" სამწუხაროდ ბევრჯერ ვიწვნიეთ რომ "გვაბოლებენ." - კვირის პალიტრა

" სამწუხაროდ ბევრჯერ ვიწვნიეთ რომ "გვაბოლებენ."

31 მაისს მსოფლიომ ოცდამეათედ და ახალი დირექტივებით აღნიშნა "თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღე". ამ დღესთან დაკავშირებით, "თამბაქოს კონტროლის ალიანსმა" თბილისსა და ქუთაისში საპროტესტო აქცია "ნუ მაბოლებ!" გამართა.

პარლამენტის შენობებთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა თამბაქოს კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გულგრილობა დაგმეს და ე. წ. "სიკვდილის ტაბლოს" პრეზენტაცია გამართეს. "სიკვდილის ტაბლო" სიმბოლური, სპეციალურ ციფერბლატიანი მრიცხველი თამბაქოს მოხმარების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობას ითვლის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით, თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით, საქართველოში, ყოველწლიურად 11 000, ყოველდღიურად კი 30 ადამიანი კვდება. "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ამ მსხვერპლის გადარჩენას არ ცდილობს. 2013 წლის 20 მარტს შეიქმნა თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია, რომელიც დღემდე უქმად არის. ამიტომაც არსებული ხელისუფლების პირობებში თამბაქოს მოხმარების შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 35 000-ზე მეტია.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" წარმომადგენელი კახა ღვინიანიძე:

- პროტესტს გამოვხატავთ მთავრობის და პარლამენტის უმოქმედობის გამო. მათ არაფერი გააკეთეს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებების შესატანად, მაშინ, როდესაც ცვლილებათა პროექტი ჯერ კიდევ 2013 წელს მომზადდა. ამ კანონპროექტის შესაბამისად მოვითხოვთ შენობებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალოს,შეწყდეს ნებისმიერი სახით თამბაქოს რეკლამა და პოპულარიზაცია. თამბაქოს ნაწარმის კოლოფებზე დაიტანონ თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოები. მოვითხოვთ ლიცენზირების სისტემის შემოღებას, გადასახადების გაზრდას და ა.შ. ამ მოწვევის პარლამენტს ჯერ კიდევ აქვს დრო, არ დაემსგავსოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელმაც სამწუხაროდ არაფერი გააკეთა საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. ვიმედოვნებთ, პარლამენტი მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მოახერხებს და დაამტკიცებს საკანონმდებლო ცვლილებებს.

- როგორ ფიქრობთ, შეასრულებს მთავრობა თქვენს მოთხოვნებს?

- სამწუხაროდ ბევრჯერ ვიწვნიეთ რომ "გვაბოლებენ." როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი მნიშვნელობით. თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ერთი თვის წინ განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებენ რეგულაციებს, კანონპროექტიც უკვე მზად არისო. ვიმედოვნებთ, რომ ტყუილად არ დაგვპირდა ამ ყველაფერს. სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებებს ეწინააღმდეგება მთავრობის ეკონომიკური ბლოკი, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის ეკონომიკური საბჭო - ყველანი არიან პროინდუსტრიული თამბაქოს ინდუსტრიის ლობები, რაც არის, როგორც კანონის, ასევე მორალური უფლებების დარღვევა.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებით, სახელმწიფოს ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ უნდა აეკრძალა მოწევა ყველა ტიპის დახურულ ნაგებობასა და ტრანსპორტში და უარი ეთქვა თამბაქოს ნაწარმის რეკლამასა და პოპულარიზაციაზე, თამბაქოს ინდუსტრიისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა თამბაქოს მოხმარების შედეგად შექმნილ პრობლემებზე, მათ შორის, ჯანმრთელობის ზარალის კომპენსაციაზე, უნდა აღედგინა ლიცენზია თამბაქოს წარმოებაზე, რეალიზაციასა და იმპორტზე. დღემდე, გადასახადების მინიმალურ დონეზე გაზრდის გარდა, ყველა ვალდებულება უგულვებელყოფილია, ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მოტივით კი, მთავრობამ გასულ წელს თამბაქოს ინდუსტრია 4 მლნ ლარით დააფინანსა.

თბილისსა და ქუთაისში აქციის მონაწილეებმა შეძახილებითა და საპროტესტო ბანერებით პარლამენტს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ თამბაქოს კონტროლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს და არ გაიმეორონ აღმასრულებელი ხელისუფლების შეცდომა, უმოქმედობით ხელი არ შეუშალონ მოსახლეობის ჯანმრთლეობის და სიცოცხლის დაცვას.

"2013 წლის 20 მარტს შექმნილი თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია დღემდე უმოქმედოა. 2016 წლის მარტიდან საპროტესტო აქციებით "ნუ მაბოლებ!", ხელისუფლებას შევახსენეთ, 31 მაისამდე პარლამენტში განსახილველად გაეტანათ "თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში" ცვლილებების პროექტი. ჯერ კიდევ 2013 წელს შემუშავებული კანონპროექტები ეკონომიკის სამინისტრომ ორჯერ დაბლოკა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, პარლამენტს ჯერ კიდევ აქვს შანსი არ შეუერთდეს სიკვდილის ლობის არმიას, დადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის სადარაჯოზე და მიიღოს კანონი თამბაქოს კვამლისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ." - განაცხადა "თამბაქოს კონტროლის ალიანსმა."

თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მოთხოვნებით ჯერ მთავრობის კანცელარიის შენობის წინ, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტროსთან გადაინაცვლეს და აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს პატივი სცეს ხალხის არჩევანს და საქართველო თამბაქოს განგაათავისუფლოს.

ეკა გადახაბაძე