"ჯანოს რომელიმე გულშემატკივარს რომ მოეგო ბინა, გადასცემდა იზორიას?" - კვირის პალიტრა

"ჯანოს რომელიმე გულშემატკივარს რომ მოეგო ბინა, გადასცემდა იზორიას?"

ჯანო იზორია: "ჩვენ ლუკმას ვუყოფდით ერთმანეთს"

"სტასი გაბრაზებული არ არის, მაგრამ ძალიან დასწყდა გული"

მას შემდეგ, რაც ლიზა ყენია პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" გამოეთიშა, სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა: "ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც დადის გადაღებებზე, ათენებს, აღამებს, წვალობს და ამ ყველაფერს აკეთებს ფოთიდან-თბილისამდე და მას სახლი თბილისში არ გააჩნია, სტანისლავ ბონდარენკოს არ უნდა ერგოს ბინა თბილისში და ჯანო იზორია ფოთიდან არ უნდა დადიოდეს თბილისში გადაღებებზე. გონს მოდით!"

როცა კონკურსს ჯანო იზორიაც გამოეთიშა, ატყდა გულშემატკივრებს შორის კორიანტელი. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტასი, გამარჯვების შემთხვევაში, მოგებულ ბინას ჯანოს გადასცემდა. წერდნენ, რომ ამ ამბავს კულტურის პალატა, კერძოდ, დავით ოქიტაშვილი გვამცნობდა "ფეისბუკით"... სიტუაციაში გასარკვევად დავით ოქიტაშვილს დავუკავშირდით:

- ბონდარენკოს მიზანი არ ყოფილა ამ კონკურსში მონაწილეობა. ის საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვიდა - პატარა მიხოს დასახმარებლად. მერე ლუკას დაეხმარა, რომელიც მე ვიშვილე და მასზე ზრუნვა დაიწყო. ამიტომ დარჩა აქ და პროექტშიც აღმოჩნდა. გიჟდება, ისე უყვარს სტანისლავს საქართველო. მისი შვილი უკვე 2 თვეა აქ არის, ახლა დედამისი ჩამოჰყავს. არასწორია, როცა ამბობენ, რომ პროექტში არ უნდა გაიმარჯვოს არაქართველმა. რას ნიშნავს ეს?! ოთო ნემსაძე რომ უკრაინის "ახალ ხმაში" მონაწილეობდა, მაშინ ამბობდნენ, მეორე ადგილზე იმიტომ გავიდა, რომ არ შეიძლება, უკრაინის ხმა ქართველი იყოსო. მაშინ ეს ძალიან მეწყინა... პროექტში უნდა გაიმარჯვოს ღირსეულმა! რა შუაშია ეროვნება?! ვფიქრობ, ჯანო იზორია უხერხულ მდგომარეობაში პირველ რიგში, მისმა გულშემატკივარმა ჩააგდო. მინდა მათ ვკითხო - რომელიმე მათგანს რომ მოეგო ბინა, გადასცემდა ჯანოს? კულტურის პალატა ეხმარება ხელოვან ადამიანებს და მოდი, შევაგროვოთ თანხა და ვუყიდოთ ბინა ჯანოს - ლაპარაკს საქმე სჯობს. ჯანოს მსგავს მდგომარეობაშია მისი თაობის მსახიობების ნახევარზე მეტი, ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანები... არ შეიძლება, ადამიანს დაუმსახურებლად ატკინო გული. სტასი გაბრაზებული არ არის, მაგრამ ძალიან დასწყდა გული. ამბობს, - ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებო... როდესაც ჯანო პროექტს გამოეთიშა, ჩვენ სტასს ვურჩიეთ, მოგების შემთხვევაში, ბინა ჯანოსთვის ეჩუქებინა. მეც ზუსტად ასე მქონდა ჩაფიქრებული და ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებსო - გვითხრა. მერე რომ დაიწყო ლანძღვა-გინება, გულდაწყვეტილმა თქვა, - თუ ასეთი უვარგისი პიროვნება ვარ, ვის რაში სჭირდება ჩემი ნაჩუქარი ბინაო?!..

ჩვენ ჯანო იზორიასაც დავუკავშირდით: - ძალიან მიყვარს ანდრიაც და სტასიც. ვინ გაიმარჯვებს, ქვეყანამ გადაწყვიტოს.

- პროექტიდან თქვენი გამოთიშვა მწვავედ აღიქვეს გულშემატკივრებმა. კონკურსანტებს შორისაც ხომ არ შეინიშნება დაპირისპირება?

- ჩვენ ლუკმას ვუყოფდით ერთმანეთს. მუხლი თუ დამეჭიმებოდა, ან რაღაც მეტკინებოდა, რეპეტიციიდან სტასსაც მივუყვანივარ სახლში, ანდრიასაც, ნინი წიკლაურსაც. გულშემატკივარი იმიტომაც არის გულშემატკივარი, რომ თავისი პოზიცია გააჩნია. ჩვენ კი არა, ფეხბურთში ინგლისს ჰყავს ისეთი გულშემატკივარი, სხვა ქვეყნებში რომ ჩადიან, შიშით სახელმწიფოები ზანზარებენ.

- ითქვა, რომ ბონდარენკოს განზრახული ჰქონდა, გამარჯვების შემთხვევაში, თქვენთვის გადმოეცა ბინა...

- მოდი, ამით დავასრულოთ ინტერვიუ. ამ კითხვას პასუხს არ ვცემ...

ლიზა ყენია: - ჩემი სტატუსი არასწორად გაიგეს სტანისლავის გულშემატკივრებმა. უფრო სწორად, ისე გაიგეს, როგორც უნდოდათ გაეგოთ. ყველა მონაწილეს აქვს უფლება, თავისი აზრი დააფიქსიროს. მე ძალიან მომწონს ჯანოს ნაცეკვი იმ კონკურსანტებთან შედარებით, ვინც ნახევარფინალში დარჩნენ. ამასთან, უცხოეთში, როცა ქართველი რომელიმე პროექტში იღებს მონაწილეობას, სადამდეც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის კორექტულად ეუბნებიან, კარგი ხარ, მოგებასაც იმსახურებო, მაგრამ იმ ქვეყნის წარმომადგენლები ბოლომდე თავისიანს გულშემატკივრობენ.

რაც შეეხება სტანისლავს, მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, პირიქით, კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, პატივს ვცემ, კარგი ადამიანია, ბევრი კარგი რამ გააკეთა საქართველოში და ეს დასაფასებელია. უბრალოდ, გამიხარდებოდა, თუნდაც მისთვის დაგვენახებინა, რომ ქართველმა ქართველის გატანა იცის, ვფიქრობ, არც სტასი დარჩებოდა ამით გულნატკენი.

ეკა სალაღაია