"ძალიან დიდი ფულიც რომ ვიშოვო, დრო და დრო აუცილებლად ვიმგზავრებ მეტროთი" - კვირის პალიტრა

"ძალიან დიდი ფულიც რომ ვიშოვო, დრო და დრო აუცილებლად ვიმგზავრებ მეტროთი"

"ტიფლისში" კი ისეთი როლის განსახიერება მომიწია, ვიზუალის შეცვლაც კი დამჭირდა, უჯიშო თავადს რომ დავმსგავსებოდი. ჩემი გმირი ხალხს პირდაპირ ეზიზღებოდა. ჩემთვის დიდი კომპლიმენტია, როდესაც მეუბნებიან, ცხოვრებაში რა კარგი ყოფილხარო"

მსახიობ ჯანო იზორიას ბევრ წარმატებულ ფილმსა თუ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა მისთვის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიწვევა მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან, როგორც თვითონ გვითხრა, ამაზე ოცნებობდა.

ჯანო იზორია:

- მეხუთე კლასში ვიყავი, როდესაც სკოლებში თეატრალური კვირეული ჩატარდა, რომელშიც ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. ჰოდა, მეც ვიმონაწილევე, რისთვისაც მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დამაჯილდოვეს. ამის შემდეგ თვითონ ხელმძღვანელმა, ჟიურის თავმჯდომარემ ქალბატონმა ფოთოლა ქაჯაიამ ხელი მომკიდა და მოსწალე-ახალგაზრდობის სახლში მიმიყვანა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კარიერის დასაწყისი ამ ქალბატონს უკავშირდება. ის წლები ცოტა სევდანარევი პერიოდი იყო ყველასთვის, თუმცა, იქ დაიწყო ყველაფერი, მხატვრული კითხვა, სიმღერა და ა.შ. ჩემში თანდათან ღვივდებოდა სურვილი, იმისა რომ უფრო წინ წავსულიყავი. იქიდან უკვე საესტრადო ანსამბლ "თეთრ თოლიაში" მოვხვდი, სადაც ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. მირჩევდნენ, თეატრალურზე ჩამებარებინა, მანამდე კი ფოთის ხელოვნების სასწავლებელში გამეგრძელებინა სწავლა. სწორედ იქიდან დავიწყე სერიოზულად ფიქრი მსახიობობაზე... 1999 წელს კი ჩავსხედით მატარებელში მე და მამა და მოვადექით რუსთაველზე თეატრალურ ინსტიტუტს. გამოცდები ჩავაბარე და ჩავირიცხე რეზო ჩხეიძის სახელოსნოში, ამ ლეგენდარულ ადამიანთან.

- მოღვაწეობთ, როგორც კინოში, ასევე თეატრშიც, სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?

- ორივეგან. თეატრში მიყვარს სპექტაკლის მომზადების პროცესი და ის, რომ უშუალოდ მაყურებელთან მაქვს უკონტაქტი. ეს საოცრებაა... რაც შეეხება კინოს, ძალიან გამძლე ნებისყოფის და ჯანმრთელი ადამიანი უნდა იყო, ფილმის გადაღების პროცესს რომ გაუძლო. კინოში ყველაფერი უფრო რთულადაა მოწყობილი. ამბობენ, რომ კინო ადვილია, რადგან ბევრ დუბლს გადაგიღებენ და კარგს ამოარჩევენო, მაგრამ თუ ბევრჯერ გადაგიღეს, ე.ი ცუდად გაქვს საქმე. თეატრისგან გასხვავებით კინოში მსახიობებს ყოველთვის ვერ ხვდები, რადგან სხვადსხვა დროს შეიძლება გვიწევდეთ გადაღება. მაგალითად, მე და კახი კავსაძემ ერთ ფილმში ვითამაშეთ, რის შემდეგაც სულ მეკითხებოდნენ, როგორი იყო კახისთან ერთად თამაშიო, არადა, გადასაღებ მოედანზე საერთოდ არ მინახავს, რადგან სხვადასხვა დროს გვქონდა გადაღებები.

- მონაწილეობთ საკმაოდ ცნობილ ფილმებში. ერთ-ერთია "ოსკარის" ნომინანტი "მანდარინები..."

- უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ზაზა ურუშაძესა და ასეთ სერიოზულ მსახიობებთან ერთად მომიწია მუშაობა. ეპიზოდი, სადაც ვთამაშობ ძალიან პატარა, როლი კი - უსიტყვოა... შემედეგ ფილმის წარმატების ყველა დეტალს სოციალურ ქსელში ვიზიარებდი, მოგეხსენებათ, გამოჩნდება ხოლმე ერთი-ორი გაბოროტებული ადამიანი, ჰოდა, სწორედ მათ მითხრეს, - რა გიხარია შენი როლი ერთი გაელვებაა ამ ფილმშიო. არადა, განა ჰქონდა მნიშვნელობა ამას, როდესაც ლაპარაკი "ოსკარზე" იყო, მე კი არა მძღოლებსაც კი უხაროდათ, რომელთა გვარ-სახელები ტიტრებში ჩნდება...

