"სულ სა­მი ოც­ნე­ბა მაქვს: დე­დის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, პა­ტა­რა სახ­ლი და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა..." - დე­და-შვი­ლის გა­უ­საძ­ლი­სი ცხოვ­რე­ბა ბა­რაკ­ში - კვირის პალიტრა

"სულ სა­მი ოც­ნე­ბა მაქვს: დე­დის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, პა­ტა­რა სახ­ლი და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა..." - დე­და-შვი­ლის გა­უ­საძ­ლი­სი ცხოვ­რე­ბა ბა­რაკ­ში

არაერთი სერტიფიკატი და დიპლომი აქვს მიღებული, მაგრამ სკოლაში იშვიათად დადის. უკვე ოთხი წელია, 17 წლის მარიამ ტრაპაიძე ავადმყოფ დედასთან ერთად, ბათუმში, პატარა ოთახში ცხოვრობს. გოგონას დედა - ირმა ტრაპაიძე წლებია, დიაბეტითა და გულის პათოლოგიებით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვის, მისი შვილი კი - დედის შერყეული ჯანმრთელობით გამოწვეულ გასაჭირს...

გოგონას აღარც კი ახსოვს, ბავშვობის უზრუნველი წლები როდის დასრულდა. ახლა მისი ყოველი დილა დედაზე ზრუნვითა და სკოლის ნოსტალგიით იწყება. კვება, კომუნალური გადასახადები, ბინის ქირა, დედის წამლები, - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც გოგონა წლებია, როგორღაც, ხან კეთილი ადამიანების დახმარებით, ხანაც დამოუკიდებლად უმკლავდება.

მარიამის დედა ირმა ტრაპაიძე

12 კვმ-იან ბინაში მათ არც სამზარეულო აქვთ და არც - აბაზანა. გოგონას თქმით, ბინის ქირას, ხშირად, მამა შიო უხდის. იმისთვის, რომ ლოგინად ჩავარდნილი დედა გამოკვებოს, სახლიდან საოჯახო ნივთები მიაქვს და ბაზრობაზე ყიდის... გოგონას დედას გადაადგილება უჭირს, მაგრამ ამის მიუხედავად, ხატავს, ქარგავს, ძერწავს, ძველ ავეჯს რესტავრაციას უკეთებს, ქმნის სუვენირებსა და სამკაულებს... ბარაკის კედლები ტილოზე თუ ქვაზე გაკეთებული ნახატებით არის მორთული; მოხატულია კარადები, სავარძელი, სკივრი, ტახტი, ჭურჭელი და სხვა საოჯახო ნივთები.

მარი წარჩინებული მოსწავლეა. მას არაერთი სერტიფიკატი და დიპლომი აქვს მიღებული, მაგრამ სკოლაში იშვიათად დადის, რადგან დედას მარტოს ვერ ტოვებს. ბოლო რამდენიმე წელია, გაკვეთილებს ვერ ესწრება და ამიტომ, კლასიდან კლასში გამოცდების ჩაბარებით გადადის. მოახერხა და 17 წლის ასაკში, უკვე დაასრულა პროფესიული სასწავლებელი, სადაც ფარმაცევტის სპეციალობას დაეუფლა და ახლა სამსახურს ეძებს. დედა-შვილს ერთი ოცნება აქვს: ჰქონდეთ პატარა სახლი, სადაც სახელოსნოს მოაწყობენ და ბედნიერად იცხოვრებენ.

მარიამი:

- თუ ჩემს თანატოლებს დილით ადრე გაღვიძება, სკოლაში წასვლა და შემდეგ მეცადინეობა ეზარებათ, მე ადრე ადგომა, სკოლის ზარი და შინ მოსულს, მშვიდ გარემოში მეცადინეობა მენატრება. სახლშიც ვკითხულობ და ვსწავლობ, მაგრამ სკოლის გარემო, გაკვეთილის მოყოლის წინ გულის ფანცქალი და მღელვარება მაკლია... ზოგჯერ ძალა არ მყოფნის, ვიყო ბოლომდე ძლიერი. თუმცა, მაინც ვცდილობ... უკვე მეხუთე წელია, ერთი და იმავე პრობლემებით ვიღვიძებ და ვიძინებ: დედას რა ვაჭამო? როგორ შევიძინო სურსათი? მას შაქრის მაჩვენებელი 500-მდე უწევს ხოლმე. დიეტური საკვების შეძენის საშუალება არ გვაქვს და გამოდის, რომ ისე კარგად ვერ ვუვლი, როგორც საჭიროა. მხოლოდ ინსულინი საკმარისი არ არის, კვებაც მნიშვნელოვანია... არ მინდა, სულ ვწუწუნებდე, მაგრამ ძალიან მიჭირს. როდესაც ბაზარში რაიმეს გასაყიდად მივდივარ, გზაში იმაზე ვფიქრობ: ნეტავ, დენი ჩაჭრილი არ დამხვდეს-მეთქი. ბევრჯერ გაგვითიშეს გადაუხდელობის გამო. ამ ოთახში ძლიერი წვიმების დროს წყალიც შემოდის, მაგრამ როდესაც ქირა ვერ გადავიხადეთ და აქედან გასახლების საფრთხე დაგვემუქრა, მაშინ ვთქვი: ოღონდ ეს ჭერი შეგვრჩეს და წყლის შემოვარდნასაც გავუძლებ-მეთქი...

- მარი, როგორც თქვი, სკოლაში სიარულს ვერ ახერხებ. ატესტატის აღებისას პრობლემა არ შეგექმნება? ვიცი, რომ სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობ...

- დიახ, სწავლა ჩემი ოცნებაა. სულ სამი ოცნება მაქვს: დედის ჯანმრთელობის სტაბილურობა, პატარა სახლი და სწავლის გაგრძელება... როდესაც სკოლაში გაცდენების რაოდენობა 90-ს მიუახლოვდება, მასწავლებლები მირეკავენ და მაფრთხილებენ - მოსწავლის სტატუსის შეწყვეტისა და გარიცხვის საშიშროების შესახებ, რის შემდეგაც, თვეში ან ორ თვეში ერთხელ, ნახევარი საათით მივდივარ გაკვეთილზე და მაშინაც მეგობარს ვთხოვ ხოლმე, ცოტა ხნით დარჩეს დედასთან. როდესაც სკოლაში დავდიოდი, სიგელები მქონდა და მაშინდელი წარმატება რაღაცებში ახლაც მეხმარება. მასწავლებლებმა იციან ჩემი მდგომარეობა და ცდილობენ, ხელი შემიწყონ.

გაგრძელება

P.s. გულისხმიერი ადამიანების აქტიურობის იმედით ვაქვეყნებთ დედა-შვილი ტრაპაიძეების კოორდინატებს: ისინი ძველი ბათუმის უბანში, ფარნავაზ მეფის #47-ში, იტალიურ ეზოში, მარჯვნივ, ბოლო ოთახში ცხოვრობენ. ტელეფონი 5(93) 02.59.95.