რატომ გადაწყვიტა ლევან წულაძემ, რომ ძაღლებს საოპერო არიის ეშინიათ? - კვირის პალიტრა

რატომ გადაწყვიტა ლევან წულაძემ, რომ ძაღლებს საოპერო არიის ეშინიათ?

"ლევანი, გარდა იმისა, რომ ცუდად ხედავს, ვერც ადამიანებს იმახსოვრებს. ერთი და იგივე კაცი, რომელსაც იცნობს, შეიძლება ათჯერ გაახსენო"

რეჟისორ ლევან წულაძის მეუღლესთან, მსახიობ მანანა კოზაკოვასთან ინტერვიუს ჟურნალი "გზა" აქვეყნებს, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- 90-იანი წლებში სტუდენტი იყავით. იმ რთულ დროს როგორ ერთობოდით?

- რთული და საშიში დრო იყო, ვერსად წახვიდოდი, კაფეები არ არსებობდა. ჯგუფში ყველა ვმეგობრობდით, სულ ერთად ვიყავით, ღამეებსაც ვათენებდით და გაუთავებლად ვსაუბრობდით. აუდიტორიაში ვიკრიბებოდით, მერე ძირითადად, მაია ლომიძის ან დათო დარჩიას სახლში მივდიოდით. ახალგაზრდობა თავად არის გართობა და ხალისი.

- ალბათ, მეუღლის იუმორიც გშველოდათ...

- საერთოდ, ლევანი, გარდა იმისა, რომ ცუდად ხედავს, ვერც ადამიანებს იმახსოვრებს. ერთი და იგივე კაცი, რომელსაც იცნობს, შეიძლება ათჯერ გაახსენო. გადასარევად ახსოვს, ვთქვათ, 30 წლის წინ წაკითხული წიგნი, მაგრამ ცნობადობის მხრივ ცუდი მეხსიერება აქვს. ამიტომ, გარკვეული ნიშანი შემოვიღეთ: თუ მაჯაზე ხელს ვკიდებ, ეს ნიშნავს, რომ იმ ვიღაცას იცნობს და უნდა მოემზადოს შესახვედრად. ერთხელაც კოჯორში ვართ. სტუმრად მოვიდა დედას მეგობარი, არაჩვეულებრივი ქალი, რომელიც ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება. ლევანი არ იცნობს მას. მინდა, წარვუდგინო და ხელი ამიტომ მოვკიდე. მან კი ჩათვალა, რომ უკვე იცნობს. გაექანა ამ ქალისკენ. კედელთან მიაყენა, ლოყაზე უჩქმიტა, დიდი სიყვარულით მოიკითხა, - როგორ ხარო? ქალი გაოგნებული დგას. მერე ლევანი ამბობდა: ალბათ, იფიქრებდა, მედეას როგორი ექსტრავაგანტური სიძე ჰყოლიაო (იღიმის).

ლევანს ძაღლების საოცრად ეშინია. 90-იან წლებში უამრავი მაწანწალა ძაღლი დადიოდა და მათ ხროვასთან შეხვედრა მართლაც, საშიში იყო. რატომღაც, ლევანმა გადაწყვიტა, რომ ძაღლებს საოპერო არიის ეშინიათ. დედაჩემის ბინაში მოსახვედრად შიდა ეზო უნდა გაიარო. ეზოში შემოსვლისას, მთელ ხმაზე იწყებდა რომელიმე ცნობილი არიის სიმღერას. ეტყობა, ეს ჭრიდა, რადგან მუდმივად ამ ხერხს მიმართავდა. მეზობლები რას ფიქრობდნენ, დღესაც არ ვიცი.

ლევანს ცოლად რომ გავყევი, პროდუქტები საერთოდ არ იშოვებოდა. კვერცხის ფხვნილისა და ჰუმანიტარული დახმარების ერბოს საშინელი გემოს გახსენებაც არ მინდა. ჰუმანიტარულ დახმარებას ეწერა "არ იყიდება", მაგრამ ზოგიერთი მაინც ყიდდა. ვინაიდან არაფერი იყო, ლევანი "თხზავდა" ასეთ რამეს: წყალში აურევდა ფქვილს, მარილს დაამატებდა და მასას მოხარშავდა. ამას ე.წ. ერბოსთან ერთად მივირთმევდით და ვფიქრობდით, რომ კარგად ვიყავით.

სრულად ნახეთ ჟურნალ "გზის" 23 ივნისის ნომერში