რადიო "პალიტრა" ახალი პროექტებითა და სახეებით - კვირის პალიტრა

რადიო "პალიტრა" ახალი პროექტებითა და სახეებით

რადიო "პალიტრა" რვა წელია, თქვენთან ერთად არის! თუმცა მედიისთვის ეს არც ისე ხანგრძლივი პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დღეს თამამად გვეთქვა - FM 103.9 სივრცეში"რადიო "პალიტრამ" ხარისხიანი და კვალიფიციური პროდუქტის შექმნით კუთვნილი ადგილი თავიდანვე დაიმკვიდრა.

8 წელი საკმაოდ დიდი დროა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მსმენელს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ მოვლენებს. ამასთან, დღის ცენტრალური გადაცემების საშუალებით მიღებული ინფორმაცია თავად გააანალიზოს. აღსანიშნავია, რომ რადიო ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, სოციალური პრობლემების გაშუქებასაც და მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, კითხვები სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს თავად დაუსვას, გაეცნოს მისთვის საინტერესო კონკრეტული დარგის სიახლეებს, მიიღოს რჩევები ექსპერტებისგან და ა.შ.

FM 103.9 თავიდანვე ერთადერთი მიზნით შეიქმნა - საკმაოდ დაუბალანსებელ მედიასივრცეში, სადაც გაზეთი "კვირის პალიტრა" საზოგადოებას, როგორც ყოველთვის, სანდო და მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდიდა, ახლა უკვე რადიოს საშუალებით გაეფართოებინა და გაეგრძელებინა ეს გზა. ჰოლდინგი "პალიტრამედია" დღემდე ამ მისიის ერთგული რჩება და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს, რომ უკვე 20 წელზე მეტია ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. IPR-ის უახლესი კვლევების მიხედვით, რადიო "პალიტრა" 34 რადიომაუწყებელს შორის მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ 1,2 და 1,5%-ით ჩამორჩება მეორე და მესამე ადგილზე გასულ რადიოებს. კვლევების მიხედვით, რადიო "პალიტრას" ჰყავს სოციალურად აქტიური, დასაქმებული, საშუალო და მაღალანაზღაურებადი მსმენელი. მნიშვნელოვანია, რომ ამ 8 წლის განმავლობაში რადიო "პალიტრის" რეიტინგი იყო და არის სტაბილურად მზარდი.

ბუნებრივია, არჩევნებისთვის პოლიტიკოსებთან ერთად მედიასაშუალებებიც განსაკუთრებულად ემზადებიან - წინასაარჩევნო ციებ-ცხელებას რადიო "პალიტრა" სამი ახალი ტოქშოუთი ხვდება, რომელთა წამყვანები საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეები არიან: მამუკა არეშიძე, ნათია გამცემლიძე და კობა ბენდელიანი, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის""მკითხველი კვალიფიციური სტატიებით იცნობს. ეს ერთგვარი წინასაარჩევნო ზოლი გახლავთ - სამი გადაცემა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18:30-დან 19:30-მდე. მსმენელს საშუალება ექნება, ორშაბათს მამუკა არეშიძეს მოუსმინოს გადაცემით "კავკასიური პალიტრა", სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს - ნათია გამცემლიძეს გადაცემით "მეხუთე სართულზე", პარასკევს კი კობა ბენდელიანს გადაცემით "პოლიტიკური დეტექტორი".

ნათია გამცემლიძე აუდიტორიას სწორედ რადიო "პალიტრის" ეთერიდან დაუბრუნდა და პოლიტიკურ მოვლენებზე საზოგადოებას ყველა მხარის პოზიციის მოსმენის შესაძლებლობას აძლევს: "წინასაარჩევნოდ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ყოველდღიურად დებატები გვაქვს. უკვე რამდენიმე გადაცემა გავიდა და მიხარია, რომ ყველა მათგანს არა მხოლოდ რადიომსმენელების, არამედ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გამოხმაურებაც მოჰყვა - აქტიურად დაიწყეს მოსმენა და ეს ნამდვილად მისასალმებელია. ერთი და ორი კვირა გადაცემისთვის დიდი დრო არ არის და ეს კარგი შედეგია. პოლიტიკურ ლიდერებს შორის საინტერესო დებატები იმართება, მაგალითად, მმართველი გუნდისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის. გადაცემის მთავარი გზავნილი ასეთი გახლავთ - "ჩვენი რადიომსმენელი მოისმენს ყველა იმ ადამიანის პოზიციას, ვისაც აქვს ამბიცია, ქვეყანა მართოს". იმედია, ეს პროექტი კიდევ მეტ წარმატებას მიაღწევს. ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი აქტიურად თანამშრომლობს რადიო "პალიტრასთან" და ცხადია, ეს არა ჩემი, ამ რადიოსაშუალების იმიჯის, გამოცდილებისა და ხარისხის დამსახურებაა".

