"ზურას ვეხვეწებოდი სამივე აქედან ვერ გავალთ, ლუკა წაიყვანე, ის გადაარჩინე - მეთქი" - კვირის პალიტრა

"ზურას ვეხვეწებოდი სამივე აქედან ვერ გავალთ, ლუკა წაიყვანე, ის გადაარჩინე - მეთქი"

"ძალიან მაგარი ზურა მყავს"

"ამ წვალების დროს მეზობელს ჩემი შვილი ხელიდან გაუვარდა და ზურამ ფეხებით დაიჭირა ბავშვი"

2015 წლის 13 ივნისის ტრაგიკული ღამე ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც სიკვდილს ჩახედეს თვალებში. ერთ-ერთი ასეთი ზურაბ მუშკუდიანის ოჯახია. ზურა აფხაზეთიდან დევნილია. 12 წლის იყო საკუთარი სახლ-კარი რომ დატოვა და გაგრიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. დედამისი ვენერა მეფარიძე ყველაფერს აკეთებდა, რომ ცხოვრება თავიდან დაეწყო, ბევრი შრომის შედეგად ოჯახმა თბილისში ბინა შეიძინა. წლები გავიდა, ზურა მუშკუდიანმა ქეთევან ბეგიაშვილზე იქორწინა. ისინი სვანიძის 11 ნომერში სამ შვილთან ერთად ცხოვრობდნენ. საბედნიეროდ ზურამ იმ საბედისწერო დღეს სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან მეუღლე და 2 წლის შვილი, ლუკა. სახლში წამებში მიუსწრო მათ და დიდი წვალებით სამშვიდობოს გამოიყვანა. სვანიძის 11 ნომერში იმ ავბედით დღეს 4 ქალბატონი დაიღუპა. მაშველებმა ამ სახლიდან სვეტა, ლიანა, ჟანა და ნინა ეგიაზაროვების ცხედრები გამოასვენეს. ისინი ბიძაშვილები იყვნენ და ყველანი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ჟანას და ნინას 14 წლის მიშო და 11 წლის ნიკა დარჩათ...

ამ ტრაგედიის სიტყვებით გადმოცემა ძალიან გაუჭირდა სვანიძის 11 ნომერში, მეორე სართულზე მცხოვრებ ზურას მეუღლეს, ქეთევან ბეგიაშვილს:

- 13 ივნისს მე და ჩემი შვილი ლუკა მეორედ დავიბადეთ. ბედნიერი ვარ, რადგან ისევ ვეფერები ჩემს ოჯახს და ჩემს სამ ანგელოზს და კიდევ იმით ვარ ამაყი, რომ ძალიან მაგარი ზურა მყავს. ის რომ არა, დღეს ჩემს სახელსაც ამოიკითხავდით იმ საშინელ რკინის დაფაზე, სადაც იმ 23 ადამიანის სახელია ამოტვიფრული.

ავბედითი 13 ივნისის საღამო იყო, სამ მცირეწლოვან შვილთან და დედამთილთან ერთად სახლში ვიყავი. ჩემი პატარა მაშინ 2 წლის იყო. დაახლოებით საღამოს 10 საათი იქნებოდა, წვიმა რომ დაიწყო. მალე მეზობელმა დაგვიძახა და ეზოში ჩასვლა გვთხოვა, რადგან ჩვენს ეზოში დიდი წყალი იყო შემოსული. მეზობელს დახმარება სჭირდებოდა, იგი პირველ სართულზე ცხოვრობდა და მათ ბინაში წყალი შევიდა. ასეთი რამე წვიმის დროს ხშირად ხდებოდა, 4 ივნისსაც წვიმა, რომ მოვიდა, ჩვენი ეზო წყლით იყო სავსე. ჩავედით პირველ სართულზე და ეგიაზაროვების ოთახებიდან ჯამებით და სხვა ნივთებით წყალს ვწურავდით. მეც პირველ სართულზე მქონდა სამზარეულო და შემეშინდა იქაც არ შევარდნილიყო წყალი. 11 საათისთვის თითქოს წვიმის ნაკადმა იკლო. მეორე სართულზე დავბრუნდით. ბავშვები არ იძინებდნენ, შინაგანად რაღაცის შიში ჰქონდათ და მთხოვდნენ ჩემს მეუღლესთან დამერეკა, - მამიკოს დაურეკე, რომ მოვიდესო. ჩემი მეუღლე მაშველია და სამსახურში იყო, კუს ტბაზე, მეორე დილამდე სახლში არ მოვიდოდა.

