"მე და თინიას ქორწილი გადაგვი­ხადეს..." - ელიზბარაანთ გივია ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა" - კვირის პალიტრა

"მე და თინიას ქორწილი გადაგვი­ხადეს..." - ელიზბარაანთ გივია ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა"

"ზამთარია, ტყაპუჭი მაცვია, ცხვირიც შიგ მაქვს ჩამალული, მარტო თვალები მიჩანს. ჩვენი პოლიციის უფროსს ბატონი გივი ბერიკაშვილი გაუჩერებია და მეც მივუახლოვდი, ოღონდ ხმას არ ვიღებ. ბატონი გადმოვიდა მანქანიდან, თვალი თვალში გამიყარა და სიცილით მეუბნება: სიკო, შენი შუბა დავწვიო. როგორ მიცანით-მეთქი. შენს ცნობას რა უნდაო, მომეფერა..."

"მზექალა (თინია) ახალსოფლიდან იყო. გადაღების დაწყებიდანვე დავმეგობრდით, თუმცა არ მავიწყდებოდა, "შემეხსენებინა", რომ "სიყვარული ყველას უნდა" მისი პირველი ფილმი იყო, მაშინ როდესაც მე უკვე "დამსახურებული მსახიობი" ვიყავი"

კახეთის სოფელ კოლაგში თუ იკითხავთ, სიმონ ბერიკაშვილის მაღაზია სად არისო, აუცილებლად გიპასუხებენ, თქვენ ალბათ "სიყვარული ყველას უნდა" გინდათო. ამავე სახელწოდების ფილმში ბატონი სიმონი ელიზბარაანთ გივიას ასახიერებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ 45 წელი გავიდა, ეს როლი დღემდე მისი სავიზიტო ბარათია.

- კინოში ჩემი დებიუტი რეჟისორ პავლე ჩარკვიანის ფილმში "როცა დედები შინ არ არიან" შედგა. სოფლის ცენტრში ნაყინის გამყიდველის მოტოციკლს რომ ავედევნე, მაშინ შემამჩნიეს. თურმე ავტობუსში მოკალათებული გადამღები ჯგუფის წევრები მადევნებდნენ თვალს. შეჩერდნენ და გამომელაპარაკნენ, მეც ნაყინის ჭამით გავუბი დიალოგი. ცოტა რომ ვიმუსაიფეთ მთისა და ბარის ამბებზე, მკითხეს, გინდა კინოში გადაღებაო? 7 წლისას გადასაღებ მოედანზე თავი ისე მეჭირა, თითქოს მეათე როლს ვასრულებდი, არაფერი მეშლებოდა და მაბნევდა. ფილმი რომ გამოვიდა, მთელი რაიონი ფეხზე იდგა, მილოცავდნენ, მეფერებოდნენ, მაქებდნენ, ყველას ჩემი გაცნობა უნდოდა. კვირაში ორჯერ ჩვენი სოფლის კლუბში "როცა დედები შინ არ არიან" გადიოდა და მეც ამაყად დავაბიჯებდი.

- შემდეგი როლი იყო ფილმში "სიყვარული ყველას უნდა".

- ამ ფილმს შილდაში, საბუეში, ახალსოფელში იღებდნენ, ჩემი სოფელი, კოლაგიც, იქვეა. ჰოდა, შორს აღარ წასულან, როდესაც ელიზბარაანთ გივიას მოძიებაზე დაიწყეს ფიქრი. დამიძახეს და სიხარულით წავედი, უკვე 11 წლის ვიყავი. გივი ბერიკაშვილს პირველად გადასაღებ მოედანზე შევხვდი. მერე გაირკვა, რომ ნათესავებიც ვიყავით. ფილმზე არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობდა...

- გადაღების დაწყებამდე მზექალა აჭაიძეს, თინიას როლის შემსრულებელს თუ იცნობდით?

- არა, მზექალა ახალსოფლიდან არის. გადაღების დაწყებიდანვე დავმეგობრდით, თუმცა არ მავიწყდებოდა "შემეხსენებინა", რომ "სიყვარული ყველას უნდა" მისი პირველი ფილმი იყო, როცა მე უკვე "დამსახურებული მსახიობი" ვიყავი. გადაღებების შემდეგ მსახიობები სხვადასხვა გასართობს იგონებდნენ და ერთ დღესაც მე და თინიას ქორწილი გადაგვიხადეს. მზექალას თავზე ფატა დაადგეს, მე გამომპრანჭეს და სუფრაც გაშალეს, თამადობას გივი ბერიკაშვილი გვიწევდა. ფილმში, მაყვალას მოსატაცებლად რომ მიდიან, დღემდე ყველაზე მეტად იმ სცენაზე ვხალისობ. თვალებიდან არ ამომდის "ბურნუთას" ვარდებიანი პერანგი. დაკარგეს ეს კაცი, არადა, არ შეიძლებოდა ასეთი მსახიობის დაკარგვა. (იხილეთ ასევე: ხელოვანი "ბურნუთა" ხელოსნობით ირჩენს თავს)

- სხვა როლი აღარ შემოუთავაზებიათ თქვენთვის?

- არა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბაკურციხის სავაჭრო ბაზაში მუშად ვმუშაობდი. მერე 2 წელი ალმა-ათაში კა-გე-ბეს ჯარში ვმსახურობდი. როდესაც ჩამოვედი, საგზაო პოლიციის ინსპექტორად დავიწყე მუშაობა, 16 წელი ვიმუშავე, სანამ სააკაშვილის მთავრობა არ მოვიდა... ერთხელ ზამთარია, თეთრი ტყაპუჭი მაცვია, ცხვირიც შიგ მაქვს ჩამალული, მარტო თვალები მიჩანს. ჩვენი პოლიციის უფროსს ბატონი გივი ბერიკაშვილი გაუჩერებია და მეც მივუახლოვდი, ოღონდ ხმას არ ვიღებ. გადმოვიდა მანქანიდან, თვალი თვალში გამიყარა და სიცილით მეუბნება: სიკო, შენი შუბა დავწვიო. როგორ მიცანით-მეთქი, გამიკვირდა. შენს ცნობას რა უნდაო, მომეფერა.

ერთხელ ბატონი კახი გავაჩერე. დიდხანს ვერ გამიხსენა, რომ ვუთხარი, ელიზბარაანთ გივია ვარ-მეთქი, ო, შენ გენაცვალეო და გულში ჩამიკრა. ჩემმა კინოროლებმა ბევრი დაუვიწყარი დღე მაჩუქა.

ახლა გლეხურად ვცხოვრობ - ვენახიცა მაქვს, მარწყვი და ატამი მომყავს. ჩემი მეუღლე, ნონა ბერიკაშვილი, პედაგოგია. 2 ვაჟი გვყავს - გიორგი და რამაზი...

იხილეთ ასევე: ელიზბარაანთ გივიას შეყვარებულ თინიას "თავგადასავალი" და ამბავი ფილმისა, რომელშიც "სიყვარული ყველას უნდა"

ეკა სალაღაია