"ქართველი მსმენელი ძალიან დამეხმარა" - ყაბალახი საჩუქრად, ნიგვზიანი ბადრიჯანი და რობი უილიამსის გრანდიოზული შოუ თბილისში - კვირის პალიტრა

"ქართველი მსმენელი ძალიან დამეხმარა" - ყაბალახი საჩუქრად, ნიგვზიანი ბადრიჯანი და რობი უილიამსის გრანდიოზული შოუ თბილისში

"ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი ბოლო 7 თვის განმავლობაში და საკმაოდ ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, ქართველი მსმენელი ძალიან დამეხმარა", - განაცხადა მსოფლიო ვარსკვლავმა რობი უილიამსმა თბილისში გამართული კონცერტის შემდეგ.

კიდევ ერთი მასშტაბური "Check in" საქართველოში. 27 მაისს მსოფლიო ვარსკვლავმა, რობი უილიამსმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში კონცერტი გამართა. "დინამო არენაზე" 42 წლის ბრიტანელი მომღერლის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. უილიამსი მაყურებლის წინაშე გრანდიოზული შოუთი წარდგა. კონცერტზე შესრულდა ყველასათვის ცნობილი ჰიტები მუსიკოსის რეპერტუარიდან.

მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში გაიმართა. კონცერტზე დასასწრები ბილეთები რამდენიმე კვირით ადრე გაიყიდა.

შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რობი უილიამსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს შეხვდა და მისი ნაჩუქარი ყაბალახიც მოირგო.

კონცერტზე დასასწრები ბილეთები რამდენიმე კვირით ადრე გაიყიდა, ქართველი მსმენელების გარდა, შოუზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებიც იყვნენ. მათი უმეტესობა აღფრთოვანებას ვერ მალავდა და სცენაზე მომღერლის გამოჩენას სიხარულით ელოდა.

"ჩვენ ყაზახეთიდან სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოვედით, თუმცა ვაპირებთ საქართველოში დარჩენას და ბათუმში, ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტზე დასწრებასაც. ძალიან მიყვარს რობი უილიამსის სიმღერები, განსაკუთრებით "Feel". მე მაგალითად, ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, თბილისში მეხუთედ ვარ და ძალიან მომწონს აქაურობა, ქალაქი, ქართული კერძები და ა.შ."

მომღერლის შოუს დაწყების ზუსტი დრო ბოლო წუთამდე არ იყო დაზუსტებული. ორგანიზატორების განცხადებით, ეს თავად რობი უილიამსის პირად გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული.

მსმენელებისთვის "დინამო არენას" კარებები 17:00 საათიდან გაიღო. საკმაოდ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათზე, სცენაზე ჯგუფი "გრივსონიქსი" გამოვიდა. 21:40 წუთზე კი, სცენაზე რობი უილიამსი გამოჩნდა, ლოდინისგან უკმაყოფილო მსმენლის გული მომღერლმა სცენაზე გამოსვლის პირველივე წუთებიდანვე მოიგო.

უილიამსმა სცენაზე პირველი Let Me Entertain You შეასრულა. ის სცენიდან თაყვანისმცემლებს გაესაუბრა და თხოვნით მიმართა, თუ მისი კონცერტი მოეწონებოდათ, სიმღერაში აჰყოლოდნენ. ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი აღმოჩნდა სცენაზე მომღერლის მამის გამოჩენა.

ბრიტანელმა მომღერალმა ქართველ მსმენელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სიურპრიზი გაუკეთა: "გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. თქვენთვის საჩუქარი მაქვს. მოდით, ყველასათვის ცნობილი სიმღერის New York, New York სიტყვები შევცვალოთ Georgia Georgia-თი და ყველამ ერთად ვიმღეროთ". მომღერლის საჩუქარს მსმენელი სიხარულით შეხვდა და სიმღერაშიც აყვა.

მომღერლისგან კიდევ ერთი საჩუქარი ერგო ქართველ გოგონას, მარიამს, რომელიც უილიამსმა სცენაზე აიყვანა და დაჩოქილმა უმღერა.

"დიდი მადლობა საქართველო, შემიძლია კიდევ დავბრუნდე? დიდი ხანია შოუ არ გამიკეთებია და იმედია მოგეწონათ დღევანდელი საღამო, იმედი მაქვს კარგი დრო გაატარეთ, ძალიან მიყვარს საქართველო", - განაცხადა მომღერლმა, ბოლო სიმღერა შეასრულა და სცენა დატოვა.

კონცერტით აღფრთოვანებული მსმენელი ემოციას ვერ მალავდა.

ნინო მჭედლიშვილი: "ძალიან კმაყოფილი ვარ, საოცარი შოუ იყო, ისევ ემოციების ქვეშ ვარ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ კონცერტი ძალიან გვიან დაიწყო და ეს არ მოგვეწონა, თავიდანვე უნდა ცოდნოდა მსმენელს კონცერტის დაწყების დრო, სხვა დანარჩენით კი კმაყოფილი ვარ".

რობი უილიამსმა თბილისი კონცერტის დასრულებისთანავე დატოვა და აეროპორტში, გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, მედიას საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

"ქართველი მსმენელი იყო სენსაციური და ძალიან გულუხვი. იმის გათვალისწინებით, რომ მე აქ არასოდეს ვყოფილვარ, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ყველას ეცოდინებოდა ჩემი სიმღერების ტექსტები. კონცერტის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ჩავარდნა, მუდმივად იგრძნობოდა აუდიტორიის ენერგეტიკა. ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი ბოლო 7 თვის განმავლობაში და საკმაოდ ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, ქართველი მსმენელი ძალიან დამეხმარა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში.

საქართველოში ძალიან თბილი ხალხია. კლიმატიც ძალიან თბილია. მომეწონა კერძებიც. ნიგვზიანი ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა. მე ასევე კონცერტის დროს სიმღერა New York New York შევცვალე Georgia Georgia-თი, და უკუკავშირი იყო საოცრება. სიმღერას დიდი ოვაციები მოჰყვა. ასევე მსმენელმა იცოდა ჩემი სიმღერა Candy, ვერ წარმომედგინა თუ ვინმემ ჩემი ეს სიმღერა იცოდა. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თქვენთან დაბრუნებას და კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრას".

მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრი: "ვერ გადმოგცემთ სიტყვებით იმ ემოციას, რასაც ახლა ვგრძნობ. მინდა ვთქვა, რომ საქართველო არა მხოლოდ, "დაჩექინდა" მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე, არამედ დღეიდან ბრწყინავს და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მომდევნო ასეთი დიდი ღონისძიება კიდევ უფრო მეტ წასრმატებას მოგვიტანს კიდევ უფრო ბევრ ადამიანს მოიზიდავს ჩვენს ქვეყანაში, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მივულოცო მართლაც ძალიან დიდი წარმატება.

იხილეთ ასევე:“I loved the food”, “Sensational audience” – Robbie Williams’ impressions from his visit to Georgia

ვიდეო

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)