14 წლის ბიჭი ფერეიდნიდან: "საქართველოსკენ იმხელა სიყვარულით მოვდიოდით, ირანიდან თქვენამდე გზა თითქოს ერთ საათში გაილია" - კვირის პალიტრა

14 წლის ბიჭი ფერეიდნიდან: "საქართველოსკენ იმხელა სიყვარულით მოვდიოდით, ირანიდან თქვენამდე გზა თითქოს ერთ საათში გაილია"

"მინდა ჩემმა შვილებმა იქართველონ. ქართველები ცოტანი ვართ, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ვინაობა და ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ".

"ქართული ენა ჩვენი დედაენაა და გულში გვიწერია"

"თურქეთს რომ გამოვივლით და საქართველოში შემოვდივართ, სულ არ ვფიქრობთ, რომ სხვა ქვეყანაა. ასე გვგონია, ჩვენი დედ-მამის სახლში ვბრუნდებით".

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ახალი პროექტი დაიწყო, რომლის დახმარებითაც 12 ფერეიდნელი ქართულ ენასა და ქართულ ხალხურ მუსიკას შეისწავლის.

ზვიად ტომარაძე, "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის" ხელმძღვანელი:

- შარშან ფერეიდანში სტუმრობისას ფერეიდნელ ქართველებს შევპირდი, რომ ენის შესწავლაში დავეხმარებოდი. დავწერე პროექტი, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა დააფინანსა. საქართველოში 2 თვის განმვლობაში 12 ფერეიდნელს ვმასპინძლობთ. თბილისის 1-ელ საჯარო სკოლაში მათ აქვთ საშუალება ქართული წერა - კითხვა და ქართული ხალხური სიმღერები შეისწავლონ. ფერეიდნელები წავიყვანეთ ექსკურსიებზე. მათ მცხეთა, ჩარგალი და ანანური უკვე დაათვალიერეს.

ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ფერეიდნელებთან შეხვედრა, ჯუფის ხელმძღვანელი, რომელიც ჰადი ლაჩინანად გამეცნო, ირანში გადასახლებულ ბაგრატიონთა შთამომავალი არჩილ ბაგრატიონი აღმოჩნდა და მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში.

ფერეიდნელი ქართველები გაკვეთილზე

არჩილ ბაგრატიონი (ჰადი ლაჩინანი): - ფერეიდანში ჩვენს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და ირანულად ჰადი ლაჩინანი მქვია. ჩვენი ქალაქი მარტყოფია. ამ ქალაქში ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ჩვენთან სიახლოვეს კიდევ 5-6 სოფელია, რომელიც ასევე ქართველებითაა დასახლებული. ჩემი წარმომავლობა ბაგრატიონთა სამეფო გვარს უკავშირდება, ლაჩინ ხანი რომელიც, ბაგრატიონი იყო შაჰ აბასმა ირანში გადაასახლა. გადმოცემით ის დიდი მებრძოლი იყო და მე მისი შთამომავალი ვარ. ჩვენი წარმომავლობის შესახებ წიგნებიდან ვიცი. წიგნებს ვაკეთებთ, სადაც ჩვენ - ჩვენი გვარის გენეალოგიას აღვწერთ.

- რას გულისხმობს პროგრამა, რომლის საშუალებითაც საქართველოში ჩამოხვედით?

- პროგრამის დახმარებით საქართველოში 12 ფერეიდნელი ჩამოვედით, ქართულ ენასა და ქართულ ხალხურ მუსიკას ვსწავლობთ. ქართული ენა ჩვენი დედაენაა და გულში გვიწერია, ეს სიყვარული გულიდან მოდის, რომელსაც სიტყვით ვერც გადმოვცემ.

მინდა ჩემმა შვილებმა იქართველონ. ქართველები ცოტანი ვართ, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ვინაობა და ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ.

ფერეიდანში დღეს ჩვენთან ის ახალგაზრდები მოდიან, ვისაც სურს იცოდეს თავის ისტორია, ცდილობენ გაიგონ ვინ იყო მათი წინაპარი, ასევე ყველაფერს აკეთებენ, რომ ქართული გვარები დაიბრუნონ. ჩვენ ირანშიც გვყავდა დიდი ქართველები, მაგალითად, იმამ ყული ხან უნდილაძე, რომელსაც თურმე შაჰ აბასი ეუბნებოდა, "მთელი ირანი მე მემორჩილება და მე კი შენ გემორჩილებიო".

ქართველებს მუდამ ენდობოდნენ, ერთგულები ვიყავით და კარგი ბრძოლა ვიცოდით. ასე ამბობენ, ირანში შაჰის კარზე სულ ქართულად ლაპარაკობდნენო.