- სერიალ "ტიფლისმა" დიდი პოპულარულობა მოგიტანათ. რამდენად რთული აღმოჩნდა უარყოფითი როლის შესრულება?

- სერიალ "ტიფლისში" მონაწილეობამ უპირველესად უდიდესი ბედნიერების მომიტანა. ფილმები კინოთეატრსა თუ ტელევიზიით შეიძლება ერთი-ორჯერ ნახოს მაყურებელმა. სერიალს კიდევ სხვა სისტემა აქვს. თან ეს აღმოჩნდა სერიალი, რომელზეც გადაირია მთელი ქვეყანა. ამ სერიალმა ჩემს კარიერაში გარდამტეხი როლი შეასრულა. რაც შეეხება როლს, ამბობენ, რომ ადამიანს თუ ერთხელ კარგად აქვს ნათამაშები უარყოფითი როლი, ის ყველაფერს კარგად ითამაშებს, მე მაინცდამაინც არ ვიზიარებ ამ აზრს, თუმცა მსახიობს ყველა როლის მორგება უნდა შეაძლოს, მაგრამ სულ ბოროტი პერსონაჟები ჩემმა მტერმა ითამაშა (იცინის)... "ტიფლისში" კი ისეთი როლის განსახიერება მომიწია, ვიზუალის შეცვლაც კი დამჭირდა, უჯიშო თავადს რომ დავმსგავსებოდი. ჩემი გმირი ხალხს პირდაპირ ეზიზღებოდა. ჩემთვის დიდი კომპლიმენტია, როდესაც მეუბნებიან, ცხოვრებაში რა კარგი ყოფილხარო (იცინის)...

- შეცვალა თუ არა თქვენი ცხოვრება პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობამ?

- ამ პროექტში მოხვედრამ მაფიქრებინა, ადამიანს როდესაც რაღაც ძალიან უნდა, აუცილებლად აუსრულდება. ვოცნებობდი ამაზე და ამიხდა ოცნება... ჩემს ქალაქში ფოთში კი რაღაც სიგიჟე ხდება. რამდენიმე ხნის წინ ვიყავი ჩასული და გამაოცეს სიყვარულითა და გულშემატკივრობით. სიმღერაც კი დამიწერეს - "კოღოც კი შენი ფანიაო" (იცინის). ძალიან მსიამოვნებს ისიც, რომ ყველა ქვეყნის კუთხიდან მყავს გულშემატკივარი. როდესაც მეტროთი ან ავტობუსით ვმგზავრობ, ადამიანებისგან დიდ სითბოს ვგრძნობ, მეუბნებიან, რომ მგულშემატკივრობენ, ზოგიერთები კი მიყურებენ და ერთმანეთს გადაულაპარაკებენ ხოლმე, - ეს ის არის, მაგრამ განა შეიძლება მეტროთი დადიოდესო? ნათქვამი მაქვს, ძალიან დიდი ფულიც რომ ვიშოვო, დრო და დრო აუცილებლად ვიმგზავრებ მეტროთი, ვიმგზავრებ იმიტომ, რომ ბევრ საინტერესო რამეს ვხედავ იქ, ვხედავავ ძალიან საინტერესო ადამიანებს...

- როგორ უთავსებთ კარიერას და პირად ცხოვრებას?

- ამ პროექტის გამო იშვიათად ვარ სახლში. ახლახან პატარა ევა-გაბრიელას მამა გავხვდი. ჩემი მეუღლე ნინო პატარაზეა მიჯაჭულია. ეს რომ არა, სულ ერთად ვივლიდით რეპეტიციებზე. ნინო არის ადამიანი, რომელიც სულ ჩემს გვერდითაა. ცეკვის შემდეგ ჟიურის შეფასებას ხომ ველოდები, მაგრამ უფრო მეტად ველოდები ნინოს შეფასებას. როდესაც შინი მოვდივარ, ერთი სული მაქვს ხოლმე რას მეტყვის.

პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეები პატარა ევა-გაბრიელასთან ერთად

- როგორი გრძნობაა, როდესაც სცენაზე დგახართ და დარბაზში აპლოდისმენტები არ წყდება?

- ეს სასწაულია, დიდი დღესასწაული. ჩემს მაყურებელს, გულშემატკივარს ვეტყოდი, რომ ღმერთმა ნუ მომიშალოს მათი თავი. მათ გარეშე საერთოდ ვერ შედგება მსახიობი. ჩემი მაყურებელი და გულშემატკივარი ის ხალხია, რომელიც მასულდგმულებს და მაცოცხლებს.

- როგორია ჯანო იზორიას ცხოვრების დევიზი?

- არ გაჩერდე!!!

მარიამ კაპანაძე (სპეციალურად საიტისთვის)