"ვეგეტარიანელებთან ბრძოლა მართლა არ გამიგია, თან მწვადებით და ხინკლებით" - კვირის პალიტრა

"ვეგეტარიანელებთან ბრძოლა მართლა არ გამიგია, თან მწვადებით და ხინკლებით"

26 მაისს, ახლადშექმნილი ნაციონალისტური ორგანიზაცია "ქართული ძალის" მიერ ჩატარებული ე.წ. მარშის შემდეგ, ორგანიზაციის სახელმა კიდევ ერთხელ ამ ცოტა ხნის გაიხმაურა.  რამდენიმე დღეა, საზოგადოებაში არ წყდება  თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ვეგეტარიანულ კაფეში მომხდარი ინციდენტის განხილვა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაახლოებით 10-კაციანი ჯგუფი ყვირილით შევარდა კაფე "კივიში" და "სოსისები და მწვადები შეყარა". ბარმენის და მიმტანების მოწოდებას, გარეთ გასულიყვნენ, შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე palitra.tv-სთან საუბრისას ინციდენტის თვითმხილველებმა ისაუბრეს. "ფილმის ჩვენება გვქონდა. 15-20 ბავშვი იყო ფილმის სანახავად მოსული. შემოვიდა ათამდე ბიჭი და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი, სოსისები ეკეთათ კისერზე. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. რამდენჯერმე გაფრთხილება მიეცათ, რომ კაფე დაეტოვებინათ. უნდოდათ პროვოკაცია. კაფეს თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დასცინოდნენ, აგინებდნენ. დაასისხლიანეს მზარეული ბიჭი. წარბი ჰქონდა გახეთქილი. შემდეგ ბარმენმა პატრული გამოიძახა და ამასობაში ის ათიოდე კაცი გაიქცა. პატრული რომ მოვიდა, მათი მხრიდან ცოტა არასერიოზული დამოკიდებულება იგრძნობოდა", - იხსენებენ თვითმხილველები. (ვიდეო)

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  თვითმხილველთა მტკიცებით, არეულობის ინიციატორი სწორედ ზემოთ ნახსენები "ქართული ძალის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა ისინი ამას კატეგორიულად უარყოფენ.

"ქართული ძალის არც ერთი წევრი არ ყოფილა ვეგანური კაფის სიახლოვეზე და კავშირი არ აქვს ამ შემთხვევასთან.

- არავინ შევვარდნილვართ მწვადებით, არც ბურკვაკის მურაბის ჭამა ვაიძულეთ არავის.

- არც ყელზე შემოხვეული სოსისით შეგვიშინებია ვინმე და არც საცივი შეგვისხავს სახეში.

- არც ბეგემოტის ტიკი აგვიფეთებია..." - წერენ "ფეისბუკის" გვერდზე ორგანიზაციის წარმომადგენლები. (წყარო)

"ფეისბუკშივე" არარეთი გამოხმაურება მოჰყვა მომხდარს.

პაატა ქურდაძე, პუბლიცისტი:

"ულტრანაციონალისტები ყველგან ნახევარ უჯრედიანი პრიმიტივი იდიოტები არიან, მაგრამ ჩვენები ხომ ყველაფერში განსაკუთრებულები უნდა იყვნენ... ამათ ეტყობა ეს ნახევარი უჯრედიც არ აქვთ: ვეგეტარიანელებთან ბრძოლა მართლა არ გამიგია. თან მწვადებით და ხინკლებით". (წყარო)

ზვიად კირტავა, სოციალურ ქსელში ცნობილი, როგორც სოლომონ ტერნალელი:

"ვინც 26 მაისს ულტრანაციონალისტების მარშმა აღგაშფოთათ და ვისაც ვეგან კაფეზე თავდასხმა ფაშისტების ნამოქმედარი გგონიათ: არ არიან ესენი ფაშისტები/ულტრანაციონალისტები!!! ესენი არტისტები არიან, დაქირავებული არტისტები. ხვალ სხვა ტიპის დაქირავებულ არტისტებს ვიხილავთ (შეიძლება სულაც იგივე სახეები იყვნენ, ოღონდ სხვა ლოზუნგებით).

ეს ყველაფერი ერთი ან ორი ცენტრიდან იმართება და კარგად გათვლილი კომპანიაა დასავლეთზე ზემოქმედების მოსახდენად - ამ მოდელირებული ქაოსის სპექტაკლს სახელად ჰქვია - "ამათ გინდათ ვიზალიბერალიზაცია მისცეთ, ამათ?"

არაა გამორიცხული, ეს ორი ცენტრი ერთმანეთის მიმართ საკმაოდ დაპირისპირებული იყვნენ, მაგრამ მათი მთავარი მიზანი ზუსტად თანხვდენაშია - საქართველოს მთავრობის დისკრედიტაცია და ევროპასთან ასოცირების პროცესის შეჩერება! თუმცა, ერთ მათგანს, ალბათ, ამ პროცესის სამუდამოდ გაჩერება აქვს მიზნად, მეორეს კი მხოლოდ - დროებით შეჩერება, სანამ ხელისუფლებაში მოსვლის იმპერატიულ სურვილს აისრულებს..." (წყარო)