"ინტერვიუს პროვოკაციის სუნი ასდიოდა" - რას ამბობენ საზოგადო მოღვაწეები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე? - კვირის პალიტრა

"ინტერვიუს პროვოკაციის სუნი ასდიოდა" - რას ამბობენ საზოგადო მოღვაწეები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე?

"კაცი, რომ სამებას და ამდენ ეკლესიებს აგიშენებს, თავისუფლებას მოგიტანს, მერე ის უნდა ლანძღო, კაცო"?!

"ძალიან რთული იქნებოდა ასეთ ამბიციურ ადამიანთან ინტერვიუ"!

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გადაცემის "ინტერVIEW" სალომე ასათიანის სტუმარი იყო…. ინტერვიუმ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, საზოგადოების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, ნაწილი - წამყვანს... თავიანთი შთაბეჭდილება ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა გაგვიზიარეს.

გია ბუღაძე, მხატვარი:

- გადაცემას ბოლომდე ვერ ვუყურე. ძალიან შემეცოდა სტუმარი და შემეცოდა ჩვენი ქვეყანა! რაც შეეხება სალომე ასათიანს, ქალაქი პატარაა, ჭორები მალე ვრცელდება და ვიცი, რომ ძალიან მძიმე დღეში ჩააგდეს ეს უნიჭიერესი გოგო! აშკარა იყო ბიძინას შეკითხვები არ მოსწონდა, სულ შენიშვნებს აძლევდა. სალომეს ბავშვობიდან ვიცნობ, ის განსაკუთრებულად ჭკვიანი გოგოა და ბუნებრივია, ძალიან რთული იქნებოდა ასეთ ამბიციურ ადამიანთან ინტერვიუ!

გივი ბერიკაშვილი, მსახიობი:

- არ მომისმენია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ცუდს არაფერს იტყოდა!

- რატომ ხართ ასე დარწმუნებული?

- რატომ ვარ შვილო და იმიტომ! ჩამაცივდით ახლა! რაც მაგ კაცს სიკეთე აქვს გაკეთებული, დამანახეთ მეორე ვინმე!

- თქვენი აზრით, უშეცდომოა?

- ოჰ, ახლა შეცდომები, არა ისა! თქვენ ხომ მეტი არაფერი არ გაინტერესებთ, ოღონდაც ხალხმა ერთმანეთი ლანძღოს და ჭამოს... სიკეთის დანახვა არ გინდათ, მარტო ცუდი გახსოვთ!

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

- ჩემი დამოკიდებულება არის უკიდურესად ნეგატიური! არაპროფესიონალიზმია, როდესაც ჟურნალისტი ლაპარაკის საშუალებას არ აძლევს რესპონდენტს. მას დავალება ჰქონდა დაებნია ბიძინა ივანიშვილი, ოღონდაც რაში სჭირდებოდა ეს, ვერ გავიგე?! ჟურნალისტი იქცეოდა, როგორც ცუდად აღზრდილი ადამიანი! გადახედოს ამ ჟურნალისტმა უცხოელი კოლეგების მუშაობას, თუ როგორ მიჰყავთ ინტრვიუ. როგორ აცლიან რესპონდენტს საუბარს! დამრჩა შთაბეჭდლება, რომ დავალებული ჰქონდა რესპონდენტისთვის სიტყვა არ ეთქმევინებინა, ყველაფერში შეწინააღმდეგებოდა და დაესვა "ჩამჭრელი" კითხვები! ინტერვიუს სრული პროვოკაციის სუნი ასდიოდა, რასაც ჟურნალისტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს! ჟურნალისტს რომელი ციტატების გამოყენებაც გჭირდება ინტერვიუს დროს, ის ცალკე ფურცელზე უნდა გქონდეს ამობეჭდილი! ამდენი ფურცლები არ უნდა აფრიალო მაყურებლის თვალწინ! სალომე ასათიანი თან ამბობდა, რომ თითქოს საზოგადოებრივ მაუწყებელს თითქოს მასთთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე კი მგონია, რომ "საზოგადოებრივ არხს" და რადიო "თავისუფლებას" პირდაპირი კავშირი აქვს "რუსთავი 2" -თან! პრაღაში და უცხოეთში სწავლა ეტყობა არაფერს არ ნიშნავს და არავითარ გაკვეთილს არ გაძლევს, თუ შენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ხარ! ამას ბატონი ბიძინა არ იკადრებდა, მაგრამ ასეთ ვითარებაში მე როგორც არაპოლიტიკოსი ადამიანი, დავტოვებდი ეთერს და წამოვიდოდი! შეურაცხყოფა მიაყენა რამდენჯერმე რესპონდენტს! სხვათა შორის, მისგან განსხვავებით დედამისი, ქალბატონი ირმა სოხაძე საოცრად გაწონასწორებული და ტაქტიანი ადამიანია! ამიტომაც ძალიან გამიკვირდა და გული დამწყდა! ამის დამნახავი თვალებს არ ვუჯერებდი.

ბუბა კიკაბიძე, მომღერალი:

- არ მინახავს, რაც არ მაინტერესებს, არც ვუყურებ! არ მაინტერესებს ივანიშვილის ინტერვიუ და მორჩა!

ჯანსუღ ჩარკვიანი, პოეტი:

- დღეს სრულიად საქართველო გუშინდელი ინტერვიუს ლანძღვით არის დაკავებული... ქართველმა უნდა ლანძღოს ბიძინა ივანიშვილი, აბა - რა! - კაცი, რომ სამებას და ამდენ ეკლესიებს აგიშენებს, თავისუფლებას მოგიტანს, მერე ის უნდა ლანძღო, კაცო?! მაგრამ ეს ქართველი კაცის თვისებაა! მართალია ქვეყანაში გაჭირვებაა და ბევრჯერ მითქვამს კიდეც, რომ ამ საწყალი ხალხისთვის პენსია უნდა მოემატებინა! ვისაც სიკეთის დანახვა უნდა, მან იცის რომ ამ ერთმა პიროვნებამ საქართველოს ძალიან ბევრი გაუკეთა! ჩემი აზრით, ერთადერთი შეცდომა ის მოუვიდა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, არ უნდა წასულიყო!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)