ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა - კვირის პალიტრა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან გვაცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თბილისის #12 საპყრობილეს მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრები, ხატები და საეკლესიო ფსალმუნები.

გამოფენას ესწრებოდნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, „დიტო ცინცაძის ფონდის“ წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

„ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ჩატარებულ გამოფენებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის გულით გაკეთებული ნამუშევრები. საოცარია, რომ პატიმრები ჩაკეტილი სივრციდან ეხმარებიან დაავადებულ ბავშვებს. ეს ძალიან ამაღელვებელია“ , - აღნიშნა გიორგი დონაძემ.

მამა კონსტანტინე გიორგაძის თქმით, როდესაც მსჯავრდებულები საპყრობილეს დატოვებენ საზოგადოებრივ საქმიანობაში იოლად ჩაერთვებიან.

„როდესაც ადამიანი საპყრობილეშია გარკვეულ ზემოქმედებას განიცდის, მუშაობით თერაპია მათ ხელს უწყობს რეაბილიტაციასა და სოციალიაზაციაში. ეს პროცესი უნდა გაფართოვდეს და ხელი შევუწყოთ მათ დასაქმებას. როდესაც ისინი დატოვებენ საპყრობილეს იოლად ჩაერთვებიან საზოგადოებრივ საქმიანობაში და არ იქნება მათთვის უცხო გარე სამყარო“, - განმარტავს მამა კონსტანტინე გიორგაძემ.

თამარ ხულორდავას თქმით, უწყება ხელს უწყობს ყველა ისეთი ღონისძიების დაგეგმვასა და ჩატარებას, რომელიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას ემსახურება.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავად მსჯავრდებულების სურვილით, ეს გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმედი ხასიათისაა. უწყება ხელს უწყობს ყველა ისეთი ღონისძიების დაგეგმვასა და ჩატარებას, რომელიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას ემსახურება. მათი მონაწილეობა ინდივიდუალურ საქმიანობაში და ზოგადად, მსჯავრდებულების დასაქმება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღევანდელი გამოფენაც ემსახურება მათ მიერ კეთილი საქმის კეთებას და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან წევრებად დაბრუნებას“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

„დიტო ცინცაძის ფონდის“ წარმომადგენელი დიმიტრი ცინცაძე მსჯავრდებულებს აღნიშნული ინიციატივისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა მინდა გადავუხადო იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც ეს ხელნაკეთი ხატები და სამაჯურები სასიკეთო საქმისთვის დაამზადეს. გაყიდვიდან შემოსული თანხები ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება. ასევე, მადლობას ვუხდი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ფოლკლორის ცენტრსა და კომპანია „ჯეპრას“ ღონისძიების ორგანიზებისთვის“,-აღნიშნა დიმიტრი ცინცაძემ.

გამოფენიდან შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად „დიტო ცინცაძის ფონდში“ გადაირიცხება. ღონისძიების საინფორმაციო კამპანიას „ჯეპრა“ უზრუნველყოფს. გამოფენა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.