20-მეტრიან ავზში საქაჩი მოწყობილობის დასამონტაჟებლად ჩავიდნენ, თუმცა შეუძლოდ გახდნენ - გარდაბანში 2 მამაკაცი დაიღუპა - კვირის პალიტრა

20-მეტრიან ავზში საქაჩი მოწყობილობის დასამონტაჟებლად ჩავიდნენ, თუმცა შეუძლოდ გახდნენ - გარდაბანში 2 მამაკაცი დაიღუპა

გარდაბანში, სს ”თბილსრესის" სათბობ-სატრანსპორტო საამქროს ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თვითმხილველების თქმით, 50 წლამდე ორი მამაკაცი მაზუთის 20-მეტიან ავზში საქაჩი მოწყობილობის დამონტაჟების მიზნით ჩავიდა, თუმცა ორივე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

მათ დასახმარებლად ავზში კიდევ ერთი თანამშრომელი ჩავიდა, თუმცა ისიც შეუძლოდ გახდა და ამ დროისთვის ინტოქსიკაციით გარდაბნის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, ორივე მამაკაცის გარდაცვალება ავზში უჰაერობისა და ინტოქსიკაციის მიზეზით მოხდა.

”თბილსრესის" ტერიტორიაზე საპატრულო, სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. მაშველები გარდაცვლილი მამაკაცების ავზიდან ამოყვანის სამუშაოებს ახორციელებენ.

”თბილსრესში" აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია შიდა მოკვლევა და კომენტარს მხოლოდ მოკვლევის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.