12 საათი ხდებოდა მეზობელმა რომ დაიყვირა, ჩვენს გვერდით მდებარე ლაბორატორია წყლით გაივსოო, არც ეს გაგვკვირვებია დიდად, რადგან მანამდეც ხდებოდა მსგავსი რამეები. კიბეებზე ავდიოდი და ჩემმა დედამთილმა დაიყვირა ცოტა ჩქარა წადი, წყლის ძლიერი ნაკადი შემოვარდა ჩვენს ეზოში და იქნებ ბავშვებიანად გარეთ გავიდეთო. ბავშვებს მოვკიდეთ ხელი და კიბეებზე ჩამოვდიოდით, ამ დროს ეზოში წყლის დიდი ნაკადი შემოვარდა. ერთი ბავშვი მეზობელმა გამომართვა, მეორე ჩემს დედამთილს ეჭირა, მე და ჩემი პატარა ლუკა კიბეზე ვიდექით, უნდა გავსულიყავით, მაგრამ იმხელა იყო უკვე წყალი, ძალიან შემეშინდა, ცურვა არ ვიცოდი და ვიფიქრე ბავშვი წყალმა არ გამტაცოს, დავიხრჩობი ბავშვთან ერთად-მეთქი. ჩემმა დედამთილმა ცურვა იცოდა და ბავშვთან ერთად გააღწია ეზოდან, ჩემი მეორე შვილი, მეზობელს ხელში აყვანილი მიჰყავდა. დავრჩით სახლში მე და ჩემი პატარა. სახლის მეორე სართულზე ავედით იმ იმედით, რომ იქ უსაფრთხოდ ვიქნებოდით. 5 წუთში წყალი უკვე მეორე სართულზე შემოვიდა. ნელ-ნელა ავეჯმა წყალში ცურვა დაიწყო, ძალიან შემეშინდა. ბავშვების ოთახში ორსართულიანი საწოლი გვედგა და იმ საწოლის მეორე სართულზე ავედი ბავშვთან ერთად. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ვფიქრობდი წყალი გაჩერდებოდა, მაგრამ ვხედავდი წყლის დონე ნელ-ნელა იმეტებდა და საქმე ცუდად იყო. ჩემს მეუღლეს დავურეკე, სახლში წყალი მეორე სართულზე ამოვიდა და ვიხრჩობით, შუქიც ჩაქრა მეთქი. ნუ გეშინია, მოვდივარო, 10 წუთში მართლა მოვიდა ზურა, დიდხანს იცურა თურმე და ასე წვალებით შემოაღწია სახლამდე. ამ დროს ხელი ზევით მქონდა აშვერილი და ისე მეჭირა ჩემი შვილი. საშინელ დღეში ვიყავი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ჩემი მეუღლე რომ დავინახე იმედი გამიჩნდა.

- იქიდან როგორ გამოაღწიეთ თავი?

- იმან გადაგვარჩინა, რომ სახლს სხვენი ამოჭრილი ჰქონდა. ზურამ მითხრა, ნუ გეშინია, სხვენზე ასვლას შევძლებთო. უცებ მოიფიქრა და ავედით სახლის სხვენზე. მაგრამ არადა არ ჩერდებოდა წყლის ნაკადი, წყალი იქაც შემოვიდა. ჩემი მეუღლე ეძებდა გზებს, რომ როგორმე სხვენიდან სახურავზე ავეყვანეთ. თან ვყვიროდი ისტერიულად და შველას ვითხოვდი. აღმოჩნდა რომ ჩვენი სახლის სახურავს ჩვენი რამდენიმე მეზობელი აფარებდა თავს. ხმა რომ გაიგეს სახურავიდან სცადს დახმარება. მათი დახმარებით ჩვენც სახლის სახურავზე ავედით. ვხედავდით ვითარება უფრო რთულდებოდა, სულ მალე შეიძლებოდა სახლი წყლით დაფარულიყო, სიკვდილს ვუყურებდით თვალებში. ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა. საშინელებაა. ზურამ ცურვით მოახერხა მეზობლის სახლისკენ გასვლა, იქ იპოვა პლასტმასის დიდი ნაჭერი და გვითხრა ამაზე უნდა შევდგეთ და ამ გზით მეზობლის სახურავზე მოვახერხოთ ასვლაო. ამ წვალების დროს მეზობელს ჩემი შვილი ხელიდან გაუვარდა და ზურამ ფეხებით დაიჭირა ბავშვი, დიდი წვალებით ყველა ერთმანეთს ვეხმარებოდით და ასე როგორც იქნა მეზობლის სახურავზე ავაღწიეთ. მათი სახლი სამსართულიანი იყო და ბუნებრივია უფრო სიმაღლეზე ვიყავით. ყველანი იქ ვიდექით და სასოწარკვეთილები შველას ვითხოვდით. რამდენიმე წუთში რას ვხედავთ, ჩვენს თვალწინ ჩვენი სახლი საერთოდ ჩამოიშალა და წყალმა წაიღო. წამებში სახლს უკანა კედლები აღარ ჰქონდა, ღმერთმა გადაგვარჩინა.

- იქიდან მაშველებმა გამოგიყვანეს?

- ვყვიროდით, დახმარებას ვითხოვდით, ასე გავიდა ალბათ 25 წუთი, საშველი არ ჩანდა, მერე ნავებით მაშველებმა გაგვიყვანეს სამშვიდობოს. ეს საშინელი წუთები იყო, რომლის დავიწყება შეუძლებელია. ასეთი ბრძოლით გადავრჩით. ზურამ ნავში რომ ჩაგვსვა, თვითონ იქ დაარჩა მაშველებთან ერთად, რადგან იქვე მახლობლად სამი ბავშვით ქალი იყო ჩარჩენილი. ბიჭებმა ისინიც გამოიყვანეს სამშვიდობოს. ზურა პროფესიით მაშველია და წამებში მოგვისწრო, თორემ დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდით.

