შვეიცარული კომპანია Stadler ”საქართველოს რკინიგზისთვის” განკუთვნილ მატარებლებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება - კვირის პალიტრა

შვეიცარული კომპანია Stadler ”საქართველოს რკინიგზისთვის” განკუთვნილ მატარებლებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს მიერ შეძენილი ორსართულიანი მატარებლის მწარმოებელი შვეიცარული კომპანია Stadler განცხადებას ავრცელებს.

კომპანია ეხმაურება საქართველოში გავრცელებულ ინფორმაციას მატარებლის შესახებ და განმარტავს, რომ ორსართულიანი ელექტრო KISS მატარებლები, რომლებიც საქართველოს რკინიგზისთვისაა განკუთვნილი, შვეიცარიელი ინჟინრების მიერ არის შემუშავებული, რა დროსაც მათ შვეიცარიის, გერმანიის, ავსტრიისა და ლუქსემბურგის, ანუ ევროპელი დამკვეთებისათვის დამზადებული, მსგავსი კონსტრუქციის მატარებლები შექმნეს.

”ჩვენი პროდუქტის, მოცემულ შემთხვევაში, Stadler KISS-ის 1520 მმ-იან ლიანდაგზე საოპერაციოდ დაშვება განისაზღვრება ГОСТ 9238-83-ით "ნაგებობათა და რკინიგზის 1520 (1524 მმ) სივრცის მოძრავი შემადგენლობის მიახლოების გაბარიტები“. აღნიშნული ГОСТ განსაზღვრავს მაქსიმალურად დასაშვებ ზომებს მატარებლებისთვის და მიახლოებისას მინიმალურად დასაშვებ ზომებს ისეთი ნაგებობებისათვის, როგორიც არის გვირაბები, ხიდები და ბაქნები. მოძრავი შემადგენლობებისთვის არსებობს სამი ძირითადი გაბარიტი (Т, 1-Т, ВМ), რომელთაგანაც "Т“ ყველაზე მოცულობითია. ხელოვნურ ნაგებობებთან მიახლოებისათვისაც არსებობს ზუსტად ანალოგიური კლასიფიკაციები, შესაბამისი რეზერვის გათვალისწინებით, რათა მოძრავი შემადგენლობა არ შეეხოს ნაგებობებს, მათ შორის საქართველოს რკინიგზაზე არსებულ გვირაბებს და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს.

საქართველოს რკინიგზის მიერ შეძენილი Stadler KISS მატარებლები შეესაბამება "Т“ გაბარიტს და იგი შემოწმებულია არა მხოლოდ ნახაზების შედარებით, არამედ პრაქტიკული გაზომვის გზითაც.

საგულისხმოა, რომ შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობა შემოწმებული და დადასტურებულია გერმანიის რკინიგზის (Deutsche Bahn AG – DB international) შესაბამისი ექსპერტების მიერ და გაცემულია დადებითი დასკვნა.

მგზავრთა განსათავსებლად მეორე სართულის მოწყობა დასაშვებია, ვინაიდან ძველი, ერთსართულიანი მატარებლები არ გამოიყენებენ გაბარიტის სრულ სიმაღლეს, ხოლო ორსართულიანი Stadler KISS მატარებელი ვერც კი ავსებს "Т“ გაბარიტს.

ორსართულიანი ელექტრო KISS მატარებლები, რომლებიც საქართველოს რკინიგზისთვისაა განკუთვნილი, შვეიცარიელი ინჟინრების მიერ არის შემუშავებული, რა დროსაც მათ შვეიცარიის, გერმანიის, ავსტრიისა და ლუქსემბურგის, ანუ ევროპელი დამკვეთებისათვის დამზადებული, მსგავსი კონსტრუქციის მატარებლები შექმნეს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის განცხადება ”ინტერპრესნიუსს” ”საქართველოს რკინიგზიდან” მიაწოდეს.