ჯერ ისევ შორია ევროპამდე... - კვირის პალიტრა

ჯერ ისევ შორია ევროპამდე...

იუსტიციის საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის მიერ, სასამართლოს სისტემის გარშემო შექმნილ ვითრებაზე, მომზადებულ წერილს, უცვლელად ვაქვეყნებთ:

დღეს, როდესაც სასამართლოს წრეგადასული ლანძღვა-გინება ჩვეულებრივ ამბად იქცა, მისი გამოქომაგების სურვილი მიჩნდება. იქნებ იმიტომაც, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ, მისდამი კრიტიკას ჩემს თავზეც ვიღებ და თან ამ ინსტიტუციისადმი ერთგულების გრძნობები მამოძრავებს. იქნებ ნაწილობრივ მიკერძოებულიც ვარამ გამოქომაგებისას, მაგრამ სათქმელი დამიგროვდა და მინდა ვთქვა. ბევრ მოსამართლეს პირადად ვიცნობ, დღედაღამ კეთილსინდისიერად რომ ემსახურებიან თავიანთ საქმეს და ნამდვილად არ იმსახურებენ იმ ეპითეტებს, მათი მისამართით რომ ისმის ყოველი მხრიდან. თუმცა, ჩემი მიზანი, ამ შემთხვევაში, კონკრეტული ინდივიდების დაცვა არ არის. საზოგადო პრობლემაზე მოგახსენებთ დაჩემი შეშფოთების ძირითადი საფუძველი მინდა გაგიზიაროთ.

საქმე შეეხება საზოგადოდ სასამართლოსადმი დამოკიდებულებას პოლიტიკოსებისათუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, დიდი აზარტით რომ ეწევიან სასამართლოს (თითქმის ყოველდღიურ) დისკრედიტაციას, ზოგჯერ -გარკვეულ მიზეზებზე დაყრდნობით, ზოგჯერ - უსაფუძვლოდ, მაგრამ ყოველთვის - თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით და დროებითი პოლიტიკური უპირატესობების მისაღებად.არადა, დღეს, ამ წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის ყველას აძლევს ხელს სასამართლოს ლანძღვა. ლოგიკა ასეთია: თუკი სასამართლოს ლანძღავ, ესე იგი, უსამართლობასვერ ეგუები, სამართლიანობისათვის მებრძოლი ხარ და, მაშასადამე - ხალხის ინტერესების გამომხატველი. რაც უფრო მეტად ლანძღავ მას, მით უფრო მაგარი ხარ, შეუპოვარი, პრინციპული, უფრო მეტად მოიგებ ხალხის გულს, რომელმაც სწორედ შენ უნდა მოგცეს ხმა, რათა ნანატრი სამართლიანობა დაამკვიდრო ხელისუფლებაში რომ მოხვალ; ანდა, ახალი დაფინანსება მოიპოვო, შენი არსებობა გაამართლო და მომავალში ჩასტრუქტურდე მომგებიანად. ჩემი ეს სამდურავი, ცხადია, ყველას არ ეხება, მაგრამ ამ საერთო კონტექსტში ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა. სასამართლოს ლანძღვა ხომ დღეს ერთგვარი მოდური ტრენდია, ის პოლიტიკური პროდუქტია, ყველაზე სარფიანად რომ იყიდება ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ.

ნეტავ მართლა ასე მარტივად იყოს ყველაფერი... ნეტავ მართლაც სასამართლოს ლანძღვით მიიღწეოდეს მისი დამოუკიდებლობა... ანდა ნეტავ, ყოველთვის ჭეშმარიტ გულისტკივილზე მაინც იყოს დაფუძნებული სასამართლოს წყევლა-კრულვის უგუნურება.

ჰოდა, ვისმენთ და ვკითხულობთ ყოველდღიურად, რომ "სასამართლო არ გვაქვს"; რომ მოსამართლეები არიან "მაფიოზების ბანდა", "პირადი მონები", "დამნაშავეთა ხროვა"; რომ "მოსამართლეებმა მოაწყვეს შეთქმულება დანარჩენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ"; რომ " მოსამართლეთა კორპუსი სერიოზულად ორგანიზებული დამნაშავეთა ჯგუფია, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს..." და ასე შემდეგ (ეს ეპითეტები მხოლოდ რიგითი ორი დღის განმავლობაშია მოსმენილი თუ წაკითხული); აღარაფერს ვამბობ კონკრეტულ მოსამართლეების მიმართ გამოყენებული გამოთქმების შეუფერებლობასა და წრეგადასულობაზე, მათიფოტოსურათების სამარცხვინო ბოძზე გაკვრაზე, მათ უკიდურეს შეურაცხყოფასა და დემონიზაციაზე, ტერორის ფორმასაც კი რომ იღებს ხანდახან.