- თქვენს საცხოვრებელ სახლში დაიღუპა 4 ადამიანი, იმ ქალბატონებზე რა შეგიძლიათ თქვათ? - სვანიძის 11 ნომერში 4 ქალი გარდაიცვალა. სახლის პირველ სართულზე ორი დები ერთად ცხოვრობდნენ, ხოლო მეორე სართულზე ცხოვრობდნენ მათი ბიძაშვილები. სამწუხაროდ ჟანა, ნინო, სვეტლანა და ლიანა დაიღუპნენ. მათ სანათესაოს დიდი სახლი ჰქონდათ და 6 წლის წინ შევიძინეთ მათგან ბინა. გითხრით, ვეხმარებოდით წყლის ამოტუმბვაში. ისინი ცდილობდნენ საძინებლებში არ შესვლოდათ წყალი და იმაზე იყვნენ გადართულები, რომ წყალი ამოეწურათ იქიდან. ამ დროს წყალი ისევ შემოვარდა. მე კიბეზე ავდიოდი, ამ დროს გავიგე ერთ-ერთი დაღუპულის შვილი როგორ გადმოხტა ფანჯრიდან და დაიყვირა, მიშველეთ, დედა მეხრჩობაო. ბავშვი მერე იხსენებს დედაჩემი დახრილი წყალს წურავდა, ამ დროს დიდი ნაკადი შემოვარდა სახლში და თავდახრილ დედაჩემს თავზე მაცივარი დაეცა და კედელზე მიახეთქა წყლის ნაკადმაო. სამწუხაროდ, ვერ უშველეს. მეორე მეზობელი ძალიან მიკვირს რატომ ვერ გამოვიდა სახლიდან, ისინი პირველ სართულზე იყვნენ და მაშინვე რომ ეფიქრათ გაქცევაზე, ალბათ მოასწრებდნენ. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი და გარეთ იყო გამოსული, მაგრამ დის დასახმარებლად  ისევ სახლში შებრუნდა. მაშინ ითქვა, რომ დებს ეძინათ, მაგრამ ეს ტყუილია, ყველას ეღვიძა... ჩემსავით ცურვა არ იცოდნენ, თორემ მეორე სართულზე მყოფები მაინც გამოაღწევდნენ იქიდან. ერთ- ერთი დაღუპული სახლის სხვენში უპოვიათ, ეტყობა ისიც ცდილობდა გასვლას, დანარჩენები მალევე იპოვეს გამთენიისას გარდაცვლილები. ძალიან მძიმეა ამის გახსენება.

- დედამთილმა უპრობლემოდ გაიყვანა თქვენი ორი შვილი?

- მეზობლის კაცმა და ჩემმა დედამთილმა ბავშვები სამშვიდობოს გაიყვანეს. მოპირდაპირე მხარეს მაღლობზე დგას მეზობლის სახლი და იქ შეაფარეს თავი. თურმე იქიდან უყურებდა რა ხდებოდა ჩვენს სახლში და საშინელ პანიკაში ჩავარდნენ, როცა დაინახეს, რომ სახლი წყალმა წაიღო. მათ არ იცოდნენ, რომ ზურასთან დარეკვა შევძელი... ეგონათ შიგნით ვიყავით. მაშინ მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობდი, როგორმე ლუკა გამეყვანა სამშვიდობოს. ზურას ვეხვეწებოდი როცა პირველად შემოცურა სახლში, ჩვენ აქედან ვერ გავალთ სამივე, შენ ცურვა იცი და ლუკა წაიყვანე, ის გადაარჩინე - მეთქი, მაგრამ ზურამ მითხრა, ჩვენ აქედან სამივე ერთად წავალთ, შენ არ დაგტოვებო. ჩემთვის მთავარი ბავშვი იყო, რომ შვილი გადარჩენილიყო. ფიქრობდა სამივეს ცურვით გაგვიყვანდა, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო, ეს ხომ არ იყო უბრალოდ წყალი, ეს იყო ღვარცოფი, ტალახი, რომელსაც მოგლეჯილი ხეები და ყველაფერი მოჰქონდა. ალბათ არ ვიყავით განწირულები, მადლობა უფალს, რომ დღეს ყველანი ერთად ვართ.

იმ ადგილის, სადაც ჩვენი სახლი იდგა გავლა ხშირად გვიწევს, იქ მართალია ახლა აღარაფერი არ არის, მისწორებულია ყველაფერი, ამის დანახვა საშინელებაა. წლები გავა, მაგრამ ეს საშინელი წუთები ჩვენი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება. ბავშებს კარგა ხანს წვიმის ეშინოდათ, მაგრამ მერე გადალახეს ეს შიში.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)