თამარ ცაგარეიშვილი, რადიო "პალიტრის" ხელმძღვანელი: "რვა წლის მანძილზე რადიო "პალიტრა" ყოველთვის თავის სიტყვას ამბობდა. მეტიც, გვაქვს ამბიცია, რომ მოქალაქეების ინფორმირებულობის თვალსაზრისით რადიო "პალიტრა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს კი, იმ კომპეტენტურმა ადამიანებმა განაპირობეს, რომლებიც დღეს რადიოში კვალიფიციურ და ხარისხიან პროდუქტს ქმნიან. ჟურნალისტები იცვლებიან, თუმცა რადიოს პრინციპი და ფასეულობა - ვიყოთ სანდო, კომპეტენტური, რესპექტაბელური და მხოლოდ ფაქტების ასახვას ვემსახუროთ, უცვლელი რჩება. რაც შეეხება წინასაარჩევნო პროცესს, ამ პერიოდში მუშაობა ყოველთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული - სწორედ ამიტომ შევქმენით რადიოში ერთგვარი წინა ხაზი, რომ საარჩევნო ყუთებთან მისვლამდე ამომრჩეველს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეს და არჩევანიც გააზრებულად გააკეთოს".

მამუკა არეშიძე, "კავკასიური პალიტრა", წამყვანი: "ქართულ მედიასივრცეში რადიო "პალიტრა" ერთ-ერთი სოლიდური, რეიტინგული და, რაც მთავარია, სტაბილური მედიასაშუალებაა. ის ყოველთვის ორიენტირებულია განახლებასა და ნებისმიერ აქტუალურ საკითხში მსმენელის მაქსიმალურ ინფორმირებულობაზე. "კავკასიურ პალიტრაში" ვეხებით ისეთ საკითხებს, რაზეც სხვა მედიასაშუალებებში ნაკლებად საუბრობენ - ეს არის უსაფრთხოება, რელიგიური უმცირესობების საკითხი, საზღვართან არსებული პრობლემები და ა.შ. ვფიქრობ, რადიო "პალიტრა" განახლებული ფორმატითა და შინაარსით, საარჩევნო პროცესში წინა ხაზი იქნება, რათა საზოგადოებამ ხარისხიანი ინფორმაცია მიიღოს".

კობა ბენდელიანი,"პოლიტიკური დეტექტორის" წამყვანი: "საქართველოში ოთხთვიანი საარჩევნო კამპანია პირველად გასტანს - შესაბამისად, რადიო "პალიტრამ" გადაწყვიტა, პროცესში სხვა მედიასაშუალებებისგან განსხვავებულად ჩართულიყო - "პოლიტიკური დეტექტორი", ვფიქრობ, სახელწოდებას გაამართლებს და ჩვენს მსმენელს, ანუ პოტენციურ ამომრჩეველს, გააზრებულ პოლიტიკურ არჩევანს გააკეთებინებს. ჩვენი მიზანია მსმენელი მაქსიმალურად გაერკვეს პარტიების პოლიტიკურ გეგმებსა თუ შესაძლებლობებში. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ რადიო პოლიტიკურ ძალებს შესაძლებლობას მისცემს, ეთერი ბოროტად" გამოიყენონ, პირიქით, ჩვენ პარტიებისგან კონკრეტულ პასუხებს ველით - გვახსოვს წარსული და ვიყურებით წინ".

რუსუდან შელია