დაცულია თუ არა თბილისი?! - კვირის პალიტრა

დაცულია თუ არა თბილისი?!

"პროცესი მართვადია, მაგრამ სტიქიისგან დაცვის 100%-იანი გარანტია არ არსებობს!"

ურთულესი მონაკვეთია მდინარე უკანახევის კალაპოტი, სადაც 2015 წლის 13-14 ივნისს ჩამოწოლილი მეწყრული სხეულია შეჩერებული და მდინარე ნაწილობრივ რეცხავს. არსებობს საშიშროება, რომ მეწყერი სწრაფად დაიძრას და გადაკეტოს ხევის კალაპოტი, შექმნას წყალსაცავი. ურთულესი გარემო პირობების გამო ვერ გავაკეთებთ დამცავ კედელს, დრენაჟებს

თბილისში დატრიალებული დიდი ტრაგედიიდან წელიწადი შესრულდა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიური უბედურების კვალი თითქმის წაშლილია - გვირაბები, გზები, ხიდები შეკეთდა ან თავიდან აშენდა... თუმცა კვალი სამუდამოდ დარჩა იმ ადამიანების გულში, რომელთაც ოჯახის წევრები და მეგობრები დაკარგეს. რამდენიმე დღის წინ იმ გზას დავადექი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. წყნეთი-ბეთანიის საბედისწერო მონაკვეთზე, სადაც 13 ივნისის ღამით უხვნალექიანობის გამო უზარმაზარი მეწყერი ჩამოიშალა, ნისლი იწვა. სატრანსპორტო გზის მონაკვეთი, რომელიც შარშან ამ დროს ჩახერგილი იყო, თავისუფალია. წყნეთიდან მოყოლებული გმირთა მოედნამდე უამრავი ცვლილებაა, ნაპირსამაგრი კედლების, ჯებირებისა და სხვა ნაგებობების სახით. თვალში საცემია წყნეთის ქუჩის მიმდებარედ 200 მეტრზე გაჭიმული დამცავი კედელი, რომელმაც ამავე ქუჩაზე მდებარე #13 საცხოვრებელი კორპუსის (არა მარტო მისი) მდგრადობა უზრუნველყო. სპეციალისტების თქმით, შეკეთების და ნაწილობრივ თავიდან აშენების დროს გვირაბებში ერთი სიახლეც დაამატეს - წყალი ბეტონის იატაკზე მიედინება, რაც წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების შემთხვევაში, გამორიცხავს ხის ან სხვა ნაშალი მასის ფსკერზე გაჭედვას. შვიდი გვირაბიდან ერთი, "მზიურის" მიმდებარედ არსებული, ხიდად გადაკეთდა.

სტიქიის პირველსავე დღეებში "კვირის პალიტრა" ცდილობდა დაედგინა, შეიძლებოდა თუ არა წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ მოსახლეობის გაფრთხილება, რითაც ტრაგიკულ შედეგს თავიდან ავიცილებდით. მაშინვე ითქვა, რომ დრო აღარ იყო მოქალაქეების გასაფრთხილებლად, მაგრამ ისე რომ ვყოფილიყავით აღჭურვილი, როგორც დღეს, ალბათ, მსხვერპლს მაინც ავიცილებდით თავიდან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, დღეს დაცული ვართ, თუმცა უსაფრთხოების 100%-იანი გარანტია არ არსებობს:

- ვერეს ხეობაში რამდენიმე ადგილას ნალექმზომები და ერთი მეტეოსადგური დავდგით. სვანიძის ქუჩის დასაწყისში მდინარის დონის მზომი დავაინსტალირეთ. მეწყრული თვალსაზრისით, ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია მდინარე უკანახევის კალაპოტი, სადაც 13-14 ივნისს ჩამოწოლილი მეწყრული სხეულია შეჩერებული და მდინარე ნაწილობრივ რეცხავს. არსებობს საშიშროება, რომ მეწყერი სწრაფად დაიძრას და გადაკეტოს ხევის კალაპოტი, შექმნას წყალსაცავი. ურთულესი გარემო პირობების გამო ვერ გავაკეთებთ დამცავ კედელს, დრენაჟებს და ა.შ. ამიტომ უჩანეიშვილის ქუჩიდან, მდინარე უკანახევის კალაპოტში, სახიდე გადასასვლელთანაც დავაინსტალირეთ წყლის დონის მზომი. თუ კალაპოტში წყლის ნაკადის შემოსვლა შეწყდა, ე.ი. მეწყერმა გადაკეტა კალაპოტი და მომენტალურად შეგვიძლია, არ ვაცალოთ დაგუბება, შემდეგ კი დაბალი მუხტებით დავშალოთ მეწყრული ჯებირი, რათა წყალმა ბუნებრივად იდინოს. უსაფრთხოების მაღალი გარანტიისთვის სოფელ წვერის მიმდებარედაც დავაინსტალირეთ წყლის დონის მზომი.

