"თქვენ გადაგიკვეთავთ საზღვარი საქართველოდან საქართველოში? მე - კი!" - კვირის პალიტრა

"თქვენ გადაგიკვეთავთ საზღვარი საქართველოდან საქართველოში? მე - კი!"

ეს წერილი ქართველ პოეტს შორენა თამაზაშვილს ეკუთვნის. შორენა ჰერეთში, საინგილოშია დაბადებული და გაზრდილი და უზომოდ განიცდის იმ ტკივილს, რომელიც ჰერეთში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ყველა ქართველს აწუხებს.

ეს ნაწარმოები "ემიგრანტის წერილი 2016''-ის ფინალში გავიდა და სიგელი დაიმსახურა. "თემა, რა თქმა უნდა მძიმეა, ეს არ არის მოგონილი ამბავი, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ტკივილი და მნიშვნელოვანი ნაწილია აღწერილი - როცა, ერთი კარგი გოგონა გავიცანი ჩემი ისტორიული ჰერეთის ერთ-ერთ სოფელში და ის ჩემი ნათლული გახდა. შეიძლება იფიქროთ, მერე რაა? - ვის არ ჰყავს ნათლული?.. მაგრამ, ეს სხვა თემაა, წაიკითხეთ ჩემი ,,სინათლე'' და მიხვდებით...

სინათლე

თქვენ გადაგიკვეთავთ საზღვარი საქართველოდან საქართველოში? მე - კი! თქვენ ქართულ ტაძარში უთენია აგირბენიათ ეკლესიისკენ მიმავალი ბილიკი, სხვა გადამთიელმა არ დამასწროსო? მე - კი! თქვენთვის დაჟინებით უმტკიცებიათ, შენი ისტორია სხვისიაო? ჩემთვის - კი! თქვენ მწარედ გიტირიათ მიწის გამო? მე - კი! თქვენთვის სხვა რჯულის კაცს მოუძახებია - "გურჯი" და თქვენივე ქართველს - თათარი ხარო? ჩემთვის - კი! თქვენ მოძღვარი ბევრჯერ წაგართვეს? მე - კი! თქვენ გაგაჩუქეს? მე - კი! თქვენი ეკლესიები დაკეტილია? ჩემი - კი! თქვენს წინაპართა საფლავებს ხავსი ადევს? ჩემსას - კი! თქვენ ქართულ წიგნებს ხელიდან გგლეჯენ? მე - კი!თქვენ ახლა ჩემს გამო გული გტკივათ? მეც (გაჩენის დღიდან) - კი!!!

გადაწყდა... მივდივარ, ჩემს ერთერთ საყვარელ ნათლულთან მივდივარ სტუმრად, ეს გამგზავრება რაღაც განსაკუთრებულია. სამარშრუტო ტაქსიდანვე იწყება ჩემი განწყობა, ყველა იმ სოფლის მკვიდრია, სადაც მივდივარ. თბილად, ღიმილით - ოდნავ შეცვლილი ჰერული დიალექტით ესალმებიან ერთმანეთს. მერე ჩვენ გვიყურებენ ცნობისმოყვარედ:

- ესენი მინ არიანა?

- იზოი სტუმრებია.

იღიმებიან, უხარიათ და გვეფერებიან.

აი, მდინარე უხახი - მათი სავიზიტო ბარათი... მოდის, მოდუდუნებს - ათასი ჭირვარამის, სისხლის, ცრემლის, ცეცხლის და ბრძოლის უტყვი მოწმე.

სოფლის ცენტრში ვართ, ველოდებით მასპინძელს... უცებ ძალიან ხმამაღლა ისმის რაღაც ხმა - ჩვენთვის გაუგებარ ენაზე, გაუგებარ მოტივზე კითხულობს სოფლის მეჩეთში ლოცვას მოლა... თვალებს ვხუჭავ, ჭიანჭველებივით ფუთფუთებს ჩემს სხეულში ყველა ძარღვი, დუღს ქართული სისხლი, ბურანში ჩამესმის ცხენების ფლოქვების თქარათქური, თითქოს დღეს იყო - სპარსებთან ბრძოლაგამოვლილი ერეკლე მეფე ამალით რომ მოჰქროდა გამარჯვებული და აი, აქვე, ხეზე ჩასაფრებული ელოდებოდა გოგონა, ამაყად რომ გადმოეყარა სპარსულ ქუდზე ქლიავი.

- დედა, ეს რა ხმაა? - მაფხიზლებს ირაკლის შეშინებული ხმა.

-დედა!.. - ჩურჩულებს ელენეც.

სათქმელს თავს ვერ ვუყრი:

- აი, აქ არის ქართველობა ძნელი! - ვამბობ და ვიღიმები, შვილების გამო ვიღიმები, ტკვივლის დამალვის გამოც...

უფალო, ეს რა ტკივილიანი მიწა მარგუნე სამშობლოდ, რა მძიმე ტვირთი ამკიდე მხრებზე, როგორ ვატარო, როგორ მოვერიო...

უკვე ოჯახში ვართ, ჯერ მორიდებით ვათვალიერებ ეზო-კარს... აქეთ ვაზი გაბედულად შემოხვევია ჭიგოს და იმედიანად შრიალებს, იქით თონეა, ხვალ ქართულ შოთებს დააცხობს ოჯახის დიასახლისი, სკებში ფუტკრები ზუზუნებენ, ეზოს ერთ კუთხეში ჯეჯიმია გაშლილი, ჰერული წინდა გაუფენიათ მზეზე, ვინ იცის, რამხელა დარდს და სევდას აქსოვდა ამ ორნამენტებში ჰერელი ქალი. კითხვის გაგრძელება