ასეთი მოპყრობახერხემალს აცლის სასამართლოს ჯერ კიდევ მყიფე დამოუკიდებლობას, ასუსტებს, თრგუნავს და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მას. ეს ნამდვილად არ არის ის გზა, ძლიერ და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებამდე რომ მიგვიყვანს. სასამართლოსადმი ასეთი მოპყრობა დაუშვებელია, უგუნურებაა. დამფრთხალი და დაშინებული სასამართლო სამართლიანი მართლმსაჯულების უმძიმეს ტვირთს ვერ აწევს. რაც უფრო მეტად დავჩაგრავთ და დავასუსტებთ ამ ისედაც სუსტ ხელისუფლებას, მით უფრო მეტ მიკერძოებულ განაჩენს მივიღებთ. ჰოდა, ნუღარ გაგვიკვირდება მერე! ჩვენ თავს დავაბრალოთ, ჩვენს დაბალ სამართლებრივ კულტურასა და სულსწრაფობას. სინამდვილე ისაა, რომ სასამართლოს კონტროლი, როგორც ჩანს,პოლიტიკოსების ერთ-ერთი უწინარესი საზრუნავიაჩვენში. უგუნურებაც ეს არის, რადგან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უკვე აღარ მოგვწონს ხოლმე ის სასამართლო, რომელიც თავად შევქმენით, ის სისტემა, რომელიც საგულდაგულოდ ჩავაქვითკირეთ; ხელს ისევ სხვისკენ ვიშვერთ და დამნაშავეებს სხვაგან ვეძებთ. დღეს თუ სასამართლო ბოლომდე დამოუკიდებელი არ არის, ეს პოლიტიკოსების ბრალია უწინარესად და დიდწლად. სიტყვით, ყველა სასამართლოს დამოუკიდებლობას ღაღადებს, საქმით კი - ზოგი მასზე გავლენის მოპოვებას ცდილობს, ზოგი - მის შენარჩუნებას, ზოგი- უბრალოდ სასამართლოს დისკრედიტაციას, რათა გახმაურებულ საქმეებზე მის გადაწყვეტილებებს ლეგიტიმურობის საფუძველი გამოაცალოს ხალხის თვალში.

მედიაც ხომ სკანდალებზეა ორიენტირებული... რაც უფრო მკვახე და მყვირალა განცხადებას გააკეთებ, მით უფრო დიდი ადგილი გერგება სამაუწყებლო სივრცეში... ხოლო როდესაც ეთერში მიგიწვევენ, კითხვაზე პასუხის გაცემას არ გაცლიან. ანდა მხოლოდ იმიტომ მიგიწვევენ, რომ შენი განსხვავებული აზრის დისკრედიტაცია მოახდინონ; თოქშოუები ორგანიზებული თავდასხმის საშუალებად გამოიყენონ სტუდიაში მობილიზებული დამრტყმელი ძალის მეშვეობით, თანაც არაკომპეტენტურად, შეურაცხყოფითა და ჟურნალისტური ეთიკის ელემენტარული მოთხოვნების დარღვევით. და ეს ხდება იმ მედია საშუალებებით, გამოხატვის თავისუფლებას რომ იცავენ ვითომ, თავგამოდებით...

პრობლემები მართლაც ბევრია სასამართლოში.. სერიოზული კრიტიკის საფუძველიც არსებობს, ცხადია... ყველა გადაწყვეტილებაც ალბათ როდია სამართლიანი, კანონიერი და უზადო. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა ვისწავლოთ, სად მთავრდება საფუძვლიანი კრიტიკა, პრობლემების მოგვარებაზე რომ არის ორიენტირებული და სად იწყება სასამართლოს დისკრედიტაცია, მისდამი სიძულვილის გაღვივება და მტრული დამოკიდებულების დანერგვა. დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი სწორედ ამას ახორციელებს.

არასამთავრობოების დიდი ნაწილიც ხომ ამ ფერხულშიაჩაბმული,ზოგჯერ შეგნებულად და ზოგჯერ შეუგნებლად, მაგრამმუდამ დიდი გატაცებით, უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების პრეტენზიით რომ გვთავაზობენ ფასდაუდებელ კომენტარს უკლებლივ ყველა, მიმდინარე, დიდი თუ მცირე მნიშვნელობის საკითხზე, სასამართლოს კონკრეტულგადაწყვეტილებებზე,ყველა სატელევიზიო არხის ყველა სიუჟეტში; ამზადებენ და უგზავნიან ანგარიშებს თავიანთ დამფინანსებელ ეროვნულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს;ქმნიან ან ზეგავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. დღეს, ყველამ მოსამართლეზე უკეთ იცის სამართალი და კანონი; დღეს ყველა უფრო კომპეტენტური და პატიოსანია, ვიდრე პროფესიონალი მოსამართლე. დღეს ყველა უცოდველია. მხოლოდ მოსამართლეები არიან ცოდვით დამძიმებულნი. ჰოდა, ესვრიან რიყის ქვებს "უცოდველები" "ცოდვიანებს".

