"ნუ დაკარგავთ იმედს. არიან ისეთებიც, რომლებიც ციხეში უვადოდ ზიან" - რა მოსწერა ციხიდან ვოვა არუთინიანმა "გზის" ჟურნალისტს?! - კვირის პალიტრა

"ნუ დაკარგავთ იმედს. არიან ისეთებიც, რომლებიც ციხეში უვადოდ ზიან" - რა მოსწერა ციხიდან ვოვა არუთინიანმა "გზის" ჟურნალისტს?!

2005 წლის მაისში, საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ს იმჟამინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშზე არშემდგარი ტერაქტის მომზადების ბრალდებით, იმავე წლის 20 ივლისს, დააკავეს თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მცხოვრები ვოვა არუთინიანი.

ოფიციალური ვერსიით, დაკავებისას ბრალდებულმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს. ორმხრივი სროლისას დაიღუპა კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ქვლივიძე, დაიჭრა თავად ვოვა არუთინიანიც. ის წლების განმავლობაში ამტკიცებს, რომ დაღუპული სამართლადმცავისთვის არ უსვრია, თუმცა ეს სარწმუნო არ აღმოჩნდა არც წინა და არც ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის. ის უვადო პატიმარია. როგორც ჟურნალ "გზის" ჟურნალისტი როლანდ ხოჯანაშვილი წერს, მას სამ წლის წინ სწორედ ვოვა არუთინიანმა გამოუგზავნა ციხიდან წერილი, რომელსაც ჟურნალი აქვეყნებს. გთვაზობთ ნაწყვეტებს წერილიდან:

"მოგესალმებით, ბატონო როლანდ!

ამ წერილს წერს თქვენს სახელზე უვადო პატიმარი, ციხიდან. ალბათ, გაგიკვირდებათ, რომ უცნობმა პატიმარმა მოგწერათ, მაგრამ ძალიან მინდა გამოვეხმაურო იმ მასალას, რაც თქვენ გამოაქვეყნეთ ("ნუ მივატოვებთ მოხუცებს") და გამოვხატო თქვენ მიმართ დიდი პატივისცემა, მხარდაჭერა. მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა იმისათვის, რომ აი, ასეთი ჭეშმარიტი ქართველი კაცი ბრძანდებით. მოხუცებს სჭირდებათ სითბო და სიყვარული, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამისთვის არავის სცალია, სამწუხაროდ! ჩვენი საქართველო იცვლება, პატივცემულო, ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ არქიტექტურა გახდა სხვა - მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებითა და შუშის შენობებით, არამედ მგონი, ზოგს გულიც გაუხდა მეტალოპლასტმასის ან შუშის! და ეს ყველაზე დიდი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის! ვერავითარი მტერი, რაც უნდა მრავალრიცხოვანი იყოს, ჩვენს ქვეყანას ვერ გაანადგურებს, მაგრამ თუ ჩვენ გულს დავკარგავთ, აი, მაშინ არც მტრების შემოსევა იქნება საჭირო - თვითონვე გავანადგურებთ ქვეყანას...

...

მთელი გულით მინდა, რაიმეთი დაგეხმაროთ, მაგრამ ციხიდან არაფერი შემიძლია. აი, ამ წერილის დახმარებით მსურს, ვინმე ცოტათი მაინც დავაიმედო და ვუთხრა: ნუ დაკარგავთ იმედს. არიან ისეთებიც, რომლებიც ციხეში უვადოდ ზიან. უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, უნდა გავუფრთხილდეთ მოხუცებს, თორემ ჩვენი შვილები ჩვენც ისე მოგვექცევიან, რისი ღირსიც ვიქნებით..."

წერილის სრულად ნახვა, ასევე წაკითხვა იმისა თუ რას სთხოვს ჟურნალისტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, შეგიძლიათ ჟურნალ "გზის" 23 ივნისის ნომერში.