"სასაცილოა ეს ყველაფერი, ქართველებო" - ქართული "მშიბზია" და აფხაზური "აბზიარაზ" - კვირის პალიტრა

"სასაცილოა ეს ყველაფერი, ქართველებო" - ქართული "მშიბზია" და აფხაზური "აბზიარაზ"

"როდესაც ერთი ქართველი მაინც მიხვდება, რომ აფხაზეთს დამოუკიდებლობა სჭირდება, მაშინ ვუპასუხებთ "მშიბზიაზე"

ქართველი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის მიერ განხორციელებულ ინტერნეტაქციას "მშიბზია" - "გამარჯობა", აფხაზეთში კონტრპროექტით, "აბზიარაზ" - "ნახვამდის", უპასუხეს. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს, სადაც ამ პროექტის შესახებ სოხუმელი ჟურნალისტის მიერ ირონიულად გადმოცემულ მოსაზრებებსაც ეხმაურება.

"8 ათასი დღეა ერთმანეთს არ მივსალმებივართ. გადავწყვიტეთ, ეს სიცარიელე შეგვევსო და ამდენივე ადამიანი შეგვეგროვებინა, რომლებიც აფხაზებს მათ მშობლიურ ენაზე მიესალმებოდა", - ასე ხსნის ქართული პროექტის მიზანს იდეის ავტორი ბაჩო მებურიშვილი.

სოხუმელი ჟურნალისტი, ანტონ კრივენიუკი "ეხო კავკაზასთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ "მშიბზიას" აფხაზეთიდან აქციით "აბზიარაზ" უპასუხეს. მისი თქმით, "ამ ყველაფერს თამაშის ხასიათი აქვს და არა, - სერიოზული."

ჟურნალისტის აზრით, სხვადასხვა პროცესების აღქმის ესთეტიკაში ქართველებსა და აფხაზებს შორის დიდი სხვაობაა: - "აფხაზური საზოგადოება საკმაოდ ასკეტურია, ანუ მასში ნაკლებია საინფორმაციო კამპანიები, აქციები, მიტინგები, ხმაური. ქართული საზოგადოება სრულიად სხვაა - ის, ამ გაგებით, შესაძლოა მეტად თანამედროვე და სახალხოა. ისინი ფლეშმობებით, კამპანიების მეშვეობით, იდეური აქციებით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებებს. აფხაზურ სახოგადოებაში ეს კულტურა უბრალოდ არ არის", - ამბობს ანტონ კრივენიუკი.

შეკითხვაზე, - "ნახვამდის" - ადამიანური რეაქციაა თუ პოლიტიკური ზეგავლენით გამოწვეული პასუხი, - ჟურნალისტი პასუხობს: - "პოლიტიკური ტრადიციაა. ეს ახლა, უბრალოდ, უფრო ღრმა კომპლექსების ინსტალაციაა".

კრივენიუკის კვალდაკვალ, არ დააყოვნა სხვების რეაქციამაც.

ალმა სკანია, სოხუმელი აფხაზი:

- როდესაც ასეთ პროექტებს იწყებთ, რომელიც თავიდანვე იცით, რომ მხოლოდ და მხოლოდ პიარზეა გათვლილი, იქნებ იმაზეც დაფიქრდეთ, რომ ეს უბრალოდ, ცარიელი სიტყვებია. თქვენ მზად ხართ ჩვენი დამოუკიდებლობა აღიაროთ? თქვენში ამის გახმოვანებაც კი ღალატად მიიჩნევა, არადა, ამის გარეშე, უბრალოდ არაფერი შეიცვლება. სასაცილოა ეს ყველაფერი, ქართველებო... ვიდრე აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებთ, ყველა აქცია, პროექტი და წამოწყება უაზრო იქნება. ყველა ასეთ ინიციატივას ჩვენი საზოგადოებისა და ხელისუფლებისგან საზღვარზე კონტროლის გამკაცრება, ახალი ბარიერების დამატება მოჰყვება... დრომ ყველაფერი დაალაგა, დამოუკიდებლად ამდენ ხანს იცხოვრა აფხაზეთმა, ბევრ პოლიტიკურ და სოციალურ ვნებათღელვას გაუძლო, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეც ვიდექით, მაგრამ ცალკეული შემთხვევების გარდა, საქართველოსკენ არ გამოუხედია. ჰოდა, ნახვამდის...

ზაურ გაგრინსკი:

- ჯიუტობს ქართული საზოგადოება და ვჯიუტობთ ჩვენც, - ქართული "გამარჯობის" პასუხიც, ურთიერთობის გაგრძელებაც და აზრების გაცვლა-გამოცვლაც, მხოლოდ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მოხდება... ყველაზე ცუდი ის, არის, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებს მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ომი არ სურს, მაგრამ აფხაზების აზრი და პოზიცია ნაკლებად აინტერსებს. მათ ისევ და ისევ აფხაზეთის ლამაზ ბუნებაზე უჭირავთ თვალი. ბიზნესის განვითარება სჭირდებათ. ცუდია, რომ ქართველი ახალგაზრდებიც ინერციით მიდიან და პროცესებს რეალურად ვერ აფასებენ. მაშინ, როდესაც თუნდაც ამ პროექტის მომხრეთა უმცირესი ნაწილი იტყვის, რომ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ; როდესაც ერთი ქართველი მაინც მიხვდება, რომ აფხაზეთს დამოუკიდებლობა სჭირდება, მაშინ ვუპასუხებთ "მშიბზიაზე".

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)