვლელიც კი არსად აქვთ და დამეთანხმებით, რომ საჭიროა ისეთი დაწესებულების არსებობა, სადაც მათზე იზრუნებენ, მოუვლიან, გააღიმებენ.

ამ და სხვა მიზეზით, გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ,"არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდმა" საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ "აფხაზეთის" და ამერიკის განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი "სოციალური საწარმოები დევნილთათვის" განახორციელა. ერთ-ერთი სოციალური საწარმო სწორედ სოფელ ხურვალეთში გაიხსნა, ამიტომ დევნილთა დასახლებიდან მის სანახავად წავედით. საწარმო ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზეა, თუმცა, რუსსა და ოს ე.წ. მესაზღვრეებს თავისუფლად გადაადგილებაში ეს ხელს არ უშლის.

შორიდანვე თვალში საცემი ბანერი ჩანს -"სახლი საზღვრების გარეშე"- სოციალური საწარმო, სადაც ცდილობენ, მოხუცებს უზრუნველი ცხოვრების პირობები შეუქმნან. იგი განსაკუთრებული საჭიროების მქონე 40 ხანდაზმულს მრავალპროფილურ სერვისს სთავაზობს, როგორიცაა დღის ცენტრის, შინ მოვლისა და სათემო 24 - საათიანი თავშესაფარის მომსახურება. იგი არამარტო ხურვალეთის, არამედ წითლუბნის, ნადარბაზევისა და შავშვების დევნილთა დასახლებებს ემსახურება.

ამ სოციალური საამქროს გახსნის იდეა აფხაზეთიდან დევნილი სალიების ოჯახს ეკუთვნის. მათ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, რომ ცენტრის გახსნის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოსახლეობამ სოფლების დატოვება და საცხოვრებლად ქალაქში გადასვლა დაიწყო. როგორც ლუდმილა სალია ამბობს, მას სურს, რომ მოხუცებს სამედიცინო დახმარება გაუწიოს, უზრუნველი ცხოვრება შეუქმნას და სიცოცხლე გაუხანგრძლივოს.

85 წლის ჟენია მელაძე უკვე თვეზე მეტია ამ ე.წ. საწარმოს მომსახურებით სარგებლობს.

"ადამიანი, აქ თუ არ ცხოვრობს, ძნელად თუ წარმოიდგენს ჩვენი ყოფის სირთულეს, იმას, თუ რას ნიშნავს მავთულხლართებთან ცხოვრება, ყოველდღიური დაძაბულობა და ხვალინდელი დღის შიში", - გვეუბნება მოხუცი.

კიდევ რამდენიმე სოციალური საწარმო მოვინახულეთ, ყველას სხვადასხვა დანიშნულება აქვს, თუმცა, სამიზნე აუდიტორია თითოეულისთვის დევნილი მოსახლეობაა.

ბერბუკში არსებული საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ საწარმოთაგან, რომელიც დევნილთათვის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად შეიქმნა. იგი ზემოხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით სრულად გარემონტდა, საჭირო ტექნოლოგიით აღიჭურვა და ამჟამად ახლომდებარე სოფლების სკოლამდელი ასაკის ბავშვებს განათლების უფასო სერვისს სთვაზობს. რაც მთავარია, შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზეც.

რადგანაც სასწავლო დაწესებულება ვახსენე, აქვე ტყვიავის თემში არსებულ "საკვირაო სკოლის" შესახებაც გიამბობთ; აღნიშნული დაწესებულება სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს ემსახურება; აქ ძირითადად სკოლის ასაკის ახალგაზრდებს შეხვდებით, რომლებიც ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით იღრმავებენ: კომპიუტერული პროგრამები, უცხო ენები, ცეკვა, სიმღერა და ხელსაქმის შემსწავლელ კურსები.

ყველა სოციალური საწარმო განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ზოგადად, ჩვენს რეალობაში აღნიშნული პროექტი "ახალი ხილია" და შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანისთვის ძალზე საინტერესოდ გამოიყურება; მითუმეტეს, რომ ამჯერად პროექტის მიზანი დევნილი ან კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებაა. პროექტის ფარგლებში გახსნილ სოციალურ საწარმოთაგან ერთ-ერთი, სოფელ ბერბუკში გახსნილი "ლიახვის ოსტატებია" , რომელიც ვერხვების დევნილთა დასახლებაში გრძელვადიანი და უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფასა და კონფლიქტის ზონაში ასრებული კულტურულ - ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობას ისახავს მიზნად.

ზემოხსენებული სოციალური საწარმოები ბენეფიციარებს დასაქმების საშუალებასაც აძლევს. პროექტის ორგანიზატორების თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ადგილობრივების დასაქმება და მათი სოციალიზაცია იყო. მაგალითისთვის "ერგნეთის რძის პროდუქტებში", რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დახმარებას, სოფლის შენარჩუნების პროცესის მხარდაჭერასა და ტრადიციული მეურნეობის აღორძინებას ისახავს მიზნად, ამ ეტაპზე 5 ადგილობრივია დასაქმებული".

პროგრამის ფარგლებში მოძრავ ავტოსახელოსნოს, "მეჯუდა 2015"-ს გავეცანით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური პროექტი, რომელიც დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებს სასოფლო სამეურნეო საქმიანობებში მხარდაჭერას და მათთვის დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას ემსახურება. ავტოსახელოსნოში ამჟამად 6 ადამიანია დასაქმებული და იგოეთი-ხაშურის მაგისტრალზე მძღოლებს ავტომობილის შეკეთებას ადგილზე მისვლით სთავაზობს. "მოძრავი ავტოსახელოსნო" სულ 25 სოციალურად დაუცველ, დევნილ ბენეფიციარს ემსახურება.

დევნილებთან შეხვედრისას პრობლემები იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ცხოვრება საოკუპაციო ზოლთან ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, ამ ადამიანებზე, მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა ზრუნავდნენ, ეს უმთავრესად სახელმწიფოს ვალდებულებაა, რადგან ეს ადამიანები რეალურად საკუთარი სიცოცხლის ფასად, უიარაღოდ იცავენ ქვეყანას!

თათია ქუჯოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)