"ძველი პროექტით ხიდი იმის ნახევარი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო" - მაქათუბნის სკანდალური ხიდი - კვირის პალიტრა

"ძველი პროექტით ხიდი იმის ნახევარი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო" - მაქათუბნის სკანდალური ხიდი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მაქათუბანში ერთ ნაპირს მეორესთან ბონდის ხიდი აკავშირებდა და დიდი ძალისხმევის შედეგად ადგილობრივი ხელისუფლება კაპიტალური ხიდის მშენებლობას დათანხმდა.

თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, გლეხებს კინაღამ ბონდის ხიდიც გამოაცალეს... ხარაგაულის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ შეძენილი პროექტით, ხიდი იმის ნახევარი აღმოჩნდა, ვიდრე საჭირო იყო - 30-მეტრიანის ნაცვლად 15-მეტრიანი ხიდი დააპროექტეს.

"2013-2014 წლებში სოფელ მაქათუბანში ხიდის მშენებლობა დაიწყო, თანხით 151.4 ათასი ლარი. პროექტი რამდენჯერმე გადაკეთდა, რამაც გამოიწვია ძირითადი პარამეტრების შეცვლა: ერთმალიანიდან ორმალიანად იქცა; 15.1 მეტრის ნაცვლად გახდა 30.2 მეტრი; შემცირდა ტვირთამწეობა. ცვლილებების შედეგად საჭირო გახდა ფინანსური რესურსის დამატება. ამასთან, გახანგრძლივდა სამუშაოების დასრულების ვადაც და ხიდი ექსპლუატაციაში შევიდა ერთი წლის დაგვიანებით", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

ხარაგაულის გამგებლის ყოფილი მოადგილე მიხეილ ჭიპაშვილი იხსენებს, რომ თანამდებობაზე ახალი დანიშნული იყო, როდესაც საპროექტო ორგანიზაციის მიერ ხიდის მშენებლობის პროექტი გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს მიუტანა განსახილველად.

მიხეილ ჭიპაშვილი: - რადგან მე ახალი მისული ვიყავი, ინფრასტრუქტურის სამსახურში შესული ხიდის პროექტი ჩემ გარეშე დამტკიცდა სამსახურის უფროსის, დავით დევდარიანის მიერ (რომელიც ახლა ხარაგაულის გამგებლის მოადგილეა). მალევე დავიწყე პროექტების შესწავლა. მაქათუბნის ხიდის პროექტმა ნახვისთანავე დამაეჭვა. განსაკუთრებით იმ ფაქტმა, რომ გათვალისწინებული არ იყო ჰიდროგეოლოგიური კვლევის შედეგები, მეტიც - კვლევა ჩატარებული არც იყო. არადა, ამის გარეშე ნაგებობის დადგმა არც ერთ მდინარეზე ან ღელეზე არ შეიძლება. ვინც მდინარე ძირულას იცნობს, დაეჭვდებოდა, რომ პროექტში რაღაც რიგზე ვერ იყო. ამიტომაც სხვა საპროექტო ორგანიზაციას ვაჩვენე ხიდის ასაშენებელი ადგილი და პროექტი. ჩემი ეჭვი გამართლდა, მაგრამ წარმოუდგენელი სინამდვილის წინაშე დავდექით. აღმოჩნდა, რომ ხიდი იმის ნახევარი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო, ბურჯები კი - მოკლე და უსაძირკვლო. იმის გამო, რომ ნალექიანი ამინდები იყო და კალაპოტში ვერ მუშაობდნენ, სამაგიეროდ ნაპირზე უკვე დაწყებული იყო ხიდის კონსტრუქციის მშენებლობა, უკვე ადუღებდნენ ხიდის მალას. შევაჩერებინე მშენებლობა... პროექტი ხელახლა გაკეთდა უკვე შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით. დავამატეთ ერთი მალა და შუა ბურჯი. ამასთან, ბურჯების სიმაღლე მეტრზე მეტით დაგრძელდა, რადგან წინა პროექტით პირველივე დიდი წვიმის დროს ძირი გამოეთხრებოდა.

- ხარჯი გაიზარდა?

- ცხადია. წინა პროექტით ხიდი 15-მეტრიანი და ერთმალიანი იყო. გადავაკეთეთ ორმალიანად და 15 მეტრით დავაგრძელეთ. თავიდანვე სწორად რომ გაკეთებულიყო, შუა ბურჯი, რომელზეც ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი დაიხარჯა, საერთოდ არ დასჭირდებოდა და ერთი მალაც ეყოფოდა.

- მეორე პროექტი იმავე საპროექტო ორგანიზაციამ გააკეთა?

- დიახ, თუმცა, უკვე ჰიდროგეოლოგიურ დასკვნებზე დაყრდნობით, შეცდომები გამოირიცხა. პროექტის ავტორების მოსაძებნად ბათუმში ჩასვლაც კი დამჭირდა.

- ადგილზე არც იყვნენ ნამყოფი და პროექტი ისე შეადგინეს? სხვანაირად გაუგებარია, 30-ის ნაცვლად 15-მეტრიანი ნაგებობა როგორ დააპროექტეს.

- ადგილზე ყოფილან, მაგრამ კვლევების გარეშე, თვალზომით გააკეთეს პროექტი. შედეგად მივიღეთ მრავალმხრივი ზარალი.

P.S. აუდიტის დასკვნაში არსად არის მოხსენიებული ხიდის დამპროექტებელი ორგანიზაციის ან კერძო პირის ვინაობა. "კვირის პალიტრა" გამგებლის მოადგილეს, წარსულში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით დევდარიანს დაუკავშირდა. დამპროექტებლის ვინაობა არც მას ახსოვს. ამბობს, რომ ვიღაც ბათუმელს ჯერ კიდევ მანამ შეუკვეთეს პროექტი, ვიდრე ადგილობრივ ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდოდა.

დავით დევდარიანი: - ჩვენ რომ მოვედით, ეს პროექტი მზად დაგვხვდა. თავიდან გავაკეთეთ ჰიდროგეოლოგია და უკეთესი გამოვიდა, თორემ პირვანდელი პროექტითაც შეიძლებოდა აშენება.

- 30-მეტრიანი ხიდის ადგილზე 15-მეტრიანი რომ აგებულიყო, ისიც ივარგებდა?!

- შეიძლებოდა ევარგა. იყო რისკი, მაგრამ რაღაც ლოგიკაც იყო...(?!)

- უზარმაზარი თანხა დაიხარჯა და 15-მეტრიანი ხიდიც თუ ივარგებდა, მეტი ფული რატომღა დახარჯეს?

- კი ბატონო, საბიუჯეტო ხარჯებია, მაგრამ სიგრძე მოემატა... პროექტის ავტორი დაჯარიმდა - ასე იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტმა ჯერ კიდევ "ნაციონალების" დროს დადო ეგ ხელშეკრულება და დეტალები არ მახსოვს.

ეკა ლომიძე