პრობლემათა გამოაშკარავება დიდად სასარგებლოა, მაგრამ სიძულვილის თესვა ამ პრობლემებს ვერ გადაჭრის, სასამართლოს დამოუკიდებლობას ვერ გაზრდის, სამართლიანობას ვერ დაამკვიდრებს. პირიქით, იგი უფრო დაამდაბლებს სასამართლოს, როგორც ინსტიტუციას, კიდევ უფრო " დაბალ ღობედ" აქცევს მას, ყველა რომ თავში უბარტყუნებს, ვისაც მოესურვება და როცა მოესურვება. გამოხატვის თავისუფლება სასამართლოში არსებულ პრობლემათა სააშკარაოზე გამოსატანად უნდა გამოვიყენოთ და არა სასამართლოსადმი სიძულვილის გასავრცელებლად ანდა მოსამართლეთა დასათრგუნად და თანაც იმ მიზნით, რომ ამა თუ იმ საქმეზე ისეთი გადაწყვეტილების გამოტანა ვერ გაბედონ, მათ რომ არ მოეწონებათ.

სასამართლოს დისკრედიტაცია ერთობ მომგებიანი ფანდია იმისათვის, რათა მისი გადაწყვეტილებები უსამართლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად გამოაცხადო. საქმე ისე შორს წავიდა, რომ პოლიტიკოსების, მათი მხარდამჭერებისა თუ გავლენიანი პირების წინააღმდეგ ნებისმიერი სისიხლისსამართლებრივი დევნა (რაც არ უნდა ჰქონდეთ მათ ჩადენილი, თუნდაც ადამიანთა წამება) პოლიტიკურ დევნად ფასდება.თუ პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი ბრძანდებით და ხელისუფლება ბოროტად გამოიყენეთ, არ შეშინდეთ, თქვენ "პოლიტიკური პატიმრის" სტატუსი გარანტირებული გაქვთ; ხოლო თუ რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში გაქცევა მოახერხეთ, კიდევ უფრო მშვიდად შეგიძლია იყოთ, რადგან "პოლიტიკური დევნილის" სტატუსიც გარანტირებული გაქვთ, ხოლო დემოკრატიული ქვეყნის სასამართლო, თქვენი ძვირადღირებული უცხოელი დამცველების გამჭრიახობის წყალობით, არასოდეს მოახდენს თქვენს ექსტრადიციას ქვეყანაში, სადაც "სასამართლო არ არსებობს", სადაც მოსამართლეთა კორპუსი "მაფიოზების ხროვას" წარმოადგენს, რომელიც"პოლიტიკურ დაკვეთებს აღასრულებს" და არა მართლმსაჯულებას. პირადად მე ამას აბსურდის თეატრს ვუწოდებდი, რადგან დემოკრატიული პროცედურები და პრინციპები სინამდვილეში სამართლის უზენაესობის წინააღმდეგ არის გამოყენებული, ურომლისოდაც არ არსებობს არც სამართალი, არც სამართლიანობა და არც დემოკრატია.

და ამით არ მთავრდება ყველაფერი; იგივე ძალები, მართლმსაჯულების ვერაღსრულებას ისევ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებენ, ხელმეორედ ჩააბრუნებენ თემას, აქეთ წამოაყენებენ ბრალს, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირება ვერ შესრულდა და საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ნერვზე უხამსი თამაშით ახალ პოლიტიკურ ქულებს მოიპოვებენ წინასაარჩევნოდ.