დავნერგეთ წინასწარი შეტყობინებისა და თავდაცვის მეთოდები. ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტიდან მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას და უკანახევის ტერიტორიაზე ძალიან დიდი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, ვიზუალურ მონიტორინგს ვატარებთ. ძირითადი მაპროვოცირებელია უხვი ნალექი და ამიტომ მაქსიმალურად ვაკვირდებით ხეობას. მოკლედ, პროცესი მართვადია, მაგრამ არა 100%-იანი გარანტიით.

- ვერეს ხეობაში მყარი ნატანის დამჭერი ცხაურები უნდა აშენებულიყო.

- დასრულდა პროექტზე მუშაობა და ცხაურები ორ ადგილას დაიდგმება. მსგავსი ნაგებობები რომ გვქონოდა, გვირაბები მხოლოდ წყალს გაატარებდა - მდინარეში ჩასულ მეწყრულ მასას მყარნატანდამჭერები დაიჭერდა და წყალს გაატარებდა.

- რადგან ჯერ ასეთი ნაგებობები არ დამონტაჟებულა, თუ იგივე განმეორდა, მყარნატანდამჭერების გარეშე როგორ დავიცავთ ქალაქს?

- ამ ტიპის სტიქიურ შემოტევებს ციკლურობა ახასიათებს. შესაბამისად, მსგავსი მასშტაბის საფრთხეს აღარ ველოდებით. თუმცა, კიდეც რომ განმეორდეს, ქალაქის ზონაში გვირაბები და კალაპოტი ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე 2015 წლის 13 ივნისამდე გვქონდა.

- შეიძლება ითქვას, რომ სტიქიისთვის არ ვიყავით მზად?

- მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია კი გვქონდა, მაგრამ სიღრმისეულად არ ვიცნობდით პრობლემებს და არც სწრაფი შეტყობინების ხელსაწყოები გვქონდა. მაგალითად, მეგონა, რომ მდინარე გლდანულას ხეობაში, რომელიც სულ რაღაც 63 კვმ-ია, 15-20 მეწყერი არსებობდა, ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ ამ ერთ ციდა აუზში 91 სხვადასხვა მასშტაბის მეწყრული სხეული და 6 ღვარცოფული ხევია. იქ სააგარაკე დასახლებაა, მაგრამ დღეს მუდმივად ცხოვრობს ხალხი, რომელთა ნაწილი გასახლებას უნდა დაექვემდებაროს.

სრულმასშტაბიანი საფრთხეების რუკის შესაქმნელად ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევებია ჩასატარებელი. ეს გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მაგრამ სამუშაოს დასრულებას 2-3 წელი დასჭირდება.

ამ რუკის შექმნის შემდეგ დედაქალაქის ტერიტორიები ზონირებული იქნება დაბალი და მაღალი საშიშროების მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ მერია მაღალი რისკის ზონაში მშენებლობის თანხმობას არ გასცემს და თუ გასცემს, ისეთი ღონისძიებების გატარების ვალდებულებას ჩადებს, რომ შესაძლოა, აღარც მოისურვოს იქ ვინმემ რაიმეს აშენება.

გივი კუბლაშვილი, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი: - სტიქიის შედეგად დაზიანებული შვიდი გვირაბი და გზის მონაკვეთი აღდგენილია. განხორციელდა 41 ინფრასტრუქტურული პროექტი, რაზეც 40 მლნ ლარი დაიხარჯა.

- ვერეს კალაპოტის ფორმირებას აპირებთ, რა იგულისხმება ამაში?

- მდინარე მოექცევა იმ კალაპოტში, რომელშიც იყო ხეობაში სამშენებლო სამუშაოების ჩატარებამდე. ამასთან, "მზიურის" მონაკვეთში, სადაც ვერე გაივლის, ბეტონის ფილებით მოეწყობა დამბები, საფეხმავლო და ველობილიკები.

- ცხაურები ჯერაც არ აშენებულა, ისევ რომ მოგვაწყდეს სტიქია, თავს რითი ვიცავთ?

- გვირაბები გასუფთავებული და მოწყობილია ისე, რომ არაფერი გაიჭედოს. ფსკერზე ბეტონიც ამიტომ დავასხით. ამასთან, გამოვათავისუფლეთ სვანიძის ქუჩის ის ტერიტორია, რომელსაც სტიქიამ დიდი დარტყმა მიაყენა. კალაპოტი თავისუფალია და ჩახერგვის საფრთხე გამორიცხულია.

- წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთი შეკეთდება, თუ კვლავ ალტერნატივას ეძებთ?

- ამერიკული კომპანიის დასკვნით, წყნეთი-ბეთანიის გზის აღდგენა შესაძლებელია. შესაბამისად, იწყება გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა.