"ოზურგეთის კორპუსებში დაკრძალვა რომ ნახოს ვინმემ, გაეცინება, მიცვალებული დაყუდებული ჩამოგვყავს" - კვირის პალიტრა

"ოზურგეთის კორპუსებში დაკრძალვა რომ ნახოს ვინმემ, გაეცინება, მიცვალებული დაყუდებული ჩამოგვყავს"

ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე 12-სართულიანი კორპუსის ლიფტის შახტაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთადერთი ლიფტიორი დაიღუპა. 60 წლის ვლადიმერ ცერცვაძე შახტაში მე-5 სართულიდან ჩავარდა და სარდაფში დაცემისთანავე გარდაიცვალა.

ტრაგედია ოზურგეთში მდებარე კორპუსების მცხოვრებელთა საერთო ტრაგედიადაც იქცა. მთელ ქალაქში სულ 9 კორპუსია და ერთი კაციც არ მოიპოვება, ვინც ჯართად ქცეული ლიფტების შეკეთებას მოჰკიდებს ხელს!

შოთა არვერიანცი, კორპუსის მცხოვრები: - საწყალი ვოვა ხომ ცალკე გვეცოდება, ეგ იყო ჩვენი მაშველი, მაგის იმედი გვქონდა, ლიფტი რომ გაფუჭდებოდა, ვოვას ვურეკავდით, მაგრამ ახლა ისიც დაიღუპა და ჩვენც! ჩემისთანა მოხუცმა მე-12 სართულზე ფეხით როგორ იაროს?!

- როგორ დაიღუპა ლიფტიორი?

- ჩვენი ვოვა ძალიან პატიოსანი კაცი იყო. ლიფტი რომ გაფუჭდებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო, საშველად მორბოდა. ამ მოფახფახებულ ლიფტებს გაგვიკეთებდა და ამოგვასუნთქებდა. ახლაც მე-6-სა და მე-5 სართულებს შორის გაიჩხირა და მაშინვე ხალხი ტელეფონს ეცა - ვოვა, გვიშველეო. ვოვა ბათუმში იყო, მაგრამ დაგვამშვიდა, ნუ გეშინიათ, ჩამოვალ და გიშველითო. კაცი იქვე ახლოს ცხოვრობს, მაგრამ ბათუმიდან ჩამოსული სახლში არც მისულა, პირდაპირ ჩვენთან მოვიდა. მე-5 სართულზე შახტის კარი გააღო და ცდილობდა, მეექვსე სართულზე გაჩხერილ ლიფტს მისწვდომოდა, ამ დროს ჩავარდა საწყალი. მაგისთანა კაცს სად ვნახავთ? როცა დენი არ იყო, თუ რამე ზედა სართულებზე გვქონდა ასატანი, მოვიდოდა და ლიფტს ხელით ატრიალებდა, ასე გვეხმარებოდა ტვირთის ატანაში.

- ნუთუ ერთი კაცი მაინც არ მოიძებნება ოზურგეთში, რომ დაზიანებული ლიფტების შეკეთება საკუთარ თავზე აიღოს?

- რომ მოიძებნებოდეს, მარტო ერთი ვოვა ხომ არ გვეყოლებოდა?! წელში გავწყვიტეთ კაცი! არც ლიფტიორი მოიძებნება და არც ჩვენი საშველი. წესით, ყველა კორპუსში სამგზავრო ლიფტთან ერთად სატვირთო ლიფტებიც უნდა მუშაობდეს, მაგრამ პატრონი არ გვყავს, სატვირთო კი არა, სამგზავროც მოყანყალებულია… საშინელ დღეში ვართ, კაცი რომ მოკვდება, სამგზავრო ლიფტში არც კუბო შედის, არც მაცივარი. ჯანდაბას, კიბით ვისარგებლებდით, მაგრამ ოზურგეთის კორპუსებს ისეთი ვიწრო კიბე აქვს, ჭირისუფალმა სპეციალურად მუშა თუ არ მოიყვანა, მიცვალებულისთვის მაცივარს ზედა სართულებზე ვერავინ აიტანს. ამ მუშას კიდევ დაკრძალვის ხარჯების ნახევარი სჭირდება! ამას წინათ კაცი მოგვიკვდა და სანამ მუშას ვიშოვიდით, მიცვალებული გაფუჭდა… აი, ასეა ჩვენი საქმე. ჩვენს კორპუსებში დაკრძალვა რომ ნახოს ვინმემ, გაეცინება, - მიცვალებული დაყუდებული ჩამოგვყავს. ეს თუა ცხოვრება?! ოზურგეთის საავადმყოფოში გვეგულება გაფუჭებული სამგზავრო ლიფტი, თუ მოგვცეს, ნაწილებისგან ახალ სამგზავრო ლიფტს ავაწყობთ. გამგეობას ვეხვეწებით და არ გვაძლევს. მოკლედ, სანამ ლიფტი არ გვექნება, მანამადე გარაჟში უნდა შევიდე და იქ ვიცხოვრო. ხნიერი კაცი ვარ და რომ მოვკვდე, ჩემი ჭირისუფლები არ გაწვალდებიან, მითუმეტეს ახლა ლიფტიორიც აღარ გვყავს!

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)