გოგი გვახარია: "თვითონ ემღერათ, ან მართლა ბერა ვერ დაპატიჟეს?" - კვირის პალიტრა

გოგი გვახარია: "თვითონ ემღერათ, ან მართლა ბერა ვერ დაპატიჟეს?"

26 ივნისს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ყრილობა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რომელიც ქართველმა საოპერო მომღერალმა, ირმა ბერძენიშვილმა შეასრულა. ჰიმნის შემსრულებელი ქალბატონი სოციალურ ქსელში ბევრმა გააკრიტიკა, თავად ჰიმნს კი უცნაურად შესრულებული უწოდეს. აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ირმა ბერძენიშვილს გამოექომაგა, მათ მხარდაჭერა მომღერალს "ფეისბუკში" გამოუცხადეს.

თამარ ივერი, საოპერო მომღერალი:

"სამწუხაროდ...სოციალურ სივრცეში ქილიკის საგნად იქცა ჩემი კოლეგის მიერ "ოცნების" ყრილობაზე შესრულებული ჰიმნი.

მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი ჩემი კურსელია და მას გენიალური სილამაზის ხმა ჰქონდა და აქვს...ნუ ვიქნებით ცინიკურები და მოქილიკე სხვის მიმართ... გასაგებია, მესმის რომ შეიძლება ეს მისი საშემსრულებლო დონისთვის მთლად შესაფერისი ნამღერი არ იყო, მაგრამ მომღერლები არ ვართ საბეჭდი მანქანები, იქნებ როგორ ღელავდა? იქნებ რა შეემთხვა? იქნებ და უბრალოდ მისი დღე არ იყო? აშკარად ღელვისგან უკანკალებდა ხმა. ყველას გვაქვს ცხოვრებაში ჩვენი "up and down" მომენტები და ერთმანეთის მიმართ მიმტევებლები უნდა ვიყოთ. მე ირმას ულამაზესი ტემბრის და უმდიდრესი ხმის ფანი ვიყავი და ვარ, ამ ადამიანის კარგი ნამღერების მომსწრეც ხშირად ვყოფილვარ.Так что Тему смените Господа!!" (წყარო)

გოგი გვახარია, კინომცოდნე:

"ამ ქალის გამოსვლაზე ბულინგმა უკვე საზიზღარი ხასიათი მიიღო. მითუმეტეს რომ მოვისმინე მისი ადრინდელი გამოსვლა და სრულიად ნორმალური მომღერალია. დიდ არტისტებსაც მოსვლია.

ქართული ოცნების ახალგაზრდებს კი მინდა ვკითხო - რაში ჭირდებოდათ რაცხა ყრილობაზე, ჰიმნის შესრულების დროს სოპრანო? ვინ იმეტიჩრა ნეტა? ვინ იყო იდეის ავტორი?

თვითონ ემღერათ. ან მართლა ბერა ვერ დაპატიჟეს?"(წყარო)

 

kvirispalitra.ge ირმა ბერძენიშვილს ესაუბრა.

"აუცილებელია წინასწარ რეპეტიცია, შეთანხმება და ყველაფრის შეჯერება... თავიდანვე ვთქვი, რომ არ იყო სწორი დისტანცია მომღერალსა და აპარატურას შორის და ეს დიდი დისკომფორტი იყო ჩემთვის. მითხრეს, რომ ვეღარაფერს შეცვლიდნენ და სამი ვარიანტი მქონდა: ან უნდა მემღერა ისე როგორც იყო, ან ჩემი შესრულებული სიმღერის ფონოგრამა მიმეტანა და მხოლოდ პირი გამეღო, ან საერთოდ არ მემღერა... სულ რომ არ მემღერა, ჩემს პირად კაპრიზად ჩათვლიდნენ და გულწრფელად გითხრათ ძალიან დავიბენი... წინასწარ, რომ მცოდნოდა ამდენი შეფერხება იქნებოდა, ნამდვილად უარს ვიტყოდი! საერთოდ არაფერი არ მესმოდა, რაღაც ჟღრიალის ნაზავი მოდიოდა და ზედ ჩემი მექანიკური, ასეთი სტრესული გამოსვლა დაერთო...

რასაკვირველია ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ცუდად მიდიოდა და ვფიქრობდი ნეტავ ახლა არ წავიქცე და აქ არ მოვკვდე-მეთქი... ვინც დაცინვით არის დაკავებული, იცინონ, ეს მათი უფლებაა! ბევრ მათგანს არც ესმის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და სწორად უნდა გაგიგონ! მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ყველაფრის მიმართ და არასოდეს მივცემ თავს უფლებას, ვინმეს დავცინო, რაც არ უნდა მოხდეს! არავის არ აინტერესებს რა, როგორ მოხდა. მთავარი შედეგია და მეც გარკვეულწილად ამის მომხრე ვარ. თავს არ ვიმართლებ და არ ვაპირებ ყველაფერი სხვას დავაბრალო! რეპეტიციები იმიტომ არსებობს, რომ ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს გათვლილი. სანამ გავიდოდი, იყო ლაპარაკი, რომ რისკები არსებობდა. ვერ მოხერხდა სწრაფად, სათანადოდ მოეწყოთ პირობები და ყველაფერი ისე იყო, რომ ეს გამოსვლა სიბნელეში სიარულს ჰგავდა!

ძალიან დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს! ამ უმძიმეს წუთებში გვერდით დამიდგნენ და მათი ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი!"

ვიდეო

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)