ორიოდე სიტყვით ე.წ. "კაბელების საქმეზე": ნამდვილად არ ვიცი ამ საქმის შინაარსობრივი მხარის დეტალები; არ ვიცი, მართლა დამნაშავეები არიან თუ არა მსჯავრდებულები, რამდენად დასაბუთებულია ბრალდება და სხვა. თუ ისინი სრულიად უდანაშაულოები არიან ანდა საკმარისი მტკიცებულებები მართლაც არ არის საქმეში, მივესალმებოდი მათ შეწყალებას, თუმცა,მხოლოდ საბოლოო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ, რათა სასამართლოს თავისი შეცდომების (თუკი ისინი დაშვებულია), გამოსწორების შესაძლებლობა მიეცეს და პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ხელოვნურად არ წაართვას მას ამის უფლება). დიახ, გაცილებით დიდი უბედურებაა უდანაშაულო ადამიანის დასჯა, ვიდრე დამნაშავის დაუსჯელობა. თუმცა, არც იმ აზრისა ვარ, რომ მძიმე დანაშაულის განზრახ დაფარვა და ყველაფრის "გაპრავება" ნაკლებ ზიანს აყენებდეს საზოგადოებას, ვინაიდან როგორც ციცერონმათქვა, "უმეტესი დანაშაულის ცდუნება დაუსჯელობის გათვლაში მდგომარეობს".მე ვიტყოდი, დაუსჯელობის სწორედ ისეთ გათვლაში, "პოლიტიკურ დევნად" დაკვალიფიცირებით და პატიოსანი უცხოელების გაბრიყვებით ასე იოლად რომ მიიღწევა ჩვენში.

მაგრამ ჩემი სათქმელი კაბელების საქმეზე მარტო ეს არ არის. დავუშვათ, რომ ამ საქმეზე მსაჯვრდებულები დამნაშავეები არიან. განა ამ შემთხვევაში ზუსტად ასეთივე კამპანია არ იქნებოდა წამოწყებული მათი მხარდამჭერების მხრიდან? განა ნაკლები პათოსი ექნებოდა პოლიტიკურ პატიმრებად მათი შერაცხვის კამპანიას? განა უკვე " დაუსაბუთებლად" არ შეაფასეს საიამ და სხვებმა განაჩენი მაშინ, რომელიც იმ დროისათვის ჯერ გამოქვეყნებული კი არა, იქნებ დაწერილიც კი არ იყო? სწორედ ეს არის პრობლემა, ღრმა, რთულად დასაძლევი. მე არ მახსნედება უკანასკნელ პერიოდში არცერთი საქმე მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომელიც პოლიტიკურ დევნად არ შეფასებულიყო მავანთა მხრიდან.უდანაშაულოც და დამნაშავეც "პოლიტიკური პატიმარი" ან "პოლიტიკური დევნილია" ჩვენში, თუკი საქმე შეეხება პოლიტიკოსს, მაღალჩინოსანს...რა გამოდის, მათ სისხლისსამართლებრივი დევნისაგან დე ფაქტო იმუნიტეტი აქვთ? პოლიტიკოსობა ან რაიმე მაღალ თანამდებობაზე ყოფნა დანაშაულის ჩადენის ლიცენზიაა? ეს არის სამართლის უზენაესობა? ეს არის სამართლის უმთავრესი პრინციპი, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა? ეს არისღულე ოფ Lაწ, რომელსაც ასე გვიკიჟინებენ (სამართლიანად) დასავლეთიდან? პასუხი თქვენთვის მომინდვია ძვირფასო მკითხველო. ფაქტი კი ისაა, რომ როგორც კი ამ გზას ადგება ქვეყანა, მაშინვე, ნებსით თუ უნებლიედ, ხელს გვიშლიან - არიქა, პოლიტიკური დევნა ყოფილა, ხედავთ რამდენი ვინმე აცხადებს ამასო.. თუმცა, განა რა დარჩენიათ მათ, ვინც მასმედიის საშუალებებით გადმოღვრილი პოლიტიკოსების ისტერიული შეფასებებით, ყოვლისმცოდნე ექსპერტების "უტყუარი" კომენტარით ანდა არასამთავრობოების "დასაბუთებული" მესიჯებით არიან დაბომბილი, გაჟღენთილი, მოტყუებული ან თავბრუდახვეული?

აი, ასე რჩება მართლმსაჯულება აღუსრულებელი; აი, ამიტომ ვისმენთ უცხოელების შენიშვნებს პოლიტპატიმრების შესახებ; აი, ასე ხდება საქართველოს დისკრედიტაცია... და, სხვა მიზეზებთან ერთად, ამიტომაც იბლოკება იგი დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრაციისაგან, გადარჩენას რომ წარმოადგენს ჩვენთვის.

ჯერ კიდევ განუკითხაობის ქაოსში ვართ, სამწუხაროდ... ჯერ კიდევ დაბალი გვაქვს სამართლებრივი კულტურა...ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია სახელმწიფოებრივი ხედვა და სიბრძნე... ჯერ კიდევ ჩვენი კერძო თუ პარტიული ინტერესების მიღწევის სარბიელად წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა .. ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ ავაშენოთ სახელმწიფო...

ჯერ ისევ შორია ევროპამდე...