- რამდენად რთულია თქვენთვის ქართული ენის შესწავლა?

- არ არის რთული, მაგრამ განსხვავებებსაც ვპოულობთ. ჩვენ ხომ 17-ე საუკუნის ქართულით ვსაუბრობთ. ეს ის ქართულია, რომელიც წინაპრების გადმოცემით ოჯახიდან - ოჯახს და შთამომავლობას გადმოეცემოდა. გამოთქმებიც განსხვავებული გვაქვს.

ჯგუფის უმეტესი ნაწილი პირველადაა საქართველოში. ერთ-ერთი მათგანი თორნიკე ბათუაშვილია:

- საზღვარზე რომ გადმოვედი, ჩვენი მშობლიური მიწა და პაპები მომაგონდა. გავიხსენე როგორ გადაასახლეს სამშობლოდან და გულზე ცეცხლი შემომენთო. აქ იმიტომ მოვედით, რომ ჩვენი მიწისა და ქართველობის უკეთესად გავიგოთ. თურქეთს რომ გამოვივლით და საქართველოში შემოვდივართ, სულ არ ვფიქრობთ, რომ სხვა ქვეყანაა. ასე გვგონია, ჩვენი დედ-მამის სახლში ვბრუნდებით.

ბატონი არჩილის თქმით, ისინი აქაურ სამზარეულოსაც საკმაოდ კარგად იცნობენ, ირანში ქართული ყველიც მიაქვთ და ხაჭაპურთან ერთად, სხვა კერძებსაც ამზადებენ.

არჩილ ბაგრატიონი (ჰადი ლაჩინანი):

- სოციალურ ქსელში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გვიკავშირდებიან და გვეპატიჟებიან, სხვათა შორის, ირანში ზესტაფონის ყველი მიმაქვს და ჩემი მეუღლე ხაჭაპურს გვიცხობს ხოლმე.

მეტროში ერთ ქალი გავიცანით, გზა გვასწავლა და რომ ვუთხარით საიდანაც ვიყავით, ცრემლები წამოუვიდა. ჩვენთვის ეს სითბო ყველაზე ძვირფასია, ეს ყველაზე მეტად გვახარებს

ძალიან გვინდა წერა - კითხვა და ლაპარაკი კარგად ვისწავლოთ, რათა შემდეგ ფერეიდანში ჩვენს ქართველებს ვასწავლოთ. ქართულს შინ, ჩვენით ვსწავლობთ. ფერეიდანში ერთი სკოლაა, სადაც სწავლისთვის თანხის გადახდა გვიწევს, ეს ყველას არ შეუძლია. სკოლის გახსნაც რთულია, რადგან საქართველოსგან ძალიან შორს ვართ.

- რას ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე?

- საქართველოში დაბრუნება აუცილებელია, მაგრამ ასე მარტივად ვერ წამოვალთ, უნდა იყოს რაღაც პირობები ჩვენი ოჯახები რომ ვარჩინოთ, ბავშვებმა რომ არ გვითხრან, აქ სად წამოგვიყვანეთო. მთავარი პრობლემა კი მოქალაქეობის მინიჭებაა, როგორც ჩანს, შესაბამისი კანონი ჯერ არ მიუღიათ. ჩვენ გვინდა ჩვენს ქვეყანაში ვიცხოვროთ და ჩვენ ქვეყანას გამოვადგეთ.

ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური არჩილ ბაგრატიონის 14 წლის ვაჟის გიორგის გაცნობა იყო.

გიორგი ბაგრატიონი (არიან ლაჩინანი):

- საქართველოსკენ იმხელა სიყვარულით მოვდიოდით, ირანიდან თქვენამდე გზა თითქოს ერთ საათში გაილია, მაგრამ უკან დაბრუნება გვიჭირს. მიყვარს საქართველო, აქ ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს და შეუდარებელი ისტორიული ძეგლებია. ჩვენ რომ შაჰ აბასს ირანში არ გადავესახლებინეთ, საქართველოს სიყვარულს ასე ძლიერ ალბათ ვერ ვიგრძნობდით.

P.S. გასულ წელს, "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის" ხელმძღვანელ ზვიად ტომარაძის თაოსნობით წიგნები შეგროვდა. ამ საქმეში გაზეთმა "კვირის პალიტრამ"და გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მიიღო მონაწილეობა და ბატონ ზვიადს ფერეიდანში წასაღებად 160 წიგნი - ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებები და ქართული ზღაპრები გადასცა. წიგნების გაგზავნისთვის ფერეიდნელებმა მადლობა გადაგვიხადეს.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)