"არ ვიცოდით, ვინ საით გავრბოდით" - რას ჰყვებიან ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის თვითმხილველი ქართველები - კვირის პალიტრა

"არ ვიცოდით, ვინ საით გავრბოდით" - რას ჰყვებიან ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის თვითმხილველი ქართველები

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. თურქული მედიის ცნობით, თავი ორმა თვითმკვლელმა აიფეთქა. არსებული მონაცემებით, დაღუპულია 50-მდე, ხოლო დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი. ერთი აფეთქება საერთაშორისო ტერმინალთან, ერთი კი ადგილობრივ ტერმინალთან მოხდა... თვითმხილველთა განცხადებით, აფეთქებამდე გაისმა სროლის ხმაც... მოგვიანებით ითქვა, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ"აიღო...

"kvirispalitra.ge" იქ მყოფ ქართველებს დაუკავშირდა...

ლილი დარჩია: - სროლის ხმა არ გამიგია, რადგან ეს ადგილი ყველაზე ხმაურიანია, მაგრამ უცებ ზედიზედ ორი აფეთქება გაისმა და გარშემო თითქოს ყველაფერი დაინგრა. პირველი იმდენად ძლიერი იყო, რომ ასე მეგონა, ცა თავზე ჩამომექცა... ყველაფერი შეზანზარდა. პირველი აფეთქება სადღაც 150-200 მეტრში მოხდა და შიშისგან მუხლები მომეკეცა... პანიკა ატყდა. არ ვიცოდით, ვინ საით გავრბოდით... ვიღაც კაცმა წამომაყენა და დახმარება შემომთავაზა. ვერ გავიგე, რას მეუბნებოდა და გაშტერებული ვუყურებდი. თვალის დახამხამებაში მოცვივდნენ სამართალდამცველები და გვიბრძანეს, იქაურობა დაგვეტოვებინა. აეროპორტის ყველა შესასვლელი დაკეტეს... მაშინვე მოვიდნენ სასწრაფო დახმარების მანქანები. დავინახე, როგორ შეიყვანეს საკაცით დასისხლიანებული ადამიანი... მალე სამხედრო ვერტმფრენებიც გამოჩნდნენ. ამ ყველაფერს გოგნებულები ვუყურებდით... ყველანი ვინც იქ ვიყავით, ბუფერულ ზონაში გადაგვიყვანეს... დრო და დრო შიშისგან აზროვნება მებინდებოდა და რაღაცები არ მახსოვს... ჟანდარმის და სპეცრაზმის ბრძანებას მექანიკურად ვასრულებით... ჩემი ქალიშვილი უნდა ჩამოფრენილიყო ესპანეთიდან და აეროპორტში დასახვედრად ვიყავი წასული... ღმერთს ვეხვეწებოდი, ჩამოფრენილი არ იყოს-მეთქი, მადლობა უფალს, გადავრჩით... აქ ითქვა, რომ ქურთი ტერორისტების გაკეთებულია... ხალხი პანიკაშია. ძალიან გვეშინია. ეკონომიკურ კრიზისზე ვწუწუნებდით და სტამბოლში ტერაქტების სერია ლამის ჩვეულებრივი ამბავი გახდა... ძალიან ცუდ დღეშია თურქეთი, ხალხი შოკშია, თავს დაცულად ვერსად გრძნობს.

ნიკა, სტამბოლში მცხოვრები ქართველი:

- როგორც კი სიტუაცია ცოტა ჩაწყნარდა, აქაურ ქართველებს დავუკავშირდი. მოივიკითხე, ხომ ყველანი ცოცხლები ხართ-მეთქი. გავიგე, რომ ქართულმა რეისმა რამდენიმე წუთით გაასწრო ამ უბედურებას, მაგრამ სავარაუდოდ, მომდევნო რეისის მომლოდინე რამდენიმე ქართველი დაშავდა. აქ ძალიან ბევრი ქართველია, ზოგი დროებით, ზოგიც სამუშაოდ, დიდი ხნით ჩამოსული. იმედია, ისინი დაღუპულებს შორის არ არიან... ისეთი საცოდავი სახეები ჰქონდათ ადმიანებს, ეს კადრები არასდროს დამავიწყდება, - ყველა ტიროდა და უცნობ-ნაცნობი ერთმანეთს გადარჩენას ულოცავდა... ერთმანეთზე ზრუნავდნენ... ტაქსის მძღოლები პროფესიონალი პოლიციელებივით მუშაობდნენ, - ხალხს ეხმარებოდნენ, ამშვიდებდნენ, უფასოდ მომსახურებას სთავაზობდნენ. ქუჩაში დაბნეულ უცხოელებს დახმარებას სთავაზობდნენ ადგილობრივი თურქებიც, ასე მგონია, ეს ხალხი ამ ყველაფერმა გააძლიერა... შეიძლება, პოლიტიკოსები რაღაცაში ვერ თანმხდებიან, მაგრამ ხალხმა რა დააშავა?!

ნია, თურქეთში მყოფი ქართველი:

- აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და დაცული გვეგონა, თუმცა ისინი ყველგან არიან და არავის ინდობენ... გარშემო ჯოჯიხეთი ტრიალებდა. არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. ჩემს წინ უცხოელი დედა-შვილი თავზე ხელებს იფარებდა, შემდეგ სწრაფად გაგვიყვანეს უსაფრთხო ადგილას, მაგრამ დაჭრილები მაინც ვნახე, მათ შორის, ბავშვებიც იყვნენ... არ ვიცით, რა იქნება ხვალ და ზეგ. თურქები ამბობენ, რომ ეს რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის ურთიერთობის მოგვარების მცდელობის პასუხიაო. ხალხს არ აინტერესებს პოლიტიკა, მათ მშვიდობა უნდათ, რომელიც სანატრელი გაუხდათ...

ვიდეო

იხილეთ ასევე: ტერორისტმა "კალაშნიკოვის" ავტომატიდან გაისროლა, შემდეგ კი თავი აიფეთქა - სტამბოლის ტერაქტში დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)