"საქართველოში ვერ შევძელით, ღირსეულად გვეცხოვრა" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ვერ შევძელით, ღირსეულად გვეცხოვრა"

ხათუნა იოსელიანი: "გული მტკივა ჩემს ქვეყანაზე, საიდანაც იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. მენატრება ძმისა და დედის საფლავები, მაგრამ ნიუ-იორკიდან წასვლას არ ვაპირებ. თავს ბედნიერად ვგრძნობ იმ ადამიანების გვერდით, ვინც აქ მყავს"

ბრუკლინი. მასპინძლის ნათესავებთან მივდივართ ნიუ-ჯერსიში. ისევ მეტრო, ისევ ნაცნობი სახეები და ქართული გადაძახილები. უკვე ამასაც შევეჩვიე, აღარ მიკვირს. აქ იმაზე ბევრი ქართველია, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ. გზას ავტობუსით ვაგრძელებთ. ნიუ-იორკისგან განსხვავებით, აქ სიმშვიდეა - პატარა სახლები, ლამაზი ეზოები... ერთ საათში უკვე მასპინძლებთან ვართ. ცოლ-ქმარი დიდი სიყვარულით გვეგებება. ცოტა ხნის წინ საქართველოში შვილის ქორწილი ჰქონიათ. დიასახლისს საბუთების გაკეთება ვერ მოუსწრია და შვილის ქორწილში ვერ წავიდა... გულნაკლულობას და მონატრებას კომპიუტერში ფოტოებითა

და ვიდეოებით ივსებს.

ნიუ-ჯერსი ნებისმიერი ნიუიორკელის საოცნებო ადგილია. სხვა შტატებისგან გასხვავებით, უფრო მშვიდია, ამავდროულად სიცოცხლე ჩქეფს. ჩემი მასპინძლების სახლის აივნიდან ულამაზესი ხედი იშლება, პირდაპირ მოჩანს მდინარე ჰუდსონის მეორე მხარეს - მანჰეტენის ცათამბჯენები...

ატლანტიკ-სითიში დაბინდებისას შევედით. ნისლიან ამინდს სულაც არ გაუფუჭებია გუნება-განწყობა. უფრო ლამაზად ჩანს ცაში აჭრილი კაზინოები და ფერად-ფერადი განათებები. აზარტული არ ვარ, მაგრამ იმ დღეს სულმა წამძლია და "რულეტკა" ვითამაშე. წავაგე. მაგრამ გუნება არ გამფუჭებია, პირიქით, წამითაც არ მინანია, რადგან ვიცი, რომ ესეც ამერიკული ვოიაჟიდან ლამაზ მოგონებად დამრჩება. რამდენიმე კაზინო შემოვიარეთ. ყველა გრანდიოზული და ლამაზია. თითქმის ყველას თავისი სასტუმრო აქვს მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის. უამრავი ფოტო გადავიღეთ და ბრუკლინში გამთენიისას დავბრუნდით.

ქართული თეატრი ნიუ-იორკში

29 მაისი. ნიუ-იორკის ქართულ თეატრში უნდა წავიდეთ. ბრუკლინის ერთ-ერთ უბანში, დასინ ქრეინთან არსებული კულტურის ცენტრში, რომელიც 20 წელია არსებობს, 2008 წელს ქართული თეატრი დაარსდა. თეატრში ხათუნა იოსელიანთან, ცუცა კაპანაძესთან ერთად კიდევ ბევრი ქართველი მსახიობია.

ნიუ-იორკის ქართული თეატრი არსებობის მანძილზე მეშვიდე სპექტაკლზე, "ჩარლის დეიდაზე", მუშაობს. რეჟისორ ხათუნა იოსელიანს, ქართველი ემიგრანტებისა და ადგილობრივების წინაშე, ამ სპექტაკლით ახალი გამოცდის ჩაბარება მოუწევს... არტისტები ახალ როლებს ითავისებენ. ამ ყველაფერს კი ენთუზიაზმით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აკეთებენ, რადგან ეს არის საქმე, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. "პა-სეანსის" ყოფილი მსახიობი ცუცა კაპანაძეც ამ დასის წევრია. პროფესიონალი მსახიობი სულ რამდენიმეა, დანარჩენები - მოყვარულები, თუმცა, როგორც ხათუნა იოსელიანი ამბობს, უდიპლომო პროფესიონალი მსახიობები არიან.

ხათუნა იოსელიანი: "რომ არა ვიქტორ სირენსონი, არც კი ვიცი, რა ბედი ეწეოდა ამ ცენტრს. მისი თავდადებით უამრავ საქმეს ვაკეთებთ. ცენტრის ქირას სწორედ სირენსონების ოჯახი გვიხდის. საქართველოდან არავინ დაგვხმარებია. კულტურისა და დიასპორის სამინისტროებთან გვაქვს მოლაპარაკება, მაგრამ...

გული მტკივა ჩემს ქვეყანაზე, საიდანაც იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. მუდმივად ინგრევა რაღაცები, მერე ვიწყებთ სფინქსივით აღდგენას. მენატრება ძმისა და დედის საფლავები, მაგრამ ნიუ-იორკიდან წასვლას არ ვაპირებ. თავს ბედნიერად ვგრძნობ იმ ადამიანების გვერდით, ვინც აქ მყავს. საქართველოში მხოლოდ სპექტაკლით დავბრუნდები.

მიყვარს ჩემი სამშობლო, მაგრამ იქ ვერ შევძელით ღირსეულად გვეცხოვრა. ამერიკაში თავს კარგად ვგრძნობ. ამ ქვეყანაში მომეცა საშუალება, მეზრუნა ჩემს შვილებზე. ღმერთმა ქნას, ფეხზე დადგეს საქართველო, მაგრამ მე ვერ მოვესწრები ამას..."

