თბილისის სააპელაციო სასამართლოში „სენტა ჯგუფის“ საქმის განხილვა გრძელდება - კვირის პალიტრა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „სენტა ჯგუფის“ საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „სენტა ჯგუფის“ საქმის განხილვა გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით „სენტა პეტროლიუმი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონება საქართველოში, ახალციხეში, სოფელ ჭვინთაში მდებარეობს. 2012 წლის 12 ივლისს გამართულ აუქციონზე 121 კვადრატული მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 97 კვადრატული მეტრი შენობა „სენტა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ზაალ იაკობიძემ 1 900 000 ლარად შეიძინა. ხვალ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ძალიან საინტერესო საქმე უნდა განეხილა, ღირდა თუ არა ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში 120 კვადრატულზე დადგმული ქოხი 1 900 000 (ერთი მილიონ ცხრასი ათასი ლარი) და რამდენად კანონიერად გამოიტანა ახალციხის მოსამართლემ გადაწყვეტილება ყველაზე "ძვირადღირებულ ქოხზე" ჭვინთის ისტორიაში. თუმცა, პროცესი ნოემბრისთვის გადაიდო. ქონების შესყიდვისას აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კომპანია - შპს ”ბემონი”. როგორც საქმის ადვოკატი აცხადებს, აუქციონის მომწყობი და ჩამტარებელი ჩინოვნიკები ინფორმირებულ იყვნენ, თუ რა ხდებოდა რეალურად. ამ დროს ქოხის მყიდველი კომპანიის დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ციხეში იჯდა. მეორე დამფუძნებელი დავით მიმინოშვილი კი აუქციონის საკითხის მოსაგვარებლად ციხიდან გამოუშვეს. ქონების საწყისი ფასი 8000 ლარი იყო, თუმცა, ამ აუქციონის თავისებურება მხოლოდ ფასი არ გახლდათ. ბიზნესმენებს ჯერ გაახდევინეს 1 900 000 ლარი სამ ეტაპად, ხოლო აუქციონი შემდეგ გამოცხადდა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დავით მიმინოშვილის აღმკვეთი ღონისძიებიდან გათავისუფლებიდან მეორე დღეს, 2012 წლის 29 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის სტაჟიორის მიხეილ ჯინჯოლიას 2012 წლის 29 ივნისის #13/27582 წერილის საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს უზრუნველყოფის ანგარშიზე, დავით მიმინოშვილის სახელზე შეტანილი 990,000 ლარიდან 900,000 ლარი „ბეს“ სახით, თანხის დანიშნულება: აუქციონის წესით გასაყიდი ქონება ახალციხის ადგილობრივ ბიუჯეტში გადაირიცხა. 2012 წლის 4 ივლისის საგადახდო დავალებით დავით მინინოშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტს გადაურიცხა 720 000 ლარი, დანიშნულებით აუქციონის წესით გასაყიდი ქონების ღირებულება. 2012 წლის 5 ივლისის საგადახდო დავალებით დავით მინინოშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტს გადაურიცხა 280 000 ლარი, დანიშნულებით აუქციონის წესით გასაყიდი ქონების ღირებულება. ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ ამის შემდეგ გამოცხადდა აუქციონი რომელიც ჩატარდებოდა 2012 წლის 12 ივლისს, 17:00 საათზე და რომლის შესაბამისად, აუქციონზე გამოტანილ იქნა სოფელ ჭვინთაში მდებარე კლუბ-ბიბლიოთეკის შენობა მიწა - 121 კვ.მ და მასზე მდებარე შენობა 97 კვ.მ. ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 8000 ლარი, „ბიჯი" საწყისი გასაყიდი ფასის 10%. „ბე" ნაკვეთის ღირებულების 30% ანუ 2400 ლარი. საინტერესოა ამ საქმეზე სასამართლოს მიერ 2015 წლის 31 ივლისის გამოტანილი გადაწყვეტილება - ახალციხის მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მიიჩნია, რომ ქოხში და 121 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთში, 2012 წელს ორმა ბიზნესმენმა საკუთარი ნებით გადაიხადა 1 900 000 (ერთი მილიონ ცხრასი ათასი ლარი). საეჭვო "იძულებით გარიგებაში", რომელზეც მოსარჩელე მხარე საუბრობდა, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ვერაფერი დაინახა“, - ნათქვამია განცხადებაში.

„სენტა პეტროლიუმი“ ახალციხის მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის შრომით ბიოგრაფიასაც ავრცელებს:

2003-2004 წლებში მარიკა ჩიტაშვილი მუშაობდა ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებლად; შემდეგ ამავე პროკურატურის პროკურორის თანაშემწედ; 2004-2010 წლებში - ახალციხის რაიონულ პროკურატურაში პროკურორის თანამდებობაზე; 2012 წლის იანვრიდან - ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2013 წლის (თებერვლიდან ივნისამდე) მივლინებული იყო ახალციხის რაიონულ სასამართლოში; 2013 წლის ივნისიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

„მიუხედავად ფაქტობრივი გარემოებებისა და ქონებაში გადახდილი აბსურდული ფასისა, ახალციხის მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „იმ გარემოებას, რომ შპს „ბემონმა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე თავისი ნებასურვილით 1 900 000 ლარად შეიძინა 8000 ლარად შეფასებული უძრავი ქონება, სასამართლო ვერ მიიჩნევს ზნეობის ნორმების დარღვევად, რადგან თვითონ ეს ფაქტი არ ეწინააღმდეგება საზოგადოდ აღიარებულ ზნეობრივ პრინციპებს ან საჯარო წესრიგს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ბიზნესმენები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, ამ ქოხში გადახდილი 1 900 000 ლარი რაბათის მშენებლობას მოხმარდა. 2 მილიონად გაყიდული ქოხის და მიწის ნაკვეთის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს. ღირს თუ არა ფოტოზე წარმოდგენილი ქოხი თითქმის 2 მილიონი და რა ზნეობრივ ან ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი, ამაზე თავის საბოლოო სიტყვას ზემდგომი ინსტანცია იტყვის. ქოხის ამბავი „სენტა ჯგუფისთვის“ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საქმიდან ერთი „პატარა“ დეტალია. წინა ხელისუფლების თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა და სხვა მაღალჩინოსნებმა ბიზნესმენებს 60 მილიონად შეფასებული ქონება მუქარის, შანტაჟის და დაშინების გზით 22 მილიონად დაათმობინეს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბიზნესმენებს 22 200 000 დოლარიდან 16 000 000 დოლარი, არსებული საბანკო კრედიტის მომსახურებისა და ბიუჯეტის წინაშე, აღნიშნული ნასყიდობის გაფორმების შედეგად გამოწვეული გადასახადების დასაფარად გადაახდევინეს. 2012 წლის მაისში პროკურატურამ „სენტა ჯგუფის“ ორივე დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძესა და დავით მიმინოშვილს აბსურდული ბრალი წაუყენა და სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გლდანის ციხეში, ისევ ზეწოლის შედეგად, ბიზნესმენები იძულებულნი გახდნენ, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ 4 000 000 ლარი გადაეხადათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

(R)