Walk Free Foundation - საქართველოში 20 900 ადამიანი მონობის პირობებში ცხოვრობს - კვირის პალიტრა

Walk Free Foundation - საქართველოში 20 900 ადამიანი მონობის პირობებში ცხოვრობს

საქართველოში 20 900 ადამიანი მონობის პირობებში ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 0,467%-ია. ასეთია მონობის თანამედროვე ფორმებთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდის, Walk Free Foundation-ის ანგარიში სახელწოდებით - „გლობალური მონობის ინდექსი“.

ორგანიზაციამ გამოიკვლია მონობის თანამედროვე ფორმები მსოფლიოს 167 ქვეყანაში.

Walk Free Foundation-ში განმარტავენ, რომ მონობის თანამედროვე ფორმები გულისხმობს ადამიანის ექსპლუატაციის სხვადასხვა ფორმას, რა დროსაც ის იძულებულია განახორციელოს გარკვეული საქმიანობა დაშინების, ძალადობის ან საფრთხის გამო. მონობის თანამედროვე ფორმაში მოიაზრება ოჯახური მონობაც, მათ შორის იძულებით ქორწინებაც.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ევრაზიის რეგიონში მონობის თანამედროვე ფორმებზე ადეკვატური რეაგირება შეინიშნება მხოლოდ საქართველოსა და მოლდოვაში.

„საქართველო და მოლდოვა ორად-ორი სახელმწიფოა რეგიონში, სადაც მთავრობის რეაგირება თანამედროვე მონობის პრობლემებზე 50%-ზე მაღალია. მთავრობის რეაგირების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-18 ადგილს იკავებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

Walk Free Foundation-ი აღნიშნავს, რომ 2012-14 წლებში საქართველოში მედიის საშუალებით მიმდინარეობდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამები მონობის თანამედროვე ფორმების შესახებ.

გარდა ამისა, საქართველო ერთადერთია ქვეყანა რეგიონში, სადაც დაზარალებულთა დახმარების მექანიზმი რეალურად მოქმედებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს მექანიზმი შექმნილი იყო საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ითვალისწინებს უფასო სათარჯიმნო მოსამხურებას, იურიდიულ კონსულტაციასა და სოციალურ პროგრამებთან წვდომას.

გარდა ამისა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევრაზიის რეგიონში, სადაც ადამიანების ექსპლუატაციაში თანამდებობის პირები შემჩნეული არ არიან.

ანგარიშის თანახმად, ევრაზიის რეგიონში არც ერთ ქვეყანას არ აქვს გამოყოფილი სათანადო დაფინანსება მონობის თანამედროვე ფორმებთან ბრძოლისთვის.

მსოფლიოს მასშტაბით მონობის პირობებში 45,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 58% ინდოეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ბანგლადეშისა და უზბეკეთის მცხოვრებელია.

"ინტერპრესნიუსი"