3 სექტემბერს 11 წელი გახდება, რაც ნიუ-იორკში ემიგრანტულ ცხოვრებას ეწევა "პა-სეანსელი" და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის - "მოდინახეს" ყოფილი მსახიობი ცუცა კაპანაძე, უკვე სამი წელია, ბრუკლინში, მეგობართან, ქართველ მომღერალ მანანასთან ერთად ცხოვრობს.

ცუცა კაპანაძე: "ძალიან გვინდა, გავდოთ კულტურის ხიდი საქართველოსა და ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს შორის. აქ უამრავ ქართველ ემიგრანტს შეხვდებით, მაგრამ ცოტანი ესწრებიან სპექტაკლებს. თუმცა, გვყავს ერთგული მაყურებელი. ჩვენს თეატრს კანადაში ჰქონდა წარმატებული გასტროლი - ორი სპექტაკლი წავიღეთ, "სარკე" და "შთამომავლობა". ამჟამად ერთ-ერთ ქართველ რეჟისორთან გვაქვს მოლაპარაკება - სპექტაკლის დადგმას ვთავაზობთ. მისი ვინაობა საიდუმლოა. დეკემბრის ბოლოს სპექტაკლის პრემიერა გვექნება.

დასინ ქრეინთან არსებულ კულტურის ცენტრში, ნიუ-იორკის ქართულ თეატრთან ერთად, უკვე წლებია, არსებობს ხალხური ცეკვისა და მომღერალთა ანსამბლები. ეს კულტურული ცენტრი ხელოვნების თითქმის ყველა დარგს აერთიანებს. თეატრის, ცეკვისა და სიმღერის გარდა, ემიგრანტი მოზარდები ბალეტს, მსახიობის პროფესიასა და ხელოვნების სხვადასხვა დარგს ეუფლებიან".

რეპეტიციის დასრულების შემდეგ ცუცამ და ხათუნამ სტუმრებს ჩვეული იუმორითა და ქართული წითელი ღვინით გვიმასპინძლეს.

ცუცა კაპანაძე: - "თეატრის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია. მანჰეტენზე ერთ-ერთ ოჯახში ვმუშაობ. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ, ხანდაზმული ქალბატონი გარდაიცვალა, ახლა მის 93 წლის მეუღლეს ვუვლი. მიხარია, რომ ბაბუს ძალიან ვუყვარვარ. ქართული კულტურის ცენტრში გენერალური მენეჯერიც ვარ. მუხლჩაუხრელად ვშრომობ, არ მაქვს დასვენების დღე. ზუსტად 11 წლის წინ ჩამოვედი ამერიკაში და 6 თვეში უკვე მქონდა ე.წ. მწვანე ბარათი. მაშინ ძალიან გამომადგა საქართველოს ექსპრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადმოცემული ღირსების ორდენი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არავითარი ღირებულება არ აქვს. შემდეგ მოქალაქეობა მომანიჭეს.

როდესაც გავედი გასაუბრებაზე, სავალდებულო და დამატებით კითხვებს ვუპასუხე და საემიგარციო სამსახურის ოფიცერმა მომილოცა მოქალაქის სტატუსის მინიჭება, ნამდვილი ქართული ქცევა გამოვავლინე, უფრო სწორად, გადავწყვიტე, ზემოიმერულად გადამეხადა მადლობა და ინგლისურად ვკითხე, თუ შეიძლება გაკოცოთ-მეთქი. იმდენად კურიოზული სიტუაცია შეიქმნა, რომ უხერხულად დამთანხმდა... ამერიკულ ცხოვრებასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. აქ უცხოელი პროფესიონალი არ ხარ... აუცილებელია, ამერიკული განათლება. ერთ-ერთ სამსახიობო სტუდიაში თავისუფალი მსმენელი ვიყავი, მაგრამ როდესაც მონოლოგის წაკითხვა დამავალეს, ენის ბარიერის გამო ვერ შევძელი. მითხრეს, შექსპირის ენით ისაუბრეო... თუმცა, ვთვლი, რომ გამიმართლა, ამერიკაში ცხოვრობს ძალიან ნიჭიერი რეჟისორი ქეთი ორჯონიკიძე. მან 2013 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ნანა" ემიგრანტ ქალზე. მე მთავარი როლი ვითამაშე. ფილმმა ნიუ-იორკის ფესტივალზე პრიზი მიიღო. მითხრეს, საუკეთესო მსახიობის ნომინაცია რომ ყოფილიყო, აუცილებლად გაიმარჯვებდითო... ამ ფილმმა კანადის კინოფესტივალზეც, მთავარი პრიზი მოიპოვა. შემდეგ "ნანა" ბერლინის კინოფესტივალზე მოხვდა.

ფილმი ინგლისურენოვანია. მახსოვს, გადაღების დროს ორ თვეში 40 გვერდი ტექსტი ზეპირად ვისწავლე. მაშინ ებრაელი მოხუცების ოჯახში ვმუშაობდი. ისინიც ძალიან დამეხმარნენ მეტყველების გამართვაში.

საქართველოში კახა კიკაბიძის ორ ფილმში "ტბა" და "ღამე" ვითამაშე. "ტბა" 16 კინოფესტივალის პრიზიორია. კახა კიკაბიძემ მესამე ფილმში თამაშიც შემომთავაზა. ამის გამო ცხრა წლის შემდეგ ჩავედი სამშობლოში..."

ასე უყვართ, ენატრებათ და ქართულ საქმეს უძღვნიან ქართველები ოკეანეს გადაღმა. შინ დაბრუნებამდე კი უცხო მიწაზე ქართულად ცხოვრობენ და შორეულ ამერიკაში პატარა საქართველოს ქმნიან...

თორნიკე ყაჯრიშვილი